Quantcast
Channel: "მარანი" - ღვინის პორტრეტები
Viewing all 457 articles
Browse latest View live

ღვინის პორტრეტები. ლადო უზუნაშვილი

$
0
0

ქეთო ნინიძე
კლასიკური ზღაპრის,  ეპოსის, თუ რომანის ფაბულა ტიპური ელემენტებისგან შედგება - გმირის გასვლა საწყისი წერტილიდან, თავგადასავალი და კვლავ საწყის წერტილთან მიბრუნება. ეს საწყისი შეიძლება, იყოს სამშობლო, ღმერთი, საკუთარი თავი, ან სხვა ცვლადი იდეა, გააჩნია, რა პერსპექტივაში დავინახავთ ამბავს. 

ამბავი, რომლის პერსონაჟია ქართველი ენოლოგი და ღვინის ექსპერტი, ლადო უზუნაშვილი, ჩემი აზრით, გვიანდელი შუა საუკუნეებიდან იწყება და უწყვეტია, დღემდე გრძელდება - სულ სხვა დროსა და გარემოში; რაინდთა ბრძოლებიდან - Web 2.0-მდე. 

„საწყისი“ სოფელი მუკუზანია, საქართველო, სადაც დაიბადა ორი ძმა - შიო და მახარე. ამბის განვითარებას მივყავართ ძმების გმირულ დაცემამდე ერეკლე მეორის ჭარელებთან ბრძოლაში და მათი დის, მარიტას გულმხურვალე ჰანგებამდე - „გაფრინდი, შაო მერცხალო, / გაჰყე ალაზნის პირსაო“, ეს ჰანგი, როგორც გენეტიკური კოდი, ჯერ ქიზიყის მცხუნვარე ნიადაგიდან ამოიზრდება და თავს შეგვახსენებს გონაშვილის სევდიანი და ზუსტი, ურყევი მელიზმებით, შემდეგ კი - როგორც მიწისქვეშა დინება, ჩვენი გმირის ქიზიყური ფესვების სიმებსაც აახმიანებს და ეს გენეტიკური მეხსიერება მოსვენებას არ აძლევს, ისწავლოს, შეიმეცნოს ეს ხელობა, დაოსტატდეს, მოედოს მსოფლიოს ათას ქვეყანას, რათა საბოლოოდ ისევ კახეთს, წინაპართა სოფელ მუკუზანს, მიწისა და მზის ენერგიას, ვაზს, ღვინოს - ანუ, სათავე-ფენომენს დაუბრუნდეს. ასე უბრუნდებიან ამ ფაბულაში შიო და მახარე საწყისებს - იმ მატერიალურ სახეს (ღვინო), რომელშიც გენი ყველაზე უნარიანი აღმოჩნდა. 

ეს ფაბულა - მოკლედ. 

რომელსაც თუკი მაკრო ობიექტივში გავხედავთ, რამდენიმე კონკრეტული ადამიანის ცხოვრების ტრაექტორია იხაზება, ჩვეულებრივ კი - ქართული ყოფითი კულტურის, ქართველი კაცის მიწისა და ღვინისადმი დამოკიდებულება. 

რაც შეეხება, ღვინოებს - „შიოსა“ და „მახარეს“, პირველი მათგანი კომპანია „მუკადოს“ დამფუძნებლის, წარმოშობით მუკუზნელი ლადო უზუნაშვილის „პირმშოა“, მეორე კი - „ძმა“, რომელიც უახლოეს მომავალში დაიბადება. მეღვინეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ისტორიისადმი, საიდანაც ნებისმიერი ამბავი, შეიძლება, მისი ინსპირაციის წყარო გახდეს. ისტორია მისთვის არ არის ფაქტების ჯამი, არამედ ეს ტრადიციებისა და ღირებულებების უწყვეტი ჯაჭვია, ცოცხალი იმპულსია, რაც შეიძლება მის ნებისმიერ ახალ პროდუქტში ამეტყველდეს. 

ლადო უზუნაშვილის ბიოგრაფია ღვინის სფეროში 1980 წლიდან, მუკუზნის ღვინის მეორე საწარმოდან იწყება. მოტივირებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ქარხანაში ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა, მოსკოვში განათლების მისაღებად თვითონ საწარმოდან წარადგინეს. ლადო უზუნაშვილმა მოსკოვში, კვების მრეწველობის ინსტიტუტში, მრეწველობის ფაკულტეტზე ჩააბარა და 5 წელიწადში დაასრულა ბაკალავრიატი მეღვინის კვალიფიკაციით. საბჭოთა განათლების სისტემა საკმაოდ ღრმა, ფუნდამენტურ განათლებას აძლევდა მომავალ მეღვინეებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მისი ეს ცოდნა და სააზროვნო კატეგორიები სამომავლოდ, საკმაოდ ადვილად „გადაითარგმნა“ ავსტრალიური დარგობრივი ცოდნის „ენაზე“. გარდა ამისა, მაშინდელი სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში კათედრაზე დარჩენა დიდი პრესტიჟის საქმე იყო, რისი შეთავაზებაც მას მეხუთე კურსზევე ჰქონდა, თუმცა საბჭოთა კავშირში ასპირანტობასა და სამეცნიერო ხარისხის მიღებას მან ამ სააზროვნო წრის გარღვევა არჩია. იტალიაში სწავლის გაგრძელებისა და პრაქტიკის გავლის პირველი მცდელობა წარმატებული არ იყო, რადგან ეს პერიოდი დაემთხვა საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესს და ამ მყიფე, იდეოლოგიურ საყრდენებგამოცლილმა ბიუროკრატიულმა ხუხულამ მაინც შეძლო, რომ ნიჭიერი, სწავლასა და შემეცნებას მოწყურებული ადამიანი დატოვა როგორც ადგილობრივი მეცნიერული კვლევების, ისე - იტალიური განათლების გარეშე. 

ფრუსტრაციის მიუხედავად, ლადო უზუნაშვილი აგრძელებდა ფიქრს, როგორ შეეღწია იმ ქვეყნებში, სადაც მეღვინეობის მდიდარ და ახალ გამოცდილებებს ეზიარებოდა. ის მუდამ მიილტვოდა მეცნიერული კვლევის, აღმოჩენის, ძიების, ახლის შემეცნებისა და განვითარებისკენ. არ აკმაყოფილებდა ცოდნა, რასაც ფლობდა და გახსნილი იყო იმ გამოწვევების მიმართ, რასაც მეღვინეობის სფეროს წინაშე აყენებდა, ერთი მხრივ, დასავლეთ ევროპის, მეორე მხრივ კი  - ახალი მსოფლიოს ღვინის - ქვეყნები. ამიტომ მალევე გააგზავნა საბუთები რამდენიმე ასეთ ქვეყანაში. დადებითი პასუხი მიიღო ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ავსტრალიიდან, რაზედაც მან, საბოლოოდ, თავისი არჩევანი შეაჩერა. 

ავსტრალია კულტურული შოკის მიზეზი აღმოჩნდა იმ ადამიანისთვის,  ვისი ინგლისურიც ზუსტად იმდენად იყო გრამატიკულად მოპირკეთებული, რამდენადაც არაადეკვატური - ინგლისურენოვან სახელმწიფოში საკომუნიკაციოდ. ამ პერიოდს ის იუმორით იხსენებს. რაც შეეხება, კომპიუტერულ უნარებს, რა გასაკვირია, რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქისთვის ღილაკზე თითის დაჭერა, უფრო მეტად, ბირთვულ კატასტროფასთან ასოცირდებოდა. ავსტრალიის საემიგრაციო ორგანიზაციის ხელშეწყობით ლადო და მისი ოჯახის წევრები სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით დაეუფლნენ ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს. თავად ლადომ კი გაიარა ინტენსიური კურსები, რათა ფსიქოლოგიურად მზად შეხვედროდა და უკეთ გაცნობოდა ახალ სოციალურ და კულტურულ გარემოს, მის სტრუქტურასა და ხასიათს.   

ავსტრალიაში სულ მალე ის „ანგოვის“ ღვინის საწარმოში მიიღეს, მაგრამ გული კვლავ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისკენ მიუწევდა. მეცნიერება და ახლის აღმოჩენით მიღწეული სიხარული, ისევე, როგორც მოგზაურობა - მისი ცხოვრების მთავარი ვნება იყო. ამ ვნებამ მიიყვანა ის მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში, სადაც აკვირდებოდა ღვინოების სრულყოფის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებს, მათი არასტაბილობის მიზეზებს, ჯიშების მახასიათებლებისა და ღვინოების სტილისტიკის შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების შექმნასა და შერჩევას. კვლევით ცენტრში ის იყენებდა ბიბლიოთეკათა მდიდარ ბაზებს და საკუთარი პროფესიული აზროვნებისა და ხედვების ჰორიზონტს აფართოებდა. 

უკვე 1997 წლიდან მან საკუთარი საკონსულტაციო იურიდიული პირი დააარსა „Lado Wine Consulting“, რომელსაც დღეს უკვე დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი წარმატებები დაუგროვდა. ავსტრალიაში, საფრანგეთში, მაროკოში, იაპონიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს Lado Wine Consulting კონსულტირებას უწევს  პროდუქტის ხარისხისა და მარკეტინგის საკითხებთან დაკავშირებით. მის პროდუქტებს 150-ზე მეტი ოქროს მედალი აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსზე. 

1997 წელსვე ავსტრალიისა და იაპონიის ერთობლივ პროექტში ავსტრალიის მხარემ ლადო უზუნაშვილის ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშნვა გადაწყვიტა, თუმცა ამას წინ ეღობებოდა საკანონმდებლო შეზღუდვები, რასაც ის არამოქალაქე რეზიდენტებს უწესებდა. მიუხედავად ამისა, იმდენად მაღალი იყო უზუნაშვილზე მოთხოვნა აღნიშნულ პროექტში, რომ  სახელმწიფომ იგი კანონით დადგენილ ორ წელიწადზე ადრე აღიარა ავსტრალიის მოქალაქედ.

შემიძლია, ჩამოვთვალო საერთაშორისო მეღვინეობის კომპანიებისა და ამავე პროფილის ორგანიზაციების ვრცელი ნუსხა, სადაც ლადო უზუნაშვილი მუშაობდა, როგორც ღვინის ექსპერტი, ან მთავარი მეღვინე - ავსტრალიაში, საფრანგეთში, იაპონიაში და სხვ.  თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ ტექსტის მიზანი არ არის, მისი გმირი ლათინური შრიფტის კორიანტელის დამაინტრიგებელ ბურუსში გაეხვეს. ამ პორტრეტის გზავნილი ძალიან მკაფიო და პრაგმატულია (არა - პრაქტიკული, ან მატერიალისტური, არამედ, სწორედ - პრაგმატული) – გამოცდილება, რასაც ის აგროვებს, საკუთარ გარემოს, თავისსავე ქვეყანას მოახმარს. 

სიმბოლური კაპიტალი (ცოდნა, უნარები, აღიარება), რაც ლადო უზუნაშვილმა ამ 35 წლიანი გამოცდილებით დააგროვა, მან მიმართა მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. დიდი ხანია, სპეციალური აუდიტორიებისთვის ის უძღვება სემინარებსა და მასტერკლასებს ქართული ღვინის შესახებ, სადაც საუბრობს არამხოლოდ მეღვინეობის უდიდესი ტარდიციის, ჯიშური მრავალფეროვნებისა და ქვევრის ტექნოლოგიის შესახებ, არამედ - უღრმავდება თითოეულ დეტალს, ტექნოლოგიური ასპექტებიდან, კულტუროლოგიურ საფუძვლებამდე - ისტორიამდე და ტერმინოლოგიამდე, თავისი ლექსიკოლოგიური და სემანტიკური ასპექტებით. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ცალკე აღნიშნვას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ავსტრალიური ბრენდი Hugh Hamilton საფერავთან დაამეგობრა ლადო უზუნაშვილმა. ამ ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ამბავს თვითონ საკმაოდ მხიარულად იხსენებს - როგორ ჩაიტანა საქართველოდან ავსტრალიაში პლასტმასის საცობიანი ბოთლით ოჯახური წარმოების საფერავი დაძმარებული და მიუხედავად ამისა, როგორი აღფრთოვანება გამოიწვია ღვინომ იქაურ პროფესიონალთა შორის. ავსტრალიელ მეღვინეებს, მომატებული მქროლავის მიუხედავად, არ გასჭირვებიათ საფერავის გემოვნური პოტენციალის აღმოჩენა, რასაც მალევე  მოჰყვა საფერავის ავსტრალიური წარმოება Hugh Hamilton-ის ბრენდის ქვეშ, რაც დღემდეც წარმატებით გრძელდება.   

ტკბილი ლუკმა ბოლოსკენ მოვიტოვეთ - ლადო უზუნაშვილის, როგორც მეღვინის საქმიანობა საქართველოში.  შეიძლება ითქვას, რომ ღვინის მწარმოებელი დიდი და გამოცდილი კომპანიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა „მის ხელში გაიარა“. ლადო უზუნაშვილმა, აღნიშნულ მწარმოებლებთან წამყვან პოზიციებზე თანამშრომლობისას, შექმნა კომპანიების - GWS-ის, „შატო მუხრანის“, „ოროველას“ - პორტფელები. ის აყალიბებდა ღვინოების სტილისტიკის ბრენდულ-გემოვნურ დიზაინს. „შატო მუხრანის“ შემთხვევაში ცალკე აღნიშნვას იმსახურებს ის ფაქტი, თუ რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის ლადო უზუნაშვილს კომპანიის წინაშე, საქმიანობის თითოეულ ეტაპზე, კონცეფციის შემუშავებიდან - ტექნოლოგიურ სრულქმნამდე, იმ ბრენდის განვითარებაში, რომელიც „შატო მუხრანის“ სახელს ატარებს. რაც შეეხება მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას - „მუკადო“, ბრენდის თითოეული შტრიხი - სიმბოლო, გზავნილი, დიზაინი და სტრატეგია ღრმად გააზრებულ ხედვის ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ საქართველოს ისტორიიდან, აქაური კულტურიდან ამოიზრდება. 

„ჩვენს მეღვინეობას ქართველობა უნდა ახლდეს. არამარტო იდეა, ხერხემალი! თავიდან ბოლომდე! საფუძვლიდან დაწყებული - აშენებული აი, იმ ხერხემალზე და მომავლის ხედვაც, რა თქმა უნდა. ა-დან ჰაე-მდე უნდა იყოს ქართველობა დაცული!“  - ამბობს  ლადო უზუნაშვილი გულწრფელი და გადამდები მღელვარებით. ამ დროს, მსოფლიოში კარგად ცნობილი, წარმატებული ქართველი მეღვინის ხმა, რაღაც ძალიან შორეულ ემოციურ განწყობას გადმოსცემს და ეს ინფორმაცია, ჩემი აზრით, მისი წინაპრების, ალესანდრე ჭავჭავაძის მეღვინე - ჭუნიაშვილების მოუღალავი გენია, რომელთა ორსაუკუნოვანი ტრადიციის უწყვეტად გამგრძელებელია ის დღეს.

© საქართველოს ღვინის კლუბი

ღვინის პორტრეტები. გიორგი დაქიშვილი

$
0
0

ქეთო ნინიძე

გიორგი (გოგი) დაქიშვილი ოცი წელია, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მუშაობს. დღეს ის „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მთავარი მეღვინეა.

სამი შვილის მამაა და როცა ვეკითხები მათი ოჯახური მეღვინეობის სამომავლო გეგმების შესახებ, ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად მპასუხობს, რომ მისი დიდი სურვილის მიუხედავად, აღეზარდა მომავალი მეღვინეები, არასდროს ჩარეულა და არც აპირებს, ჩაერიოს შვილების გადაწყვეტილებებში. 

თუმცა, როგორც ჩანს, გოგის ლიბერალურმა დამოკიდებულებამ და მისმა პერსონალურმა მაგალითმა უფრო კარგად იმუშავა და უფროსმა შვილმა, თემურ დაქიშვილმა თავისი ცხოვრება - განათლებითა და საქმიანობით - ღვინოს დაუკავშირა. მან შექმნა საინტერესო ბრენდი „Vita Vinea“. ამაზე - მოგვიანებით, ცალკე ვისაუბროთ. 

როდესაც ოჯახურ ტრადიციებზე ვსაუბრობ, გოგის გარდა, ცხადია, მოვიაზრებ მის ვაჟს, თემურს, უკვე დამოუკიდებელ მეღვინეს და გოგის მეუღლეს, ილონა დაქიშვილს. მათ ოჯახს კი, თავის მხრივ, ახლო და შორეული წინაპრების უწყვეტი ტრადიცია უდევს საფუძვლად. 

გოგის მამა, თემურ დაქიშვილი ქისტი იყო წარმოშობით, პანკისიდან, სოფ. ჯოყოლოდან. აღმსარებლობით - ქრისტიანი. მამაც მეღვინე იყო და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოესწრო შვილის მოღვაწეობას ამ სფეროში, ადრეული წლებიდანვე დიდი როლი ითამაშა მისი ხედვების ჩამოყალიბებაში. პაპა, სიმონ დაქიშვილი, ჯოყოლოს ეკლესიის მღვდელი, წითელი რეპრესიების დროს დახვრიტეს. დედის მამა, მევენახე და მეღვინე, არჩილ ჭუაძე, ახმეტაში ცხოვრობდა. მას მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაშენებული ვენახი ჰქონდა და აქ მოწევნილი ყურძნით აყენებდა ღვინოს თავის უძველეს მარანში, სადაც მე-18 საუკუნის ქვევრები იყო დარგული. გოგის დღემდე ცხადად ახსოვს ბავშვობის პერიოდის ყველა რთველი, როგორც დიდი ზეიმი. 5-6 წლის ასაკში მოხდა მისი „ინიციაცია“, როცა პაპამ პირველად დააწურინა საწნახელში  ყურძენი. ამის შემდეგ ის რთველსა და მაჭრის გადაღების პროცესში მონაწილეობდა, როგორც პროცესის ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრი. ამ დღეების სურნელი და არომატები კი ღრმად და საფუძვლიანად დაილექა მის მეხსიერებაში.  

გოგის დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ენოლოგიის ფაკულტეტი უკრაინაში, ქ. ოდესაში. აქ მან ისეთი ენოლოგის სკოლა გაიარა, როგორიც იყო პროფესორი რუსაკოვი, საბჭოთა კავშირში განთქმული გერასიმოვის მოწაფე. რუსაკოვის დეგუსტაციებს გოგი იხსენებს, როგორც არტისტულ პროცესს, მასტერკლასსა და სანახაობას, რომელსაც არამხოლოდ ენოლოგები, არამედ - სხვა სპეციალობის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. რუსაკოვი იყო გიჟი დეგუსტატორი, ვისაც შეეძლო ღვინის არომატების მიხედვით საოცარი ნიუანსების ამოცნობა, მაგალითად, რა ეტაპები ჰქონდა გავლილი ყურძენს ვენახში, როდის მოუწია წვიმამ და მსგავსი მისნობები.

უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ გოგიმ განაგრძო ისეთივე მიზანმიმართული შრომა, როგორც - მანამდე, ბავშვობაში. პატარაობაში ის ქიმიას და ბიოლოგიას განსაკუთრებული ენთუზიაზმით სწავლობდა, რომ მეღვინე გამხდარიყო. ასევე მიზანმიმართულად მან 1995 წელს თელიანის სახელმწიფო ღვინის საწარმოში მუშად დაიწყო მუშაობა. მალევე დაწინაურდა - ერთი წლის შემდეგ გახდა მუშა-ბრიგადირი, წლის ბოლოს კი - უკვე - მეღვინე ტექნოლოგი. ამ პერიოდში მისმა მეგობრებმა დააარსეს კომპანია „თელიანი ველი“, სადაც 1997 წელს მიიწვიეს და 2009-მდე მუშაობდა.

2000 წელს აშშ-ში, ქალაქ დევისში, კალიფორნიის უნივერსიტეტში გაიარა საფუძვლიანი ტრენინგები, სადაც გაეცნო თანამედროვე მეღვინეობის უახლეს ტრენდებს. ეს სწორედ ის ეტაპია საქართველოში, როცა მრეწველობის სხვადასხვა დარგები, მათ შორის მეღვინეობა, 90-იანი წლების კრიზისული პერიოდიდან ცდილობს „გამოძვრომას“ და თანამედროვე მრეწველობისათვის ფეხის აწყობას.  

გოგი დაქიშვილს სხვადასხვა დროს უმუშავია ღვინის სხვადასხვა კომპანიებში - „თელიანი“, „თელიანი ველი“, „წინანდალი“, „მილდიანი“, „ვინოტერა“. „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ ის დაარსების დღიდან, 2008 წლიდან მუშაობს მთავარ მეღვინედ და საკუთარ გამოცდილებას, რაც მოგზაურობებისა და მსოფლიო ღვინის კერების ტრადიციებთან მიახლოების შედეგად დაუგროვდა, ფრთხილად და  მოზომილად ცდის საკუთარ პრაქტიკაში. თუმცა, როდესაც ენოლოგიის თანამედროვე მიდგომებისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ ვეკითხები, ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქართული მეღვინეობის ტრადიციისათვის „კარგად დავიწყებული ძველია“. ეს, რაც შეეხება, ღვინის წარმოების ტექნოლოგიას. გარდა ამისა, ცხადია, არსებობს შავი ხვრელებიც, მაგალითად, მარკეტინგი, სადაც ქართული ღვინის წარმოება მეტად განვითარებას, საერთაშორისო პრაქტიკებთან დაახლოებას საჭიროებს, არა პირდაპირი კალკირების ფორმით, არამედ - ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. 

და აი, მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - ქვევრის ღვინო, რასაც ის უყურებს, როგორც ელიტურ პროდუქტს - ვიწრო, მაღალ სეგმენტზე ორიენტირებულ ღვინოს, რომელიც არასდროს გაუყადრებს თავს სუპერმარკეტის ვიტრინებს. ქვევრის ღვინო არც რაოდენობრივად და არც თვისებრივად არ პასუხობს მასობრივ გემოვნებას. მეღვინეს ის ფაქტი ახარებს, რომ მსოფლიოში ჩამოყალიბდა ქვევრის ღვინის გულშემატკივართა გარკვეული წრე, საიდანაც საერთაშორისო ღონისძიებებზე ყოველი ახალი ვინტაჟის ღვინოებს ყოველწლიურად ელოდებიან, გამოთქვამენ მოსაზრებებს მათ შესახებ, ინიშნავენ გემოვნურ თავისებურებებს, მოკლედ, პროცესს აკვირდებიან. 

გოგის ამოცანაა, უპასუხოს სხვადასხვა გემოვნების მოთხოვნას - შინ და გარეთ, ამიტომ ქმნის მრავალსახოვან სტილს - ქვევრის სხეულიანი და ინტენსიური ღვინოებიდან - მსუბუქ ევროპულ თეთრებამდე. თუმცა, მისი დიდი გატაცება, როგორც აღვნიშნეთ, ქვევრია. ის ერთადერთი მეღვინეა საქართველოში, ვინც გარისკა და ქვევრის წარმოებას განსაკუთრებული მასშტაბები შესძინა. დღეისათვის ის აწარმოებს 150 000 ლ-მდე ქვევრის ღვინოს - რქაწითელს, მწვანეს, ქისსა და წითლებიდან - რა თქმა უნდა, საფერავს. 

გოგი დაქიშვილის მთავარი ფოკუსი, საბაზისო პრინციპია ის, რომ ღვინის წარმოება ვენახიდან იწყება. მისი თქმით, მაღალი ხარისხის ყურძენი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ღვინის წარმოების პროცესს ნაკლები ჩარევა დასჭირდეს, უშუალოდ, საწარმოში. დღეს ყველა განვითარებული ქვეყნის მეღვინეობა ამ პოზიციაზე დგას, რომ ღვინის ხარისხი 80 %-ით ყურძნისაზეა დამოკიდებული. ამიტომ ის საჭიროდ თვლის, რომ თითოეულ მწარმოებელს ყურძნის ნედლეულის საკუთარი მიწოდება ჰქონდეს, თავად იყოს ყურძნის დამწიფების პროცესის დამკვირვებელი და მოსავლის აღების პროცესში - გადაწყვეტილების მიმღები. ის ვენახში არასდროს იყენებს ჰერბიციდებს და მაქსიმალურად ცდილობს, აარიდოს თავი სისტემურ პრეპარატებს. გოგი დაქიშვილი არ არის მეღვინე, ინსტრუქტორი, ვინც საწარმოს კედლებს არ გასცდება. ის მნიშვნელოვან დროს ატარებს ვენახშიც. აკვირდება ვაზის განვითარებას, უშუალოდ მეთვალყურეობს მუშების საქმიანობას, რასაც, დამეთანხმებით, დიდი ნებისყოფა სჭირდება ასეთი მასშტაბის წარმოების შემთხვევაში.

გოგი თავისი ოჯახით თელავში ცხოვრობს და თავისუფალ დროს, როცა სამსახურში არ არის, საკუთარ ვენახში მუშაობს თემურთან ერთად.  მამისა და უფროსი ძმის საქმიანობაში ჩართულია მისი უმცროსი ვაჟი, დავითი, რომელიც დიდი სიხარულით ეგებება მათ დავალებებს - ეხმარება მცირე ქვევრების დარეცხვაში, მარანსა და ვენახში. 

ეს მართლაც, საინტერესო პორტრეტია, სადაც ერთმანეთს ხვდება ტრადიცია და ახალი პრაქტიკები, ნატურალური ესთეტიკა და მეცნიერული წესრიგი. ამ შემთხვევაში ღვინო ადამიანისთვის უაღრესად საპატიო საქმეცაა, ტრადიციების გაგრძელებაც და სულიერი ეკოლოგიის ნაწილიც. 

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის პორტრეტები. სოლომონ ცაიშვილი

$
0
0

ქეთო ნინიძე

შემიძლია, ზუსტად გითხრათ, რომ დიდი ხნის წინ ვერც  ბატონი სოლიკო - ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი და ვერც მე, ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი, ფილოლოგი - ვერ ვიფიქრებდით, რომ ერთ დღესაც შევხვდებოდით ერთმანეთს და ვისაუბრებდით ნატურალურ ღვინოზე; ის, როგორც გამოცდილი ნატურალისტი მეღვინე, მე - როგორც ადამიანი, რომელიც ღვინოზე წერას ცდილობს. მაგრამ ეს ისტორია იმდენად არის შემთხვევითობებზე აგებული, რომ ეს სასიამოვნო დამთხვევაც, ერთგვარ, კანონზომიერებად მივიღე. 

კონტექსტი:

სოლიკო ცაიშვილი ლიტერატორების გარემოში გაიზარდა. მისი ბაბუა - სოლომონ ცაიშვილი ქართული ლიტერატურის, ფოლკლორისა და პედაგოგიკის მკვლევარი იყო, იონა მეუნარგიას მოსწავლე. მამა - ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი სარგის ცაიშვილი შუა საუკუნეებისა და რუსთველის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მკვლევარი საქართველოში და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. თავად ბატონი სოლიკო განათლებით  ფილოლოგია და იმდენად წარმატებული თავის სფეროში, რომ 26 წლის ასაკში „ვეფხისტყაოსანზე“ დისერტაცია აქვს დაცული. ის იკვლევდა და თარგმნიდა გერმანულ ლიტერატურასაც, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს. დიდი ხნის მანძილზე მისთვის ლიტერატურა იყო თვითგამოხატვის საშუალებაც, დიდი გატაცებაცა და  სააზროვნო სისტემაც. 

ნადიმი

ნადიმის ტრადიცია ჩვენში მე-19 საუკუნიდან, სხვადასხვა, მათ შორის, საკმაოდ უცნაური ფორმებითაც,  განვითარდა. ერთხანს ის ჩვენი ჩრდილოელი „უფროსი ძმების“ ჯვრებისა და ეპოლეტების ხმით აჟღარუნდა, პარალელურად, ჩარჩ-ვაჭრებისა და ხელოსნების ქალაქური ორგიების ხვევნა-კოცნიან ჯიგარში დაიფერფლა. შემდეგ კი - ოცდაჩვიდმეტმანეთიანი ვოიაჟების გმირი მამრების (ქმრებისთვის ყანწების (რქების) დამდგმელ ქერათა ყველაზე გროტესკული რაინდების) სახალისო გასართობად იქცა. 

თუკი საბჭოთა მეინსტრიმს დავივიწყებთ, იყო ოჯახები თბილისში, რომლებმაც შეინარჩუნეს ნადიმის ის ტრადიცია, სადაც მთავარი იყო ურთიერთობა, მეგობრობა, სილაღე, მოსმენა და საუბრები. ამგვარი ნადიმების მომსწრეა ბავშვობაში სოლიკო ცაიშვილი. როგორც თავად ამბობს, მამამისს საქართველოს ყველა მხარეში ჰყავდა ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც ბუნებრივ, ოჯახში დაყენებულ ღვინოებს უსახსოვრებდნენ ცაიშვილებს. ამიტომაც, სოლომონმა ბავშვობაშივე გაუგო გემო ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშებისგან დაწურულ ღვინოებს, როგორიცაა გურული ჯანი, სხილათუბანი...  ჩხავერი, თავისთავად. 

„ღვინო ჩემთვის ურთიერთობის საშუალებაა“ - ამბობს სოლიკო ცაიშვილი. მართლაც, ასეა, ოჯახურ ნადიმებშიც და ღვინის წარმოებაშიც ის თავის მეგობრებთან ერთადაა. ღვინის ბრენდის მთავარი გზავნილიც ესაა - „ჩვენი ღვინო“. 

ღვინის სმა, ნადიმი - როგორც ურთიერთობა შეამზადებს, განაწყობს ადამიანს მჭვრეტელობითი სიამოვნებისთვის, დიალოგისთვის, საკუთარი თავიდან „გასვლისა“ და სხვადქცევისთვის. 

მოემი და გოგენი

80-იანი წლების ბოლოს, როცა სახელმწიფო წარმოების ღვინის მოხმარება შეუძლებელი გახდა მისი ხარისხის დრამატულად დაცემის გამო, სოლომონმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, თავად დაეყენებინათ ღვინო, საკუთარი მოხმარებისთვის. 

პირველი ღვინო, რომელიც თბილისში, მეგობრის სიმამრის საკუთარი სახლის ეზოში დაკრეფილი ყურძნით დაწურეს, კარგი გამოუვიდათ, როგორც ყველაფერი პირველი. მაგრამ არც დაყენების მეთოდის შესახებ ჰქონდათ რაიმე წარმოდგენა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ის იცოდნენ, რა ჯიშის ყურძენი დაწურეს. რამდენიმე წლის მანძილზე აყენებდნენ ღვინოს ასე, მეგობრებისთვის. თუმცა, მალე შინაურული ლხინი და საღერღელაშლილი პოლიფონიური სიმღერები ტყვიების მონოფონიურმა და სწორხაზოვანმა ზუზუნმა გადაფარა. ხალისიანი თრობის განწყობაც განელდა ომისდროინდელი „კერასინკებით“ გაჭვარტლულ ქალაქში. 

2000-იანი წლების დასაწყისიდან, როცა თბილისიც აენთო და იმედებიც ჩაისახა აქაურებში, ბატონმა სოლიკომ თავის ერთ-ერთ მეგობართან ერთად კვლავ წამოიწყო ღვინის წარმოება. ეს უკვე კარგად გააზრებული და შედარებით შორსმიმავალი ხედვა იყო და ამ კეთილშობილი ხელობით ორმაგი სარგებლის მიღებას გულისხმობდა - ღვინოსთან, ვაზთან ურთიერთობის სიამოვნებასა და მცირედ შემოსავალს. 

სულ მალე რამდენიმე მეგობარმა გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში შეიძინა პატარა სახლი და ვენახი, სადაც დააწესეს მორიგეობა და ჩვენს გმირსაც სულ უფრო ხშირად უხდებოდა იქ სამუშაოდ ჩასვლა. 42 წლისა, ამ საქმის დაწყებიდან 1-2 წელიწადში, მიხვდა, რომ ვენახის გარეშე ვეღარ ძლებდა, გულს ვეღარ უდებდა წინანდელ საქმეებს. როგორც თავად ამბობს, იგრძნო, რომ ეს იყო დიდი სიყვარული, ვნება, რომელიც ადამიანს უარს ათქმევინებს ცხოვრების წესზე, საკუთარ თავზე. ასე დატოვა სოლომონმა თავისი ლიტერატურული საქმიანობა და რაღაც / ვიღაც მეტად  მშფოთვარესა და დაუნდობელს „გადაეკიდა“. ალბათ, ჩარლს სტრიკლენდის მისტიფიკაციაც გაგახსენეთ „მთვარე და ექვსპენიანიდან“ - სინამდვილეში, პოლ გოგენის ამბავი, რომელიც საკუთარ თავს იპოვის ფუნჯის მარტივ მონასმებსა და მზის ენერგიით გაჟღენთილ ფერებში. მისი სოციალური და კულტურული კონტექსტისგან სრულიად შორს.

დღეს სოლიკო ცაიშვილი 5 ჰექტარ ვენახს უვლის (რა თქმა უნდა, დამხმარეებთან ერთად) და მიიჩნევს, რომ ვენახის მარტო დატოვება არ შეიძლება. ასე მოხდა 2008-ში, როცა იტალიაში ორკვირიანი აუცილებელი ვიზიტების გამო, თითქმის, მთელი ვენახი დაავადდა და „ჩვენი ღვინოს“ წარმოებას უსაშველოდ დიდი მატერიალური ზარალი მიადგა. 

შემთხვევითობა აბსურდის ელემენტებით

ამ ამბავს სოლიკო ცაიშვილის ბიოგრაფიიდან ბოლომდე მეგობრებიც ვერ იჯერებენ. საბედნიეროდ, არსებობენ მოწმეები. 

სოლომონი, რომელსაც ღვინის დავარგების ყველაზე საუკეთესო ჭურჭელი დიდხანს კასრი ეგონა, ერთხელაც, მეგობართან ერთად, ესტუმრა ცნობილ ენოლოგსა და სამტრესტის ხელმძღვანელს, ბატონ გოგი თუშმალიშვილს ღვინის ავკარგიანობის შესამოწმებლად. ცნობილმა ენოლოგმა გასინჯა სანიმუშო ღვინო და არც მეტი, არც ნაკლები, ასე უთხრა, მონდომებული კაცი ჩანხარ, ღვინო ქვევრში დააყენე, ნუ ჩაერევი, თავის გზას იპოვისო.

არ იყო ეს სამტრესტის ხელმძღვანელის სიტყვები, მაგრამ ფაქტია, რომ სოლომონ ცაიშვილმა ამ სიტყვების გავლენით დაიწყო ქვევრში ღვინის დაყენება. 

სოლომონი მეორედაც ესტუმრა ბატონ თუშმალიშვილს, ერთი წლის შემდეგ, ქვევრის სასინჯი ღვინოები მიუტანა. მან მეუღლე, ღვინის ლაბორატორიის თანამშრომელი, მოიხმო - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ეს ღვინო სულ მალე ძალიან კარგად გაიყიდებაო. 

Fortuna Respiciens

ზუსტად 8 თვეში ეს ნათქვამი ასრულდა.

2006 წელი იყო. მეგობრებს ჯერ კიდევ ძალიან ერთულებოდათ ღვინის გაყიდვა. ლიტრს 3 ლარად ძლივს ყიდდნენ, ისიც, ნაცნობებზე. ერთ საღამოსაც, როცა მის მეგობართან, გიორგი მაყაშვილთან ამ თემებზე სათათბიროდ იყვნენ შეკრებილები, გაისმა ზარი და მეგობრებმა შეიტყეს, რომ მათი ღვინით დაინტერესებულიყვნენ უცხოელები. შეხვედრა აღარ გადაუდიათ, მალევე მიიღეს ჟან ჟაკ ჯეიკობსი და ლუკა გარგანო. პირველი - საქართველოში მოღვაწე, ბევრისთვის კარგად ნაცნობი ფრანგი ფერმერია, მეორე კი - ღვინის ნეგოციანტი იტალიიდან, ნატურალური ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ქსელის - „ველიერის“ პრეზიდენტი. გარგანომ გასინჯა ღვინო და პირდაპირ, მთელი პარტიის შეძენა შესთავაზა.

რა თქმა უნდა, ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ შემთხვევამ მათ სრულიად ახალი სამყაროს კარი გაუღო. მაშინდელ თბილისში, სადაც თაღლითი საქმოსნები უფრო ინტენსიურად მოძრაობდნენ, ვიდრე - მუნიციპალური ტრანსპორტი, დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა  ბიზნესმენის წინადადება უცნობი ქართველების ღვინის დიდი რაოდენობით შეძენის თაობაზე. ამიტომ საკმაოდ გვიან მიხვდნენ, რომ მეწარმედ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ და საბანკო ანგარიში გაეხსნათ. გარგანო იმ დღეებში იაგო ბიტარიშვილსაც სტუმრობდა და იაგოს  ღვინოც ევროპელ ნატურალისტთა ოჯახს პირველმა, სწორედ მან გააცნო. 

ლუკა გარგანო ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო მსოფლიოში, ვინც ნატურალისტური ალკოჰოლური სასმელებისა და „Slow Food“-ის განვითარებას დიდი რესურსები მოახმარა. ის ძალისხმევას არ იშურებდა ქართული ნატურალისტური და ქვევრის ღვინოების პოპულარიზაციისთვის და დღეს თუ  ისინი აღიარებულია მსოფლიოში, როგორც მაღალი კლასის პროდუქტი, ამაში დიდი წვლილი, სწორედ, გარგანოს მიუძღვის.

2008 წელს სოლიკო ცაიშვილმა და ქართველმა ნატურალისტმა მეღვინეებმა, ლუკა გარგანოს დახმარებით, პირველად მიიღეს მონაწილეობა ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში. 2009 წელს მისივე ძალისხმევით, „ჩვენი ღვინო“ და „იაგოს ღვინო“ წარმოდგენილი იყო „Terra Madre“-ს გემოვნების სალონის გემოვნების ლაბორატორიაში. ეს ის სივრცეა, სადაც აფასებენ განსაკუთრებული გემოვნური თვისებებისა და ისტორიული მნიშვნელობის პროდუქტებს.

აქედან დაიწყო ქართული ნატურალური ღვინოების ტრიუმფი მსოფლიოს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ღონისძიებებზე. 

ლუკა გარგანო, დღესდღეობით, „ჩვენი ღვინოს“ ერთ-ერთი პარტნიორია და ქართველი ნატურალისტების დიდი მეგობარი. 

გველის მჭამელის საიდუმლო

სოლიკო ცაიშვილი გერმანული ენისა და ლიტერატურის მოყვარულია. გერმანულ კულტურაში ნატურფილოსოფიის, რომანტიზმის ღრმა და მდიდარი გამოცდილება არსებობს. ჰომეოპათური მედიცინაც აქ ყალიბდება, ამავე კონტექსტში. ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა ბუნებისადმი ეთიკური დამოკიდებულება. რაც სოლომონ ცაიშვილის, როგორც მევენახისა და მეღვინის ფილოსოფიაში პრინციპულ როლს თამაშობს. 

ბარათაშვილს ერთი ძალიან საინტერესო რომანტიკული ლექსი აქვს - „ჩინარი“ - „მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო / უასაკოთა და უსულთ შორის / და უცხოველეს სხვათა ენათა / არს მნიშვნელობა მათის საუბრის“ - ბევრი არც იცნობს, არასაპროგრამოა რატომღაც. ეს ლექსი რატომ გამახსენდა, მოგახსენებთ. 

როგორც ბატონი სოლომონი ამბობს, მისთვის, როგორც ლიტერატურის, პოეზიის მოყვარული ადამიანისთვის მცენარე და ბუნება აქამდე მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის საგანი იყო. ახლა კი მათი დამოკიდებულება ჩვეულებრივი, თანასწორი ურთიერთობაა. მათ ერთმანეთის ესმით, ერთ ენაზე ლაპარაკობენ. ბუნებრივია, აქ ვაჟა-ფშაველას მინდიას იგავიც გვახსენდება, მისი პოემების სხვა ტიტან გმირებთან ერთად. ურთიერთობა ასეთ სახეს იღებს - მევენახეს სპეციალური ხელსაწყოების მოშველიების გარეშე შეუძლია, ამოიცნოს, როდის შედის სრულ მწიფობაში ყურძენი და როდის დგება რთველის დრო. მისთვის  მთავარი ღირებულება ბუნების თვითმყოფადობაა, რაც არ უნდა შეაფერხოს ადამიანის ჭარბმა ზემოქმედებამ და ხელოვნურმა ჩარევამ. 

ნატურალისტური მეღვინეობა არის დაბრკოლებებით დატვირთული სვლა მწვერვალისკენ, სადაც დაზღვეული არასდროს ხარ ქვათაცვენისგან, ზვავისგან, ნაპრალში ან ხევში გადავარდნისგან. ღვინის ენაზე რომ ვთარგმნოთ, სეტყვის, დაავადების და დაძმარებისგან. ეს უაღრესად რთული მარშრუტი გიადვილდება, როცა შენთან ერთად, მწკრივში ჩაბმული არიან შენი მეგობრები. ვლადიმერ ვისოცკის ერთი სიმღერა გამახსენდა  „Пусть он в связке в одной с тобой - / Там поймешь, кто такой“. 

„ჩვენს ღვინოსაც“ ჰქონდა ძალიან რთული პერიოდები, რის წინაშეც შეიძლება მევენახე და მეღვინე დადგეს. 2005 წელს - მარნის გაძარცვა, 2008 წელს ვენახის დაავადება, 2009-სა და 2013 წლებში სეტყვა და წყალმოვარდნა. რომ არა ეს დაბრკოლებები, შესაძლებელი იქნებოდა ღვინის წარმოებისთვის აღებული კრედიტების დროული დაფარვა, მარნის კეთილმოწყობა, მცირე ტურისტული ჯგუფების მასპინძლობა.  თუმცა, მიუხედავად კრიზისული პერიოდებისა, არსებობს საერთო ნება და შეთანხმება მთავარი ღირებულებების გარშემო.

როგორც ბატონი სოლომონი ამბობს, ფილოსოფიური თემების მიღმა, საკითხი მარტივად დგას - ღვინო მისთვის უკეთესად ყოფნის საუკეთესო საშუალებაა. ვენახთან ურთიერთობისას კი - მინდიას დილემას - მომხმარებლობა, თუ თანაზიარობა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ წყვეტს. ამგვარი ურთიერთობის შედეგად იბადება სოლომონ ცაიშვილის ბუნებრივი, გემოვნური თვისებებით მდიდარი, ხასიათიანი ღვინოები.

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

მოგზაურობა ღვინის სულის მისაკვლევად

$
0
0

თომას ბრანდლი

„უკან, ფესვებისკენ“:  ქვევრისღვინოები სრულიად ცალკე კატეგორიას წარმოადგენს და იგი დიდი ხანი არ არის, რაც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას მიაკუთვნეს.

ტრადიციულ ამფორებში (რომელსაც საქართველოში „ქვევრს“ უწოდებენ) ღვინის დაყენების უფრო დიდ ექსპერტს, ვიდრე გოგი დაქიშვილია, მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავთ. ის განათლებით მეღვინეა, დოქტორის ხარისხით. „ამფორის (ქვევრის) ღვინოში უბრალოდ მეტი სულია. მაგრამ ქვევრში ღვინის დაყენება უფრო მეტ გამოწვევებს უკავშირდება“, ამბობს ტანმორჩილი კაცი, რომელსაც მეგობრები „გოგის“ ეძახიან. თუ ამ ღვინოებს საქმის დიდოსტატი ქმნის, დაუვიწყარი, უმაღლესი კლასის გამოდის და ისინი სრულიად ცალკე კატეგორიას წარმოადგენენ: ესაა ქარვისფერი, გამოკვეთილად ტანინიანი ღვინო, კულტურული საფუარისა და ენზიმების, ფილტრაციისა და გოგირდის დანამატის გარეშე, სქელი პოლიფენოლების სტრუქტურით, ღვინო, რომელსაც სანელებლების, მცენარეული, ჩირებისა და ნუშის არომატები გამოარჩევს. თუმცა, თუკი ყურძნის ხარისხი და მარნის ჰიგიენა შესაბამისი არაა, შესაძლებელია ძალიან მალე ძმრის ტონებიც მივიღოთ...

ის, რასაც, დაახლოებით, 8000 წლის წინ სამხრეთ კავკასიასა და დღევანდელ აღმოსავლეთ ანატოლიაში მიეცა დასაბამი, დღეს ევროპაში ბრუნდება. სულ უფრო მეტ გამბედავ მეღვინეს უხმობს დევიზი -  „უკან, ფესვებისკენ“. ზოგიერთები მხოლოდ თითოოროლა ქართულ ქვევრში ან ესპანურ ტინახაში ატარებენ ექსპერიმენტებს, სხვები კი მთლიანად ამ ტიპის ღვინის წარმოებაზე არიან გადართულები და მხოლოდ მას აწარმოებენ. ერთი რამ ეჭვგარეშეა: ამფორის ღვინო მხოლოდ პატარა ნიშაა, მაგრამ ინტერესი მის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება.

ისეთი სახელები, როგორებიცაა, იოშკო გრავნერი (ფრიული), ელიზაბეტა ფორადორი (ტრენტინო), მარინო მარკეზიჩი (ისტრია), ჯუსტო ოკიპინტი (სიცილია), ჟან კლოდ ლაპალუ (ბოჟოლე), ივ კანარელი (კორსიკა), ამედეე მატიე (ვალისი), კაბაი (სლოვენია), ჟოზე დე სოუზა (ალენტეჟუ), ბერნჰარდ ოტი (ვაგრამი, ქვემო ავსტრია) ან პეტერ იაკობ კუნი (რაინგაუ) სწორედ აღნიშნულ მიმართულებას წარმოადგენენ. ამასთანავე, მათი დიდი უმრავლესობა ბიოლოგიურ, ან ბიოდინამიკურ მევენახეობას მისდევს. ეს ტალღა ოკეანესაც კი გასცდა, კალიფორნიის Dry Creek Valley-ში რიჩ ჰატჩინსონი თავის „ამფორის მარანში“ (Amphora Winery) 2006 წლიდან უჩვეულო ღვინოებს  ზინფანდელისა და სხვა ჯიშებისგან აყენებს.

ამ დროისთვის, ღვინის ფანები, სომელიეები და ავთენტური ღვინით დაინტერესებული მწარმოებლები ამფორის ღვინოებზე იმაზე გაცილებით მეტს კამათობენ, ვიდრე ეს ამ თემის ბიზნეს-ეკონომიკურ მნიშვნელობას შეეფერება. უფრო და უფრო მეტი ამბიციური მწარმოებელი ამ მოგზაურობას „უკან, ფესვებისკენ“ („back to the roots“) მოგზაურობად, ღვინის სულში წვდომად მიიჩნევს და არ აღიქვამს ამ საქმეს, როგორც, უბრალოდ, საინტერესო გასართობს. მათ შორის არიან ნამდვილი ვარსკვლავებიც, როგორც მაგალითად იოშკო გრავნერი, რომელსაც, როგორც ქვევრის პიონერს, თავისი პირველი ცდები ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ჰქონდა. დღეს ის სხვას აღარაფერს აკეთებს და ამ საქმით, რეგულარულად ეუფლება ხოლმე იტალიური ღვინის „ბიბლიის“, Gambero Rosso-ს (იტალიური ღვინის გზამკვლევი) სანუკვარ ჯილდოს - „Tre bicchieri“-ს (უმაღლესი ჯილდო განსაკუთრებული ღვინოებისთვის).

„ამფორები ღვინოზე ისე ზემოქმედებენ, როგორც მუსიკაზე - ხმის გამაძლიერებლები“, ამბობს ხარისხის ფანატიკოსი ფრიულიდან. „კარგი ტონები კიდევ უფრო უკეთესი ხდება, ცუდი - შესაბამისად, უარესი“. გრავნერის დასკვნა თანამედროვე ენოლოგიაზე ასეთია - ამფორა მას დაეხმარა გაეგო, რაში იყვნენ ძველი მეღვინეები მართლები. სხვა მხრივ, თანამედროვე მეღვინეობა მისთვის აქტუალობას დაკარგავდა. და ეს მოსაზრება, სხვათა შორის, იუნესკომაც გაიზიარა, როდესაც 2013 წლის 4 დეკემბერს, ქვევრში ქართული ტრადიციული ღვინის წარმოების მსოფლიოში უძველესი მეთოდი არამატერიალურ კულტურულ ფასეულობად აღიარა.

რამდენიმე ათასი წელია ქართველები ღვინოს ძველი, მამა-პაპისეული ტრადიციით აყენებენ. ძირითადად, 1.000 და 1.500 ლიტრის მოცულობის თხელკედლიან, გამომწვარი თიხის მიწაში ჩამარხულ ამფორებს (თარგმანში შენარჩუნებულია ავტორისეული სახელები, ზოგჯერ იგი ქვევრს ქვევრს უწოდებს, ხანაც ამფორას – რედ. შენ.), დაახლოებით სამ მეოთხედზე ავსებენ დაჭყლეტილი ყურძნით, კლერტითა და წვენით. თეთრი და წითელი ღვინოების დაყენებაში განსხვავება არ არის. დუღილი სპონტანურად მიმდინარეობს, მასას დღეში სამ-ოთხჯერ მაინც ურევენ. ფერმენტაციის შემდეგ ღიობს ხით, ან ფიქალის ქვით ხურავენ. ქვევრის კიდეებსა და თავსახურს შორის სხვადასხვა ხის ფოთლებს დებენ და ღიობს სველი თიხით ლუქავენ, რომელშიც მილს ამაგრებენ, გამოყოფილი ნახშირორჟანგისთვის.

დურდო, უმეტესად, მარტამდე საკუთარი თავის ანაბარა რჩება და ბუნებრივად იწმინდება. პირველი გადაღების შემდეგ ღვინო, როგორც წესი, რამდენიმე თვით სხვა ამფორებში გადააქვთ. ახალ მოსავლამდე მას უფრო მომცრო ქვევრებში ანაწილებენ და ლუქავენ, ზოგჯერ მრავალი წლითაც კი - ვაჟის ქორწილამდე, ან სხვა მნიშვნელოვან მოვლენამდე.

შიგნიდან ცვილის თხელი ფენით დაფარული ამფორების გასუფთავება არცთუ იოლია: შიდა კედლების გასახეხად დასაშვებია მხოლოდ თბილი წყალი და ანტისეპტიკურად მოქმედი მცენარეებისგან შეკრული  ჯაგრისი. თუმცა, ამისთვის ჯერ აუცილებელია თავად ჭურჭელში ჩავიდეთ.

ქვევრის ტიპის ამფორები ანტიკურ საბერძნეთსა და მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთში სამხრეთ კავკასიიდან და ანატოლიიდან გავრცელდა. ძველი ბერძნები  ასეთ ჭურჭელს პითოსს (Pithos), რომაელები კი დოლიუმს (Dolium) უწოდებდნენ, ესპანეთში დღესაც ცნობილია ჭურჭელი სახელით ტინახა - ეს არის, როგორც წესი, 400 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელი, ოდნავ უფრო სქელი კედლებით, რომლის მიწაში დარგვაც არ არის აუცილებელი. მეოცე საუკუნემდე ქვევრის ღვინის დაყენების წესი კავკასიაში ღვინის წარმოების ერთადერთი მეთოდი იყო. ქართველი გლეხისთვის მარანი, ღვინის სარდაფი, წმინდა ადგილს, „სახლის გულს“ წარმოადგენს.

ჯონ ვურდემანი ამერიკელი მხატვარია, რომელიც 10 წელზე მეტია, საქართველოს აღმოსავლეთში, კახეთში დასახლდა და დღეს, როგორც  Pheasant’s Tears-ის ვენახების მფლობელი, შესანიშნავ ღვინოს აწარმოებს. ვურდემანი ვარაუდობს, რომ, დაახლოებით, 100 000 ოჯახი საქართველოში ოჯახურ ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის, ჯერ კიდევ ამფორაში აყენებს. აქაურ პროფესიონალ მწარმოებლებს კი ის 20-მდე ითვლის. კარგი ქვევრის ღვინის საიდუმლო? – „რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა ვენახსა და მარანში, ჯანსაღი ყურძენი, რომელიც გადამწიფებამდე უნდა დაიკრიფოს. დანარჩენზე ბუნება ზრუნავს“.

ქვევრის ღვინოების, დახლოებით, ორი მესამედი ყურძნის ენდემური ჯიშების: რქაწითლის, მწვანეს, ან ქისიდან დაყენებულ თეთრ ღვინოებზე მოდის.

ეს გამოხატულად ტანინიანი ღვინოები, განსაკუთრებული არომატებით, გაუწვრთნელი ცხვირისა და სასისათვის ნამდვილი გამოწვევაა. „ადამიანებს დაჟანგული ღვინოების (ოქსიდაციური) სტილი ან ძალიან მოსწონს, ან სძულს. როგორც ჩანს შუალედური პოზიცია არ არსებობს“ – აცხადებს გერმანელი ღვინის კრიტიკოსი, მანფრედ კლიმეკი. დოქტორ დაქიშვილს, რომელიც ქვევრის კულტურის დიდოსტატად ითვლება და გერმანელ მწარმოებელ ბურკჰარდ შუხმანთან ერთად კახეთის საუკეთესო ღვინოებს შორის რამდენიმეს აწარმოებს, უყვარს თავისივე, განსაკუთრებული, ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო, რომელიც არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება: „თეთრი ღვინოები განსაკუთრებით ინტენსიურია, ბევრად უფრო კომპლექსური, ვიდრე ჩვეულებრივი ღვინოები, მდიდარი გემოთი, კარგი სტრუქტურით, ათი-თხუთმეტჯერ მეტი პოლიფენოლებით და 40-დან 50 წლამდე დაძველების პოტენციალით, მიუხედავად გოგირდის დანამატის  მინიმალური რაოდენობის, ან საერთოდ, არქონისა.“

გასაკვირი არ არის, რომ უფრო და უფრო მეტი ევროპელი მეღვინე იღებს გადაწყვეტილებას, იმოგზაუროს ღვინის სულის მისაკვლევად. ორმა მეგობარმა, ჯამბატისტა ჩილიამ და ჯუსტო ოკიპინტიმ პირველად 2000 წლის სექტემბერში რამდენიმე ესპანური ამფორით დაიწყო და დღეს მათ ახალ მარანში, ვიტორიაში (სიცილია) უკვე 150 ამფორაა. ასევეა ბიოდინამიკური მწარმოებელი ელიზაბეტა ფორადორი ტრენტინოში, რომელიც 70 ამფორაში ადგილობრივი ჯიშებიდან, ტეროლდეგოდან და ნოსიოლადან  აყენებს ღვინოს და მიიჩნევს, რომ ეს ღვინოები უფრო სუფთა და მკაფიო არომატისაა. გავიხსენოთ ელზასელი სტეფან ბანვარტიც, რომელიც გევურცტრამინერის ჯიშის ყურძნიდან ამფორის ღვინის წარმოებასაც კი არ უფრთხის.

ავსტრიაში ბერნჰარდ ოტია, თავისი ქვევრის Veltliner-ით, ასევე, შტირიელი ზეპ მუსტერი და ევალდ და ანდრეას ჩეპეები - ახალი ტალღის ლიდერებად ითვლებიან. შვეიცარიაში ასეთია ამედეე მატიე - სალგეში, ვალისში, რომელიც ამბობს, რომ ქვევრისადმი მისი დამოკიდებულება 2008 წელს საქართველოში მოგზაურობის შემდგომ ჩამოყალიბდა და წარმატებისკენ გზამ დაბრკოლებებზე გაიარა:  კორნალინის ჯიშის ყურძნისგან წითელი ღვინის დაყენების პირველი მცდელობა უშედეგო იყო, მხოლოდ ძმარი და შნაფსის გამოსახდელად საჭირო მასალა მიიღო; გარდა ამისა, გაუტყდა ოთხი ამფორა, რომლებიც, ახლა უკვე, ახლებით ჩაანაცვლა. 

ამის საპირისპიროდ, წარმატებული აღმოჩნდა რეზის (Rèze) და Ermitage-ის (ფრანგულ ადგილწარმოშობის დასახელებაში არ აგერიოთ, ასე უწოდებენ შვეიცარიაში ფრანგულ ჯიშს, მარსანს – რედ. შენ.)  ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული თეთრი ღვინო, რომელიც მასთან სტუმრობისას ჟურნალ Zeit-ის ჟურნალისტებმა - ფაბიან და კორნელიუს ლანგეებმა (მათი საქმიანობის თემატური აქცენტი ღვინოა), დაახასიათეს, როგორც ძალიან წარმატებული. იქნებ იმიტომაც უყვარს ამედეე მატიეს ასე ძალიან თავისი ქვევრის ღვინოები, რომ ისინი აბსოლუტურად უნიკალურია და შორს დგას მეინსტრიმისგან. ამედეე ამბობს, რომ ამ ღვინოების სტილისტიკაა: „გამორჩეულობა, გაუფილტრავობა, წმინდა ოქსიდაციის ტონები, ქარვა ფერში, რაც, უბრალოდ, აღმაფრთოვანებელია დღევანდელ კოკა-კოლას - სამყაროში!“ მიუხედავად ამისა, დიდი შრომაა საჭრო, რომ ეს ღვინოები ადამიანებამდე მივიდნენ.

გერმანიაშიც არიან ბიომეღვინეები, რომლებმაც გაბედეს და მიიღეს ამფორის ღვინის გამოწვევა. რაინგაუში პეტერ იაკობ კუნის სამაგალითო საწარმომ 2005 წელს ესპანეთიდან „ტინახები“ ოსტრიხ-ვინკელში ჩაიტანა, რათა ლენხენის ვენახებში დაკრეფილი რისლინგის ჯიშის ყურძნიდან მცირე რაოდენობით ამფორის ღვინო დაეყენებინა, ექსპერიმენტის სახით. მას იზიდავდა ეს „აღფრთოვანება ხელშეუხებლის, პირველქმნილის მიმართ“. 2009 წელს მეორე ცდაც წარმატებით დასრულდა, თუმცა ალკოჰოლური დუღილის და ორგანული მჟავების დაშლის (მალოლაქტური დუღილის) შემდგომ, ღვინის დავარგებას დიდი დრო დასჭირდა. გაუფილტრავი საბოლოო პროდუქტი მისი შემქმნელისთვის „საოცრად ქარიზმატული, ელვარე და სხეულიანია - მიუხედავად იმისა, რომ ამ წესით დაყენებული რისლინგი დომინანტური არაა“.

ბიო-მეღვინემ, მანფრედ როტემ ნორდჰაიმიდან 2013 წლის ოქტომბერში თავისი პირველი ორი ქვევრი სილვანერის და დაჭყლეტილი წითელი ყურძნის მასით შეავსო, სწორედ მან დანერგა ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის ეროვნულ ინსტიტუტში დიდმუცლიანი კავკასიური ამფორების გამოყენება. მეღვინეობისა და მარნის ტექნიკის სფეროების წარმომადგენლებმა - იოჰანეს ბურკერტმა და დოქტორმა მიხაილ ცენგლაინმა, 2011 წელს სასკოლო პროექტის ფარგლებში, თავდაპირველად 900 ლიტრიანი თიხის ჭურჭელი მიწაში ჩაფლეს და მარნის ტიპის სარდაფი მოაწყეს.

2013 წელს, წინასაშობაოდ, ვორკშოპის ფარგლებში, თემაზე Orange Wines, ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის ეროვნული ინსტიტუტის  პირველი პროდუქტის დეგუსტაცია ჩატარდა. გასინჯეს  2011 და 2012 წლის მოსავალი და იგი ინსტიტუტის სხვა საცდელ ღვინოებს შეადარეს. დეგუსტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ტინახისა და ამფორის ღვინოები ბერნჰარდ ოტისგან, ამედეე მატიესგან და აღიარებული ბასერმან-იორდანის პალატინატის ვენახებიდან (პინო გრი და გევურცტრამინერი). დოქტორ ცენგლაინის დასკვნა: „ასეთი ღვინოები, რა თქმა უნდა, აზრთა პოლარიზებას იწვევს, მაგრამ ეს სავსებით სასურველია. ღვინის სულ უფრო და უფრო მეტ მოყვარულს სურს, გაექცეს უნიფიცირებულ, მასობრივ ღვინოებს“.

ბედის ირონიაა - მიუხედავად ქვევრებზე მზარდი მოთხოვნისა, საქართველოში ძნელად მოსაძებნია ის, ვინც ამ უძველეს ხელობას ფლობს. დღესდღეობით, ასეთია ხუთი ხნიერი მამაკაცი, რომელთაგან ორი კახეთში, სოფელ ვარდისუბანში, სამი კი - იმერეთში, შროშაშია. მათ არ ჰყავთ მიმდევრები, მათი საქმიანობის გამგრძელებლები. ამიტომ რამდენიმე მეღვინე ერთობლივი ძალებით, ორგანიზაციასთან - ტრადიციული ხელობის დაცვის საზოგადოება - „ხელობა ქართული“ www.kvevri.orgერთად ცდილობს, მოიზიდოს ფინანსები ქვევრის წარმოების ახალი სკოლის ჩამოსაყალიბებლად. წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში მოგზაურობა „უკან, ფესვებისკენ“, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო, მალევე დასრულდება. 

სტატია გამოქვეყნდა 2015 წლის მარტში, ProWein–ის საიტზე.

თარგმანი © ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის პორტრეტები. კახა ჭოტიაშვილი

$
0
0

ქეთო ნინიძე

კახა ჭოტიაშვილი არის ადამიანი, ვინც ღვინოს ქმნის. არ იფიქროთ, როცა ვამბობ, „ღვინოს ქმნის“, პათეტიკისკენ ვიხრებოდე... უბრალოდ, შეიძლება ითქვას, საგანგებოდ არ ვამბობ, რომ ის ენოლოგია, მეღვინე, ან მევენახე, არც მუშაა, არც - საწარმოს დამფუძნებელი, ან აღმასრულებელი დირექტორი; იმიტომ, რომ ღვინის ქმნა ყოველივე ზემოთქმულს ნიშნავს. მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შეკეთებისა და ბუღალტერიის სკრუპულოზური კონტროლის ჩათვლით. მისი ინტერდისციპლინური ხედვა, როგორც ჩანს მისი მრავალმხრივი - ფიზიკა-მათემატიკური და ენოლოგიური - განათლების შედეგია.  

ამას წინათ რობერტ ჯოზეფის ბლოგს ვკითხულობდი. საქართველოზე წერდა. მსუბუქი ირონიით ყვებოდა უცხოელ ბლოგერებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც აქაურობის ბუნებითა და სიძველეებით მონუსხულნი სენტიმენტალური და ცრემლიანი პოსტებით ამკობდნენ საქართველოს. ჯოზეფი კი, მისთვის ჩვეული პრაქტიკულობით, აფასებდა ქართული ღვინის გამოწვევებს და მის პოტენციას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. 

ამ კონტექსტში, მეც არაერთხელ მიფიქრია - რატომ, ქვევრი? რა იქნება მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ქვევრის ეიფორია ჩაცხრება და ანალიზის დრო დადგება?

ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენმა გმირმაც დასვა მაშინ, როცა ენოლოგიას სწავლობდა და გაეცნო იმ ემპირიულ კვლევებს, რომლებიც ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდის უპირატესობებს ამტკიცებს. მას შეუძლია, მეცნიერულად დაასაბუთოს, თუ რატომ - ქვევრი. კვლევები ცხადყოფს, რომ ქვევრი ის ჭურჭელია, რომელიც ღვინის საუკეთესო გემოვნურ და სამკურნალო თვისებებს ააქტიურებს და ხელს უწყობს მისი მაღალი კვებითი ღირებულების შენარჩუნებას. შეიძლება, მავანმა კითხვის დასმაც კი მკრეხელობად ჩაგვითვალოს, მაგრამ კახა ჭოტიაშვილისთვის, ვისაც დიდი ხნის მანძილზე რიცხვებთან ჰქონდა შეხება, ურყევი აქსიომები, კონვენციური შეხედულებები არ არსებობს. მხოლოდ ემპირია და არგუმენტებია მთავარი. მხედველობიდან მისი კახური წარმომავლობაც (თელავის რ-ნი, სოფ. სანიორე) არ უნდა გამოგვრჩეს.

მართალია, მეღვინეობა ბავშვობიდან იზიდავდა, იმ ასაკიდან, როცა, ბიჭების უმეტესობა (განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირელი ბიჭების უმეტესობა) კოსმონავტობაზე ოცნებობს.თუმცა, იმ პერიოდში თელავში არ იყო შესაძლებელი ხარისხიანი განათლების მიღება მეღვინეობის დარგში. ამიტომ მან მისთვის მახლობელი სხვა სფერო - ფიზიკა-მათემატიკა აირჩია და ბაკალავრიატი თელავის იაკობ გოგებაშვილის  სახელობის უნივერსიტეტში ამ სპეციალობით დაამთავრა.19 წლის ასაკში, 1999 წელს, თბილისში წასვლა გადაწყვიტა და იქ ვაშლიჯვრის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარა მეღვინეობის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, კახა ჭოტიაშვილმა „ბინეხის“  ღვინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად იხსენებს, 19 წლისა კომპანიაში ყველაზე უფროსი თანამშრომელი აღმოჩნდა, რადგან ხელმძღვანელებს იმ ხანებში გადაეწყივიტათ, ღვინის წარმოება ახალგაზრდა შემოქმედებითი და მოტივირებული ადამიანებისთვის მიენდოთ. „ბინეხში“ მან 14 წლის მანძილზე დაჰყო და შეიძლება ითქვას, კახამ და იმ ბავშვებმა, ვინც მაშინამ კომპანიაში მუშაობდნენ,„ბინეხის“ ღვინოებს რეალური წარმატება - არაერთი მედალი - მოუტანეს საერთაშორისო და ადგილობრივ ღვინის კონკურსებზე. ყოფილა შემთხვევა, როცა საქართველოს მასშტაბით, სამი ადგილიდან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები (სამივე) მათ პროდუქციას მოუპოვებია.

დღეს კახა 6 მცირე საწარმოში მუშაობს და, როგორც აღვნიშნე, არ უყვარს, როცა მის საქმიანობას მხოლოდ „მეღვინეობას“, ან „ღვინის კონსულტირებას“ უწოდებენ, რადგან საქმიანობის პირველი დღეებიდან დღემდე - მთავარი მეღვინისა თუ მუშის როლში, ის თანაბრად იხარჯებოდა. როგორც გამიმხილა, ყოფილა შემთხვევები, როცა რთვლის პერიოდში, 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში, ცისტერნებთანაც კი ჩასძინებია. ის ყოველდღიურად თანამონაწილეობს  ქმნის პროცესში და ცდილობს, მისი საქმიანობა არ შემოიფარგლებოდეს, მხოლოდ მასზე დაქვემდებარებული ადამიანების ინსტრუქტირებით.

კახა ჭოტიაშვილი უფრო ინდივიდი მოთამაშეა. ის თვლის, რომ ჩვენში გუნდური მუშაობის აწყობა საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც ჩანს, ამისთვის ჯერ მზად არ ვართ. თუმცა, ამ პოზიციას არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდებისადმი მის დამოკიდებულებასთან. ის მუდამ ცდილობს, ყველა საწარმოში ჰყავდეს, მინიმუმ, თითო ახალგაზრდა პარტნიორი, რომ, როცა ამის დრო დადგება, მას გადაულოცოს საქმიანობა.

#49 კასრი

და აი, მივადექით 49-ე კასრის პრობლემას.ეს ხაზი, როგორც საზეიმო მარშის თემა იოსელიანის ფილმიდან, დიდხანს გასდევს კახას საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოღვაწეობა ღვინის სამყაროში სულაც არ ემთხვევა საბჭოთა პერიოდს საქართველოში, თავისი კალენდარული თარიღებით. 

„- ჩემის აზრით, ღვინო სავსებით დამდგარია უკვე, თუმცა როგორც ახალგაზრდა ღვინოებს ახასიათებთ, დაკრავს, ველური მსხლის გემო.

- მაჟალო ვაშლის გემო.

- მჟავიანობის მხრივ, რა თქმა უნდა, მაღლა დგას, მარა, ფერი მომწონს, იცით! კამეჩის სისხლის ფერი აქვს, ბატონო!“ 

კადრი ოთარ იოსელიანის ფილმიდან „გიორგობსითვე“

ხომ გახსოვთ ეს დიალოგი ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვიდან“. ეს ტექსტი, ერთგვარი, სიმულაკრაა. შეფასებები და ატრიბუტები:  „დამდგარი“, „ველური მსხლის გემო“, „მაჟალო ვაშლის გემო“, „მჟავიანობა“, „კამეჩის სისხლის ფერი“ - ცალკე აღებული, თითქოს, ჩვეულებრივი ლექსიკური, გრამატიკული ერთეულებია, თუმცა სიმულაკრას ქმნის, სწორედ, მათი გათიშვა შესაბამისი შინაარსისგან. ამ თვითკმარ სიმბოლოთა გროვის მიღმა არაფერი დგას, სწორედ ისე, როგორც ნოამ ჩომსკის ცნობილ ნონსენსურ წინადადებაში „Colourless Green Ideas Sleep Furiously“ („უფერული მწვანე იდეები გააფთრებით თვლემენ“). „გიორგობისთვე“ იმიტომაც გამახსენდა, რომ კახამ გაიხსენა ფრაზა, როგორც ყველაზე ხშირად პასუხობდნენ სწავლას მოწყურებულ, მოტივირებულ სტუდენტებს მაშინ - „ეგ არის, რაც არის“. ამგვარი ენობრივი ფაქტები ჩვენს ფრაზეოლოგიაში ბევრი იყო მაშინ და დღესაც. ცხადია, ენაში შემთხვევით არაფერი ჩნდება. ეს მხოლოდ კვალი იყო იმ უპასუხისმგებლობის, თუ არასერიოზულობის, რაც მაშინ არცთუ იშვიათად იჩენდა თავს სხვადასხვა პროფესიულ წრეებში. ეს ფრაზა, რომლის მიღმა იკითხება - „ნეტაი შენ, მოგცლია“, „თავის ატკივებად არ ღირს“, იყო ცოდნის გაცემის, პოზიციის გამოხატვისა და ანალიზისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება. 

რადგან განებივრებული არ ყოფილა უანგარო კონსულტაციებით, კახას ცხადად ახსოვს თითოეული შემთხვევა, თითოეული ადამიანი ძველი თაობიდან, ვინც ეხმარებოდა და გამოცდილებას უზიარებდა. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებს კვლევითი ინსტიტუტის პედაგოგს, ცნობილ მეღვინეს, აკაკი სირბილაძეს. ეს ადამიანი მეორე მსოფლიო ომის დროს თელავში, კვლევით სადგურში სწავლობდა და ამ რთულ პერიოდში იმდენი ამაგი ახსოვდა კახას მშობლიური ქალაქიდან, რომ მის მიმართაც განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და მზრუნველობას ამჟღავნებდა. ქვევრის ღვინოები აკაკი სირბილაძის დიდი გატაცება იყო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ კახამ მეღვინეობაში მაინც მარტომ გაიკვლია გზა. არაერთგზის მოუწია ბორბალის ხელახლა გამოგონება, მაგრამ, თვლის, რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, სწორედ ეს იყო - ინდივიდუალური ძიების და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი, რამაც ის შექმნა ისეთად, როგორიც დღეს არის. 

კახა ღვინის პასტერიზაციის ეპოქალურ ფაქტსაც მოსწრებია და რა გასაკვირია, რომ ამ ეპოქაში ქვევრში ღვინის დაყენების მომხრე ჭოტიაშვილი ქარის წისქვილებთან მებრძოლ დონ კიხოტს შეადარეს. მართალია, მას შემდეგ  ბევრი ათწლეული არ გასულა, მაგრამ ამ 25-30 წელში დამოკიდებულებები რადიკალურად შეიცვალა საქართველოს მეღვინეობაში ისევე, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სხვადასხვა დარგობრივ გამოცდილებებში. ღვინის პასტერიზაციის მეთოდს დღეს, საბედნიეროდ, საწარმოები აღარ მიმართავენ, ქვევრის ღვინომ კი პრესტიჟი და აქტუალურობა შეიძინა. 

თუმცა, თუნდაც ღვინის მოხმარების კულტურას დღეს საბჭოთა პერიოდიდან ზოგიერთი ჩვევა ინერციით გადმოეცა. შეიძლება, ეს ინერცია უფრო მაშინდელ ღირებულებებთან თუ მიდგომებთან დაპირისპირების სახეს იღებს, მაგრამ მიღება და უარყოფა ერთი მედლის ორი მხარეა, ერთი სისტემის ორი წევრია. ასე ვტრიალებთ ძველ ორბიტაზე და ვფიქრობთ, რომ გლეხის ღვინო ქარხნისას აუცილებლად სჯობია. თუმცა, სამწუხაროდ, აგრარულ ბაზარში ღვინის გასაყიდად ჩამოსული ულვაშიანი კაცი, თავზე კახური ქუდით, ხარისხის გარანტი სულაც არ არის. ქარხნის ღვინო კი აღარ არის ის ღვინო, რომელიც 80-იან წლებში მასებისთვის იწარმოებოდა და ნაკლებად იყო ხარისხზე ორიენტირებული.

ქართველი მომხმარებლის ჩვევებსა და დამოკიდებულებებს კახა ჭოტიაშვილი მაშინაც გაეცნო, როცა 2012-2013 წლებში საკუთარ მაღაზიას ამუშავებდა და, თავის ღვინოს ამ მაღაზიაში ყიდდა. მისი თქმით, კლიენტთა დიდ უმრავლესობას ღვინო ეძვირებოდა იმის მიუხედავად, რომ კახას ღვინო სინამდვილეში არც ისე ძვირი ღირდა. ამიტომ, თავად თვლის, რომ ღვინის გაყიდვას საქართველოში, ძირითადად, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობა უშლის ხელს. არ შემიძლია, არ დავეჭვდე ამ აზრის სისწორეში, როცა სანაპიროს რესტორნების მიმდებარედ ჩამწკრივებულ ძვირადღირებულ მანქანებს შევავლებ ხოლმე თვალს.

კახას ბიოგრაფიაში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახასიათო შემთხვევაა, როცა მან მაძიებლობის პერიოდში წარმოებული ხანგრძლივი და საინტერესო კვლევის შემდეგ სამეცნიერო ხარისხის დაცვაზე უარი თქვა. ამ ამბავზე თავად ბევრს არ საუბრობს, თუმცა, ჩემი ვარაუდით, ამ დროს მან გააცნობიერა, რომ ვერასდროს გახდებოდა იმ  სისტემის ნაწილი, სადაც სამეცნიერო ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, სიტყვა „ხარისხის“ ლექსიკურ მნიშვნელობას ემიჯნებოდა. ღირებულებების ერთგულ ადამიანს ჩვენში ხშირად ახირებულ კაცს უწოდებენ, არ ვიცი, კახა ჭოტიაშვილის შემთხვევაში ეს როგორ მოხდა. თავად მიიჩნევს, რომ საქმეს, რომელსაც ემსახურება სამეცნიერო ხარისხის გარეშეც კარგად გაუძღვება, მით უმეტეს, რომ პრაქტიკაში, თავისთავად, მეცნიერებაცა და ხელოვნებაც ბევრია. მისთვის შეუძლებელია კაბინეტში ჯდომა და კარიერული წინსვლის გეგმების სტრუქტურირება. თუმცა, ძალიან კარგი მენეჯერია, რადგან მისი მიდგომა პრობლემაზე ორიენტირებულია. კახა სისტემურად აწარმოებს დღიურებს, რაც გამოცდილების სამომავლო ანალიზში ეხმარება, სამუშაო დღის დასაწყისში მუშებთან ერთად აყალიბებს დღის მიზნებსა და ამოცანებს და ამბობს, რომ ღია და ხშირი კომუნიკაციის წყალობით პრობლემები ძალიან იშვიათად იჩენს თავს. წესრიგიანობა, როგორც თავად აღნიშნავს, მისი ხასიათის ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტია. როგორც ჩანს, ამიტომ იყო მისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი მეღვინეობის გერმანული გამოცდილება, რომელსაც გაეცნო GTZ-ის პროგრამის ფარგლებში. 

საქმე და პოეზია, ანუ ფიზიკისა და ლირიკისა

არის საქმიანობები, სადაც ეს ბანალური ოპოზიცია აზრს კარგავს, მეღვინეობა სწორედ ასეთი ხელობაა. კახა, რომელიც უკიდურესად მოწესრიგებული, მკაცრი და უკომპრომისოა საქმეში, განწყობით, აღქმით  იმპრესიონისტია. მისი თქმით, არაფერი სჯობია განცდას, როცა ქვევრს სარქველს მოხსნი და იქიდან შემოდგომისა და პურის თავთავის სურნელს შეიგრძნობ. ქვევრის თეთრების ფერს კი, რომლის აღმნიშვნელად, უმთავრესად „ქარვის“ ატრიბუტს მიმართავენ, მეღვინე მზის სხივებს შეადარებს, რომლის ენერგიითაა დატვირთული და გაჯერებული ქართული ღვინო. 

კახას აზრით, ღვინის დაწურვისა და დალევის დროს მხოლოდ კარგზე უნდა იფიქრო, დადებითი იმპულსებით აივსო, რადგან ღვინოს ხშირად ხასიათი გადაედება ხოლმე  - როგორც კარგი, ასევე, ცუდი. ამ მოსაზრების საფუძველზე ის ქართულ ხასიათებს იმავე კუთხის ღვინოებს ადარებს - რაჭული ალერსიანი ბუნება, რომელიც გრამატიკულადაც კია გაფორმებული - კნინობით-ალერსობითი სუფიქსების საშუალებით, მას ნახევრად ტკბილ რაჭულ ღვინოებს მოაგონებს, კახური ტანინიანები კი - აქაურ პირდაპირ და შეუპოვარ ხასიათს. 

კახა ჭოტიაშვილი ისევე, როგორც მისი მამა, პაპა და წინაპრები, იმთავითვე მეღვინეობით იყვნენ დაკავებული, თუმცა მათი პერსონალური საწარმო - „საწნახელი“, სადაც ის და მისი ძმა - უჩა ჭოტიაშვილი მუშაობენ, 2012 წელს გაფორმდა იურიდიულად. ისინი ცდილობენ, საყოველთაოდ გავრცელებული ჯიშების გარდა, ღვინო დააყენონ შედარებით იშვიათი სახეობებისგანაც. ასეთებია: ხიხვი, ქისი, მწვანე - ცხადია, რქაწითელთან და საფერავთან ერთად. ჭოტიაშვილები ყოველწლიურად, დაახლოებით, 60 ტ.-მდე ყურძნის მოსავალს იღებენ. 

კახა ჭოტიაშვილი სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრია, დაარსების დღიდან. და რადგანაც კომისია ამოწმებს ყველა დასახელების საექსპორტო ღვინის ხარისხს, მას, საერთო ჯამში, მკაფიო წარმოდგენა აქვს ქართული ღვინის აქტუალურ ტენდენციებზე.

ქართლში - იაგო ბიტარიშვილთან და კახეთში - გოგი დაქიშვილთან ერთად, კახა ჭოტიაშვილი უკვე მე-20 საუკუნის 90-იანების ბოლოდან, ქვევრის ღვინის წარმოებით იყო დაკავებული. მაშინ ქვევრი ასეთი აქტუალური ხაზი არ იყო არც მცირე საწარმოების და მით უმეტეს- მსხვილი კომპანიებისთვის. ასე რომ, საქართველოში ქვევრის ღვინის აღორძინების ისტორიაში ამ პრინციპულ, უკომპრომისო და საქმიან ადამიანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ჟან მიშელ ფერანდე – ტერუარი, ბიოღვინო, საქართველო

$
0
0

ნიკოლოზ ნატროშვილი

ტერმინიტერუარიფრანგულია. ტერუარსგალო-რომანულისაფუძველიაქვს, territorium,რომლისგანაცწარმოიშვასიტყვატერიტორია, XVII-საუკუნისბოლოსკიჩამოყალიბდაცნებატერუარი,დააღნიშნავდატერიტორიას,ადგილს,მისიაგრონომიულიდაუფროკონკრეტულად,სავენახეთვისებებისმიხედვით.

 ტერუარისპრინციპიდაკავშირებულიაღვინისავთენტურობასადახარისხთან. ტერუარიარისერთრეგიონშიდაერთადგილწარმოშობისზონაშიშემავალივენახებისერთობლიობა,რომელთაცაერთიანებსერთიტიპისნიადაგი,ერთნაირიკლიმატურიპირობები,ესყველაფერიკიავთენტურიდაინდივიდურიღვინისწინაპირობაა.

ამსაკითხთანდაკავშირებითვესაუბრეთცნობილფრანგენოლოგსჟანმიშელფერანდეს,რომელიცმსოფლიოშიბევრკომპანიასთანერთადღვინისკომპანიაშუმსაცუწევსკონსულტაციებს.

– როგორ განმარტავდითტერუარისმნიშვნელობა?

– ტერუარს დიდი გავლენა აქვს ღვინოზე. ტერუარი ეს არის ძირითადი, ეს არის ხასიათი, ეს არის მეტი კომპლექსურობა, მეტი ფერი, უფრო კომპლექსური არომატული სპექტრი, მეტი მინერალურობა. ვენახის ტერუარი შედგება ნიადაგის, ქვე ნიადაგის, კლიმატის და ადამაინის ფაქტორისაგან. ადამიანი, რომელმაც შეარჩია შესაბამისი ჯიში და მას შეუსაბამა შესაბამისი საძირე. ტერუარი ძალიან კომპლექსურია – არის ორი ძირითადი ფაქტორი, ადამიანი და ბუნება. ადამიანი ხდება ბუნების მუშაკი, artisent de la nature. აუცილებელია ბუნების პატივისცემა და გაფრთხილება, ადამიანმა უნდა მოახდინოს ბუნებასთან ადაპტაცია. ესაა ბუნებრივი პირობები, რომელიც ყოველთვის არ არის ადამიანისთვის ხელსაყრელი, მაგალითად სეტყვა, რომელიც დიდ ზარალს აყენებს მევენახეობას. მაგალითად, კავკასიაში არის სეტყვის კულუარები (სეტყვის საშიში ზონები), რომელიც დიდ ზარალს აყენებს მევენახეობას. მე ვნახე მუხრანში გადაღებული ფოტოები, სადაც ნაჩვენებია სეტყვისგან განადგურებული ვენახები. ასევე საფრანგეთში, ბორდოში, ბურგუნდიაში და ასე შემდეგ.

რასფიქრობთბიოდაბიოდინამიურიმევენახეობა-მეღვინეობისდამოკიდებულებაზეტერუარისცნებასთან, რადგანამბოლოდროსხშირადგვესმისტერუარისდაამმიმართულებებისკავშირზე.

– ბიოლოგიურ სოფლის მევენახეობაში მცენარეთა დაცვისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ორ პრეპარატს, ესენია გოგირდი და სპილენძი. სამწუხაროც მჟავე ნიადაგებზე არ ხდება სპილენძის დეგრადაცია, მაგრამ საკმაო ორგანული ნივთიერებების შემცველ sol argilo-calcaire (კირიან თიხნარებზე) კი ხდება სპილენძის დეგრადაცია. სპილენძი ასევე ტოქსიკურია ნიადაგის მიკროორგანიზმების მიმართ. სამაგიეროდ, ძალიან ცოტა ნარჩენებია ღვინოში. ჩვეულებრივ (კონვენციურ) მევენახეობაში სინთეზური ნივთიერებების ფონზე დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ნაკლები ნარჩენები იყოს ღვინოში. ძალიან მალე აუცილებელი გახდება ღვინოს მოყვეს სერთიფიკატი, სადაც იგი შემოწმდება პესტიციდებზე. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევამციროთ შესხურებები. ეს მიდგომა მოითხოვს ვენახის ხშირ მონიტორინგს. მაგალითად მე არ მივმართავ პრევენციულ შესხურებებს, მე ველოდები ვენახის ინფიცირებას და შემდეგ ვახორციელებ კურატიულ (გადამჭრელ) შესხურებებს. ემ მიდგომა საშუალებას მაძლევს გამოვიყენო 1 დან 2 შესხურებით ნაკლები წელიწადში. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ინტენსიურად და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ახორციელებენ დიდი რაოდენობით პრევენციულ შესხურებებს, ეს იმას გავს, რომ თქვენ მიიღოთ ანტიბიოტიკები დღეს, იმისათვის, რომ ხვალ ან ზეგ ცუდად არ გახდეთ. ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელია.

ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა უფრო ფილოსოფიაა, ჩემთვის იგი დაკავშირებულია რისკებთან. ეს არის ძალიან კარგი ფილოსოფია, რომელსაც მე არ ვფლობ, მაგრამ ვიცი, რომ არის მოსავლის დაკარგვის რისკი, რაც გამოწვეულია მცენარის დაცვის ნაკლებობით. ამ შემთხვევაში მე როგორც კონსულტანტს, არ შემიძლია ჩემს თავზე ავიღო ეს რისკი, ამ შემთხვევაში უფრო მფლობელმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

 -არსებობსაზრი,რომბიოდაბიოდინამიურიმეურნეობახელსუწყობსტერუარისეფექტისგამოვლენას, თქვენამაზერასფიქრობთ? ასევეცნობილია,რომამტიპისმეურნეობისშემთხვევაშიარისპრინციპები,რომლებმაცშეიძლებაუარყოფითადიმოქმედოსვაზისკულტურაზე,მაგალითადთითქმისარვამუშავებთნიადაგს,რაცგავლენასახდენსწყლისრეჟიმზედაშეიძლებაგამოიწვიოსსტრესი.

 – კი, ეს მართალია, ბიო და ბიო დინამიური მეურნეობის შემთხვევაში ტერუარის ეფექტი უფრო გამოხატულია. მაგრამ არის მეორე შემთხვევაც, სპილენძი ჩამორეცხვადია, ამიტომ ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის შემთხვევაში უნდა ჩავატაროთ უფრო ხშირი შესხურებები, რადგან თუ არის წვიმა 15-20 მილიმეტრი, სპილენძი ჩამოირეცხება და იძულებულნი ვართ ხელახლა მოვახდინოთ შესხურება. ტრადიციულ ქიმიურ მეურნეობაში ჩვენ შეგვიძლია წელიწადში 10 შესხურებით დავიცვათ ვენახი, მაგრამ ბიო მევენახეობაში დაგჭირდებათ 15-16 შესხურება, ანუ 50%-ით მეტი. და სად არის ამ დროს ნახშირბადის ბალანსი, რომელზეც ვკარგავთ კონტროლს? (bilan carbone, carbon accounting ). ასევე ვახდენთ ნიადაგის ძეკვას ტრაქტორით. მე გეტყვით ჩემი მიდგომისშესახებ. მე ვიყენებ სინთეზურ მოლეკულებს, ანუ „ქიმიურ პრეპარატებს“ გამოხორბლამდე, ეს ის პერიოდია, როდესაც გამოდის მარცვალი და ცვივა ყვავილედის სხვა ნაწილები. ესაა ყვავილობის შემდგომი ფაზა. ბოლო „ქიმიურ“ შესხურებას სწორედ ამ დროს ვახორციელებ. რთვლამდე 90 დღით ადრე მე აღარ ვიყენებ სინთეზურ ნივთიერებებს და  გადავდივარ ბიოზე. ვიყენებ მხოლოდ გოგირდს და სპილენძს, ამგვარად შეგვიძლია ვაწარმოოთ ღვინო, რომელიც თითქმის თავისუფალია პესტიციდების ნარჩენებისაგან. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არის სიდამპლის შემოტევა C, D სტადიაში, ანუ შეთვალების პერიოდში და 21 დღის მანძილზე რთვლამდე. ამ შემთხვევაში ღვინოში გვექნება ნარჩენები. და არსებობენ მოლეკულები, რომლებიც უფრო ხშირად ჩნდებიან ღვინოში. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ყოველ წელს მიწევს დიდი მუშაობა, რათა შევარჩიო შესაბამისი აქტიური მოლეკულები. ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში მაქვს ზღვრები, რომლებსაც არ გადავდივარ.

რასფიქრობთქართულღვინოებზედაქართულტერუარზე.

 – 90 წლიანმა კომუნიზმის ეპოქამ ხელი შეუშალა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში. მაგრამ დღესდღეობით ახალი თაობის მწარმოებლები ცდილობენ, მაგალითად ისეთი ტერუარების განვითარებას, როგორიცაა მუკუზანი. როდესაც ვნახე ეს ტერუარი, ძალიან მომეწონა, ასევე ნაფარეული და სხვა. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი უცნობი ტერუარია საქართველოში, რომლებმაც შეიძლება საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში თქვენ გაქვთ ძალიან განსხვავებული, მრავალფეროვანი ტერუარები, ისევე როგორც ბორდოში. მაგალითად, დორდონის მარჯვენა სანაპიროზე, ფერდობებზე ზემოთა ნაწილში არის კირქვის შემცველი თიხოვანი ნიადაგები, ხოლო მედოკში, ანუ მარცხენა სანაპიროზე გვხვდება მრგვალი ქვები, რომლებიც თეთრი და ჟანგისფერია. ეს უკანასკნელი კაბერნე სოვინიონის სამეფოა, ხოლო თიხიანი ნიადაგები კაბერნე ფრანისთვისაა საუკეთესო. ეს არის ბერკეტები, რომელთა დახმარებითაც ადამიანმა ადაპტაცია უნდა მოახდინოს ტერუართან. მე მაგალითად წელს ვაშენებ ვენახს, გავაშენე შარშან, გავაშენე 2 წლის წინ და ასე შემდეგ. მე 65 წლის ვარ, ვკრეფ ყურძენს ვენახიდან რომელიც 60 წლისაა, ადამიანი, რომელმაც ის გააშენა, უკვე აღარაა ამ ქვეყნად, მაგრამ მე ვსარგებლობ მისი შესრულებული საქმით. ასევე 20 ან 30 წლის შემდეგ, როდესაც მე აღარ ვიქნები, იმ ვენახით, რასაც მე ახლა ვაშენებ, ისარგებლებენ სხვა ადამიანები. ჩემი ფილოსოფია შემდეგია: იმ ასოციაციას, რასაც მე შევქმნი: ნიადაგი-ჯიში-საძირე და რომელიც ძირითადია, ხანგძლივი მნიშვნელობა აქვს. ამით უნდა ისარგებლონ შემდგომმა თაობებმა და მე ახლა ვალდებული ვარ, რომ ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა მივანიჭო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის პორტრეტები. ნიკოლოზ ნატროშვილი

$
0
0

პროლოგი:

ნიკოლოზ ნატროშვილი 26 წლისაა და როცა მის მონათხრობს ვუსმენდი, ერთი პრინციპული და  შრომისმოყვარე, პროგრესისტი, უცოდინრობის მიმართ შეურიგებელი, ოდნავ რადიკალური და ზოგჯერ, ირონიითაც აღჭურვილი ენამწარე კახელი თავადი გამახსენა, რომლის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით. მაგრამ, მგონია, რომ სახელს უნებლიეთ ებმის კონტექსტი, პათეტიკისა და საკრალურობის მძლავრი ტონებით, ამიტომ ჩემს  უწყინარ შედარებას ბოლომდე ტაბუს არ ავხსნი.

გახსოვთ, ალბათ, ეს კაცი, საკმაოდ მოგვიანებით საკუთარი ბიოგრაფიის იმ მომენტს აღბეჭდავდა, პეტერბურგში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ როგორი უფაქიზესი განცდებით უახლოვდებოდა საკუთარ ქვეყანას და უკვე გარედან ჭვრეტდა საკუთარ სოციო-კულტურულ გარემოს; ფიქრობდა ქართულ ხასიათებზე და  პროგრესის, განვითარების ვნებას აყოლილს ძალიან ეპატარავებოდა კავკასიონის მთები; გრძნობდა ძალას, რასაც ყველა ენთუზიასტი, საკუთარი საქმის მცოდნე, გულმხურვალე და უკომპრომისო ახალგაზრდა გრძნობს. 

ალბათ, იმაშიც არის არაცნობიერისა და ირაციონალურის წვლილი, რომ ნიკოლოზის შესახებ თხრობას სწორედ ეს ნაკადი შეუერთდა. ტექსტი, რომელმაც ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი მეტაფორა აღბეჭდა - „ძაღლყურძენა თუ მტევანი?“ („ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა”).

შევეცდები, მოყვე ამბავი ადამიანზე, რომლის ოთხმა წელიწადმა უცხოობაში „მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანი“ მოიღო. გნებავთ ალეგორიულად გამიგეთ, გნებავთ - ბუკვალურად.

პირველი ნაბიჯები ბიომეურნეობაში

ნიკოლოზის დაინტერესება მეღვინეობის საკითხებით დაიწყო იმ პერიოდში, როცა მისი ოჯახი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის - ელკანას წევრი გახდა და კონვერსიის შრომატევად და ძალიან საინტერესო პროცესში ჩაერთო. ეს სამეურნეო პრაქტიკა მთლიანად მიმართული იყო ემპირიასა და დაკვირვებაზე, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მისთვის, ბავშვისთვის, რომელსაც ჰქონდა ცხოველი ინტერესი ნიადაგის სხვადასხვა პლასტებისა და მისი ცოცხალი მიკროსამყაროს მიმართ. 

როგორც თავად აღნიშნავს, 2003-2005 წლებში ამ ტიპის მეურნეობები საქართველოში ძალიან ცოტა იყო, ელკანა პროცესს მეთვალყურეობდა და საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა ოჯახებს, როგორც სათესლე მასალის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ისე - ფინანსური რესურსებითაც. შედეგად მოხდა ის, რომ ბიომეურნეობის პრაქტიკამ მათ ვენახს შესამჩნევი სიკეთეები მოუტანა, მაგალითად, აღნიშნულ პერიოდში, 3-4 წლის განმავლობაში სრულად აღმოიფხვრა ყურძნის ჭია. დაკვირვებებითა და აღმოჩენებით დატვირთული ეს პერიოდი ნიკოლოზისთვის ინსპირაციის წყარო გახდა და როცა პროფესიის არჩევის დილემის წინაშე დადგა, ბევრი არ უფიქრია, ჩააბარა იქ, სადაც ექნებოდა შესაძლებლობა, მევენახეობა-მეღვინეობის საკითხები უფრო სიღრმისეულად შეესწავლა.  

ევროპული გამოცდილებების გაცნობა

თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის სასურსათო ტექნოლოგიის ფაკულტეტზე მისი სწავლის პროცესი საკმაოდ რთულ, გარდამავალ პერიოდს დაემთხვა - ინსტიტუტის რეფორმირების, შენობის შეცვლის, ინფრასტრუქტურის რღვევის პროცესს. რაც შეეხება, უშუალოდ, სასწავლო სფეროს, ნიკოლოზის თქმით, კურიკულუმიც  არ იყო მოქნილი და კონცენტრირებული.  

2008 წელს, ელკანასავე დახმარებით, შვეიცარიაში, ვოს კანტონში გაიარა რამდენიმეთვიანი სტაჟირება ბიო- და ბიოდინამიკურ მევენახეობაში. ამ პერიოდში მას საშუალება ჰქონდა, უფრო ღრმად ჩაეხედა ამ ტიპის მეურნეობების მუშაობის სპეციფიკაში, მით უმეტეს, რომ სტაჟირებას თან ერთვოდა თეორიული კურსი, სადაც პრაქტიკაში წამოჭრილი საკითხების რეფლექსია ხდებოდა. ის სწავლობდა ბიომეურნეობაში გამოყენებადი პრეპარატებით მავნებელ დაავადებათა კონტროლს, აგრეთვე, მწვანე ოპერაციებს ვენახში, ბიოდინამიკური პრეპარატებისა და მცენარეული ნაყენების მომზადებას, სამკურნალო მცენარეების შეგროვებას და სხვ.

„დილის სუსხი... ალპებიდან წამოსულმა ცივმა ქარმა ძვლებში დამიარა და ისევ თბილი ლოგინისკენ მიბიძგა, მაგრამ როცა ათობით ჩემხელა ბავშვი სამუშაოდ გამოსული დავინახე, წინ წასვლა მომინდა. ვის გაუგია წვიმაში მუშაობა? ჩვენში ეგრე არ იციან, არ ვმუშაობთ წვიმაში. გვერდით pierre-Alain-მა ჩამიარა, მხარზე ხელი ღიმილით დამკრა და ვენახის რიგისკენ მიბიძგა. გაჭირვებით დავიწყე სამუშაოს შესრულება და თან ღმერთს შევთხოვ გადაიღოს grin emoticon, მაგრამ რომ არც იღებს და არც არავინ  წევს თავს ზემოთ? ყველა უხმოდ მუშაობს. გაყურსული ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვერც ვჩერდები. გოგოები მუშაობენ, მრცხვენია - როგორ ავწიო თავი?! უცებ გამახსენდა საქართველო, წარმოვიდგინე ჩემი მეგობარი გოგოები (თავმოყვარენი) ვენახში და გამეცინა. მგონი ძალაინ დიდი აურზაური იწყება ჩემს თავს.“ - ეს გულწრფელი და იუმორით აღწერილი ამბავი ნიკოლოზის შვეიცარიული დღიურებიდანაა.

შვეიცარიაში სტაჟირების შემდეგ ნიკოლოზის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, როცა მან საფრანგეთის სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა და ბურგუნდიის უნივერსიტეტის ჟიულ გიიოს სახელობის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მევენახეობის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში ჩააბარა. იქაური სასწავლო მოდელი იყო მაქსიმალურად კონცენტრირებული და სტუდენტზე ორიენტირებული. პარალელურად გადიოდნენ პრაქტიკებს მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში მოქმედ სხვადასხვა სტრუქტურებში. ნიკოლოზისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მიეცა ლუი ჟადოს (louis jadot) მარანში რთველსა და პინო ნუარის დაყენების პროცესში თანამონაწილეობის შესაძლებლობა. ის, აგრეთვე, ჩართული იყო შარდონეს კასრში დადუღებისა და კლასიკური ბურგუნდიული მეთოდით კასრშივე დაყენების პროცესში (elevage sur lie).  

ენოლოგიის მაგისტრატურის პირველი წლის დამთავრებისა და cave de viré-ს (კოოპერატიული მარნის) 2010 წლის რთველში მონაწილეობის შემდეგ ნიკოლოზი მცირე ხნით საქართვლოში დაბრუნდა და ღვინის კომპანიებში (ხარება, შუმი) მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, სხვადასხვა ფუნქციებით - მარნის სამუშაოები, ვენახების მონიტორინგი და სხვ. რის შემდეგაც ის კვლავ დაუბრუნდა ბურგუნდიას, მევენახეობისა და ტერუარის მაგისტრატურასა და საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებს, იქაური ღვინოების სტილის უკეთ შესწავლის მიზნით. 

2013-2015 წლებში ნიკოლოზი ბესინის მეღვინე იყო,  სულ ახლახანს კი GWS-ისგან მიიღო შემოთავაზება და კომპანიის ლაბორატორიის მენეჯერი გახდა. 

Point of View

თუ არ ჩავთვლით სტუდენტობის პერიოდს, ნიკოლოზს თბილისში არ უცხოვრია, ევროპაში განათლების მიღების შემდეგ ის ქალაქ გურჯაანს დაუბრუნდა, რადგან, როგორც აღნიშნავს, საკუთარ თავს თბილისში „ვერ ხედავს“. სამწუხაროდ, მისი მეგობრები, თანაკლასელები ერთადერთნი არ არიან, ვისი ტალანტები და თვითრეალიზაციის საუკეთესო შესაძლებლობები ურბანიზაციის წამლეკავ პროცესში ჩაიკარგა. ნიკოლოზის აზრით, ეს არის ყველაზე მცდარი და არაპრაგმატული გადაწყვეტილება, როცა ადამიანი, რომელსაც საკუთარ რეგიონში წარმატებული მცირე ბიზნესის განვითარების სრულიად რეალური შესაძლებლობა აქვს, თბილისსა და სამასლარიან ჯამაგირს შეაფარებს თავს. 

ბევრ მწვავე და სენსიტიურ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგალითად, საქართველოში მცირე მარნების განვითარების პერსპექტივაზე, სადაც ნიკოლოზის აზრით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მცირე მწარმოებელთა პროფესიული განვითარების საჭიროება. საკუთარი მაგალითით ის ამტკიცებს, რომ მცირე მარნების განვითარება საქართველოში შეიძლება წარმატებული ბიზნესის პირობა იყოს. ნიკოლოზის საოჯახო მარანს საკუთარი სტაბილური მომხმარებელი ჰყავს და მის შემთხვევაში დღეისათვის მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე - მიწოდების შესაძლებლობა. ამიტომ ოჯახი უკვე დიდ რესურსს დებს ვენახებისა და წარმოების გაფართოებაში. თავიანთ მყიდველს საკუთარ მარანში ისინი აჩვენებენ ქვევრის გახსნის პროცესს, დაათვალიერებინებენ ქვევრს. ეს ინტერაქტიულობა მყიდველში განსაკუთრებულ პატივისცემას იწვევს და თანამშრომლობით დამოკიდებულებას აღვივებს მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. ნიკოლოზისთვის, ვინც ბიოლოგიური მეურნეობის გამოცდილებებს საკმაოდ კარგად იცნობს, ეს პრაქტიკა, a priori, ხარისხთან არ გაიგივდება. მისი თქმით, სასურველი შედეგის მომტანი მხოლოდ ბიომეურნეობის სწორი მართვაა, კომბინირებული ზოგიერთ კონვენციურ მეთოდთან. ეს მიდგომა იმთავითვე გულისხმობს დიდი თეორიული და ემპირიული ცოდნის ფლობას. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა გამოცდილებებს, სადაც მცირე მარნები აყვავებულია, საფუძვლად უდევს, სწორედ, მევენახესა და ღვინის მწარმოებლის აგრონომიული ცოდნა (და არა მხოლოდ ბუნებრივი პროცესების შეუვალობის ფილოსოფია). 

ნიკოლოზი არის ადამიანი, ვინც პრობლემებზე მსჯელობას, საქმიან კრიტიკას არ გაურბის და არც - ერიდება. მისი აზრით, მიუკერძოებელი განსჯა და რეფლექსია მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. აქ უნებურად გამახსენდა - „სიტყვა „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო“ და ამ ხალასი ირონიის მიღმა საკმაოდ მოზომილ რიტორიკას ამოვიკითხავ, მიმართულს იმ ხალხისადმი, რომელთა შორისაც, შესაძლოა, უფრო ძლიერი ინსტინქტი იყოს წარსულისა და წასულთა მიმართ დაუცხრომელი მიჯნურობა, ვიდრე - სიცოცხლის, ახალგაზრდობისა და განვითარების იმპულსი. როგორც ჩანს, ეს მცირე ერების ეგზისტენციური შიშის ნაწილია და ეს კულტურული კოდი თავს იჩენს უკიდურესად  ყოფით დონეებზეც კი. მაშინ, როცა გვეშინია კამათის, კრიტიკის, აზრთა სხვადასხვაობისა და საბოლოო ჯამში, სიცოცხლის; მაშინ, როცა დაუსრულებლად მივტირით ისტორიას და ინდივიდებს, უფრო ხშირად, ვაღიარებთ „წასულების“ ხარისხში.  

ნიკოლოზმა და მისმა მეგობრებმა სულ ახლახანს დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა მეღვინეთა ასოციაცია“. აქ ისინი ახალგაზრდა პროფესიონალთა რესურსების გაერთიანებასა და მეღვინეობის სფეროში ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საერთოდ, ჩვენი გმირი თვლის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი საქართველოში არამხოლოდ ღვინის ექსპორტის განვითარებაშია, არამედ - მცირე მეღვინეობებისა და სამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბებაში. ეს ორი კი ერთმანეთთან უშუალოდაა დაკავშირებული. მისი თქმით, ქართული ღვინის წარმატებები საერთაშორისო ღონისძიებებზე მართლაც სასიხარულოა, თუმცა ამგვარ ფაქტებს საკუთრივ საქართველოში ღვინის კულტურის განვითარებაზე პირდაპირი გავლენა ვერ ექნება. 

ნიკოლოზი დიდი მოყვარულია საფრანგეთის, როგორც მეღვინეობის ქვეყნისა, სადაც ღვინო ადამიანების ცხოვრების, მათი ღირსების ორგანული ნაწილია და უშუალო კავშირშია მათს კულტურულ იდენტობასთან. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მეღვინეობის ქართული გამოცდილებიდან მის მეხსიერებაში დალექილია 90-იანი წლების ღვინის ქარხნები და უზარმაზარი ავზები, რომლებსაც ყურძნის წვენი გასდიოდა და ეს სუნი და გემო მას აგონებს ჩვენი ყოფითი ისტორიის ერთ-ერთ იმ პერიოდს, როცა ღვინო და ღირსება, ღვინო და ღირებულებები ერთმანეთს მკვეთრად გაემიჯნა.  

სამაგიეროდ, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე რთველმა საფრანგეთში, ცნობილ ნეგოციანტთან, ჟადორთან, სადაც ცხადად შეიგრძნო რთველი, როგორც მოვლენა, სადაც კარნავალს, დღესასწაულს ქმნის ინდივიდების შრომა. ამგვარი კარნავალის საკმაოდ საინტერესო  გამოცდილება საქართველოშიც არსებობდა, გავიხსენოთ ნადური სიმღერები, სადაც გუნდები ერთმანეთს ეპაექრებიან ანტიფონური წესით, სადაც შრომა ხალისიან და მხნე ჰანგებთან და ასეთსავე განწყობებთან გაიგივდება. ჩვენი გმირი, ასევე, დიდი მოწიწებით იხსენებს ფრანგ მეღვინეს, რომლის დაკოჟრილმა ხელებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნიკოლოზზე. ისინი ერთად სვამდნენ ღვინოს და ეს კაციც დიდი ენთუზიაზმითა და აღტაცებით უამბობდა მას საკუთარ ვენახსა და ღვინის დაყენების სხვადასხვა მომენტებზე. ნიკოლოზს უნდა, რომ ქართველ მევენახეებშიც, რომლებიც ბევრი მოვლენის, პირველ რიგში კი - ალბათ, ღირებულებრივი კრიზისის მსხვერპლნი არიან, ამოიკითხოს ეს აღტაცება ღვინით, ვენახითა და შრომით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის დღიურები. ქეთი ჯურხაძე. სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ დამფუძნებელი

$
0
0

ფოტო: LEON TOGGO'S PHOTOGRAPHY

2 ნოემბერი, ორშაბათი 

ორშაბათი, ყოველთვის ყველასთვის მძიმე დღეა (ნუ ასე ეძახიან), თუმცა ჩემთვის ისეთივეა როგორც ყველა დანარჩენი...

დილის 6 საათია, ლექსო გორში გავაცილე... ლექსო 22 წლისაა და ეთა-ში (ეროვნული თავდაცვის აკადემია) სწავლობს, ძალიან უყვარს თავის პროფესია, ვერც კი აღვწერ როგორ უნდოდა, იქ რომ ესწავლა, რამდენი რამ გადაიტანა და გააკეთა ამისთვის... მე კი შიშით დავიწყე ცხოვრება და დილა-საღამოს მხოლოდ მშვიდობას ვნატრობ...

ლექსოს გაცილების მერე კი ჩვეული ტემპით იწყება დღე... სახლში ბევრნი ვართ, რაც ოჯახს ერთგვარ სიხალისეს ჰმატებს. ხშირად იტალიურ სახლს ჰგავს, თავისი ხმაურითა და მხიარული აურზაურით. ერთად ვცხოვრობთ, სულ რაღაც, შვიდს პლუს ბენო - ჩვენი თუთიყუში. ბენო საოცრად საუბრობს, ყვება ლექსებს და გაუთავებლად გვიმტკიცებს, რომ ვაკელი ბიჭია. ერთად ვართ უკვე 21 წელიწადია მე, ალეკო, მანჩო - ალეკოს დედა, თეო - ძმისშვილებზე უზომოდ შეყვარებული მამიდა  (არ მიყვარს „დედამთილი“ და „მული“, ეს რაღაც ამკაცრებს და აუცხოებს ურთიერთობას, ჩვენში კი ეს ნამდვილად არ არის), ლუკა, ბარბარე და ლექსო, რომელიც სულ მენატრება, ეთა-დან მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებს ჩამოსვლას. 

დილით მანჩო ფუსფუსებს,  ლუკას ამზადებს სკოლისთვის, ყველა ვფუსფუსებთ და მივიჩქარით სამსახურისკენ, მათ შორის, ბარბარეც. მისთვის ბაღი სამსახურია და საქმიანად, თუმცა ცოტა უხალისოდ ემზადება. მე და ალემ ბაღში მივიყვანეთ და ტრადიციადქცეული დამშვიდობებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ბაბალე ამ დამშვიდობებას „ოთხები“-ს ეძახის, არადა ეს ოთხები ერთი დიდი ჩახუტებაა და ერთი ტკბილი კოცნა. ამ თბილი დამშვიდობების მერე მეც სამსახურისკენ მივიჩქარი. კოლეჯისკენ, სადაც სომელიეს კურსის სტუდენტები მელოდებიან, გული მწყდება ახალი ჯგუფი აღარ მეყოლება, სხვა სამსახურში გადავდივარ და იქ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და საინტერესო საქმეები მელოდება. კოლეჯზეც გული მწყდება, 8 წელი ცოტა არ არის, თან პირველი სომელიეს კურსიც აქ შევქმენით, მაგრამ... ალბათ დრო მოვიდა და უფრო უნდა გავიზარდო : ) გული მწყდება, რომ ამ პროფესიას ბევრი ვერ აფასებს სათანადოდ, და სხვა პროფესიებთან აიგივებს. ხანდახან მეჩვენება რომ ამ სპეციალობას განვითარება არ უწერია... ძირშივე კლავენ, არადა ახლა იწყებს ფეხის ადგმას, ახლა ყალიბდება და უკვე როგორც ყველგან ისე ამ სფეროშიც ყველაფერი არეულია... სომელიეს განმარტებაც კი არ იცის ბევრმა სწორად...

კოლეჯიდან ილიაუნიში, საოცარი სტუდენტები, რაღაც საოცარი მუხტით და ენერგიით. მიყვარს მათთან ყოფნა. ხადახან ვფიქრობ, ნეტა მე ვასწავლი მათ, თუ მე ვსწავლობ მათგან... ალბათ ორივე მხარე, თორემ ასეთი შეთანხმებული მუშაობა ვერ შედგებოდა.

ლექციები გვიან დამთავრდა, უკვე საღამოს 8 საათია. სახლში მელოდებიან, განსაკუთრებით - ბარბარე. კარებზე ზარს ვრეკავ და მისი კისკისი ყველა დაღლას მავიწყებს. ისევ თავიდან ვივსები ენერგიით, თავისი ტიტინით მიყვება ბაღის ამბებს, თან ძილისთვის ვემზადებით. ბაბალეც დავაწვინე და ხვალინდელი დღისთვის მასალის მომზადებაც დავიწყე... ხვალ ღვინის კომპანია„მილდიანთან“ ტრენინგის ბოლო დღეა..... სულ ბოლოს კი ზარი ჩემს დედუსთან. რომელიც სულ მელოდება...

3 ნოემბერი, სამშაბათი 

ჩვეული რიტმით დაიწყო დილა. მანჩო ისევ ამზადებს ლუკას სკოლისთვის. საოცარი ბებიაა, მისთვის არავინ იზრდება, ყველანი პატარები ვართ. მე სულ 18 წლის ვარ მისთვის და ისევ ისე მარიგებს როგორც ადრე... ენერგიით სავსე ადამიანია, ერთდროულად თბილიც და მკაცრიც.

ბარბარე მე და ალემ წავიყვანეთ ბაღში. რა თქმა უნდა, გზაში მთავარი თემა ბაღის ამბებია... მერე ტრადიციული დამშვიდობება სახელად „ოთხები“... ბაღთან ალე მელოდება ღვინის კომპანიაში მისაყვანად... მილდიანების სტაფი, საოცარი თბილი და კომფორტული ხალხია. მეამაყება, რომ ვიყავი მათი ტრენერი, მეამამაყება მათი ნდობის ფაქტორიც, ჩემი ჯერ პატარა ღვინის სკოლისადმი. გული მწყდება, ტრენინგი რომ მთავრდება, თუმცა წინ კიდევ ერთი შეხვედრა და მათი მარნის მონახულება გველის. 

ტრენინგის მერე ისევ ალეკო მეხმარება, საერთოდ ალე რომ არ მყავდეს არ ვიცი რას მივაღწევდი, სულ გვერდით მყავს, სულ მეხმარება... ხანდახან ზღვარს ვკარგავთ ისე ვცხოვრობთ ერთმანეთის ცხოვრებით. ბევრია მისი დამსახურება ჩემს ცხოვრებაში, უზომოდ ბევრი. ამიტომაც დღესაც ისე მიყვარს და გვიყვარს ერთმანეთი როგორც 21 წლის წინათ. თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს დრო გაჩერდა ჩვენთვის, მხოლოდ შვილები გვახსენებენ წლებს, თუმცა ბარბარე ისევ გვავიწყებს და ყოველი დღე უფრო ტკბილი და თბილია... სულ მეუბნება შენი ბრალია ღვინო რომ ვიცი და ღვინის სფეროში გავერკვიეო. ჩემგან განსხვავებით, ალე  საოცარად მშვიდი ადამიანია. 

ახლა ახალ სამსახურში მივდივარ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აქ კანცლერის მოადგილე ვარ, ისე მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, რომ დღესაც ვერ ვიჯერებ... და ზუსტად ვიცი, რომც მოვყვე, მაინც არავინ დაიჯერებს, რაოდენ მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი... უნის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი აქვს, მაგისტრატურის განხრით. ახლა იწყებენ და თავისთავად დიდი გეგმები გვაქვს. უნის ბაზაზე საოცარი მარანი აქვს, ქვევრებით სავსე, სადაც უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები ელოდებიან თავიანთ დროს. მალე სამეცნიერო კვლევებსაც დავიწყებთ და კიდევ ბევრი ახალი იდეებიც გაჩნდება. უნის კარი ყველასთვის ღიაა, ყველას მოსაზრება და იდეა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ხომ ვიზრდებით, ასე რომ... 

უკვე პირველი დღის გეგმაც გავწერე, დავგეგმე შეხვედრებიც და დროც გავიდა. ახლა ჩემს სკოლაში „კაბისტონში“ ჩემი თბილი, მხიარული მსმენელები მელოდებიან. აქ ყველა თანატოლია, ასაკი ყველას ავიწყდება და, თითქოს, სახელიდან გამომდინარე, მართლა სკოლის ბავშვებს ემსგავსებიან... რომ იტყვიან, ლიმონივით მწურავენ, კითხვები არ უმთავრდებათ. დრო ისე გარბის, ვერ ვიგებთ. დავგეგმეთ გასვლითი ლექციაც. ალემაც მომაკითხა და სახლში მივდივარ, უკვე ათი დაიწყო, ბარბარე კი მელოდება...

ახლა ვწერ და ვხვდები, რამდენი ვინმე მელოდება ყოველდღე. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა. ეს ის არის, რისთვისაც ღირს, რომ იცხოვრო. და რაც მთავარია იცხოვრო და არ იარსებო.

მანჩო და თეო ბავშვებთან არიან. ისინი ჩემზე მეტად არიან ბავშვებთან. ისინი ჩემი იმედის ნაწილია. მათ გამო სულ მშვიდად ვარ და არასდროს ვფიქრობ, ნეტა რამე ხომ არ უჭირთ ბავშვებს. ეს კი - კიდევ ერთი ბედნიერებაა. 

ისევ კარებს იქითა ბაბალეს კისკისი და ჩვეული რიტმი, ძილისთვის მომზადება, ბაღის ამბებით... ბაბალეს ვაწვენ და თან მარიგებს. დაწოლის დროა  და თავის ლოგინში მთხოვს დაწოლას. მეც ვწვები და ეს ერთი ციდა ლოგინი ყველაზე თბილი და მშვიდი ადგილია დედამიწაზე.  სახლში ყველა დაგვცინის, როცა ამ პაწაწინა ლოგინში ორის ადგილს ვპოულობთ, თუმცა მის ბედნიერ თვალებს რომ შეხედავ, მიხვდები რამდენად დიდია მისი სურვილი, რომლის შესრულებაზეც უარს ვერავინ იტყოდა. ბაბალე იძინებს და მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნოუთბუკის დამტენი სამსახურში დამრჩა, მეც ვისვენებ.

4 ნოემბერი, ოთხშაბათი

დილის 7 საათი. დიდი ხანია, ასე არ გამიღვიძია, გამოძინებულს. ისევ ჩვეული რიტმი.... ლუკა და მანჩო, ბარბარე ბაღში, ჩვენ - სამსახურებში. მე ბაბალეს ტკბილი „ოთხები“ მიმყვება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დღეს პირველი საქმიანი შეხვედრა მაქვს დეკანთან, ფაკულტეტის პროგრამა და სამომავლო გეგმები უნდა გავიაროთ.

შეხვედრა საინეტრესო იყო, ვფიქრობ, შედეგიანიც. საინტერესო და ძლიერი გუნდი დამხვდა. ვფიქრობ,  ერთად ბევრს შევძლებთ და ბევრ საინტერესოს გავაკეთებთ. ახლაც ვწერ და ვხვდები რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია, თუმცა არც შიშის და არც ნერვიულობის დრო არ მაქვს : ) მთელი დღე დატვირთული იყო. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ: ღვინო და ღვინის ირგვლივ ყველაფერი. ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ, მიყვარს ჩემი პროფესიაც. ძალიან საინტერესო და მუდმივად განვითარებადია. მეღვინეობა და თვითონ ღვინო ეს ხომ ამოუწურავი მასალაა.

სახლშიც მიმეჩქარება, ხვალ პირვლი საერთაშორისო კონფერენციაა კოლეჯში და მოხსენებით უნდა წარვდგე. ცოტას ვღელავ...

სადეგუსტაციოდან თათია მირეკავს, მთელი თვეა, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე მისვლა, არადა, როგორ მენატრებიან. ახლაც ვერ ვიცლი, ხვალ ხომ კონფერენციაა.... ერთი დიდი სიამოვნებაა სადეგუსტაციოში მისვლა. კარგია, როცა სამსახური სიამოვნებას განიჭებს. ჩემი ფანჯრიდან ლამაზი ხედია, საღამოს ლამაზად ჩანს, როგორ ჩადის მზე და წითელი ცაც ჩნდება. ხვალინდელი დღეც დავგეგმე და სახლისკენ წავედი. გზაში გამახსენდა, ჩემი ნოუთბუკის დამტენი ისევ დამრჩა და საქმეც ერთად მიგროვდება. დედუს ზარი, რომელიც ერთიანად მამშვიდებს, „ჰოდა კიდევ ერთ საღამოს დაისვენებ“, - მესმის ტელეფონში : )

გზად ალეკო შემხვდა,  მერე თეოს გავუარეთ და ყველა ერთად წამოვედით სახლში. ოჯახის ეს სითბო, მამშვიდებს და ხვალინდელი დღის საქმეებზე ფიქრს მავიწყებს.

კარებთან ბარბარე დაგვხვდა ბაღის ამბებით. ბაბალეც დაწვა... ლუკა ავტობიოგრაფიას წერს, სკოლაში სამხედრო სამსახურისთვს მოსთხოვეს, თან განვლილი კვირის ამბებს მიყვება. წლები რომ გარბის, მხოლოდ ასეთ დროს მახსენდება. ლუკაც უცბად გაიზარდა. ასაკი აქვს ე.წ. თინეიჯერული, თავისებური საფიქრალით და პრობლემებით, მაგრამ მაინც ბავშვური სითბოთი და გამოხედვით. ყველა დაწვა. სახლში სიჩუმეა და თითქოს ყველას სუნთქვა მესმის, მე კი ეს მამშვიდებს. უკვე ღამის სამი საათია.

5 ნოემბერი, ხუთშაბათი

დილის 7 საათი და... ყველაფერი თავიდან დაიწყო.

ბაბალემ ტირილით გაიღვიძა, ცუდი სიზმარი ნახა და მოყვა, ბაღში როგორ გააბრაზეს. არადა, ისევ ბაღი! თუმცა „ოთხები“ ორივეს გვამშვიდებს და სიტყვები - „დედიკო, მეც მიყვარხარ!“ ლუკა სკოლაში მიდის, მასაც უბრაზდება და არ მოსწონს. ძალიან უყვარს ლუკასთან თამაში.

ჩვენც სამსახურებში წავედით. კოლეჯში კონფერენციაზე მივედი. საინტერესო იყო  -მოხსენებით წარვდექი, სათაურით - საქართველოს თხევადი ოქრო და მისი მნიშვნელობა ტურიზმში. ასეთ დროს არასდროს არ მახსოვს, რას ვსაუბრობ. შეგრძნება მახსოვს, თითქოს დამშვიდობებას ჰგავდა. არადა ასეც გამოვიდა...

კონფერენციიდან ილიაში წავედი, სტუდენტებმა სემინარზე დავალება დაწერეს, თემაზე ღვინის განათლება და მისი მნიშვნელობა ტურიზმში. გული დამწყდა როცა ამდენი სტუდენტი ერთად წერს რომ ქვეყანაში ღვინის განათლების ნაკლებობაა, რომ ინფორმაციული ვაკუუმია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნება, ვისგანაც რამე შეიძლება გაიგო. მტკივნეული რეალობა... განათლება მარტო ტექნოლოგიის ცოდნა არაა, ღვინის განათლება ხომ ფართო ცნებაა, განათლების ნაწილია, როცა ღვინის გემოც სწორად გესმის და ღვინის კულტურაც იცი, რას ნიშნავს. ბოლო 15 წელია სულ ღვინის ირგვლივ ვცხოვრობ. არა, უფრო ღვინოში ვცხოვრობ. მანჩო დამცინის, შვილებზე მეტად ღვინოსთან ხარ ახლოსო. არადა, ასეც გამოვიდა, ჩემი სკოლაც ხომ მეოთხე შვილივით მყავს, ისიც უნდა გაიზარდოს და გზაზე დადგეს. 

სკოლის სახელს ბევრი აღიქვამს სხვაგვარად. არადა, საერთოდ არ მიფიქრია ასე. მე მხოლოდ მისი ისტორიის გამო დავარქვი „კაბისტონი“, ლამის მივიწყებული ყურძნის ჯიშის სახელი.  რამოდენიმემ კი ისე წაიკითხა როგორც „კაბის ტონი“  და კაბასთან და ფერთან გააიგივა. აი კიდევ იმის დასტური, რასაც ვამბობ - ღვინის არასათანადო განათლება...

სკოლაში მივედი. დღეს წითელი ღვინის დეგუსტაცია გვაქვს. მსმენელების ხასიათზე იმოქმედა ღვინომაც და ღვინის ხარისხმაც. ყველა მხიარულ განწყობაზეა და უფრო მეტი კითხვები დაებადათ. ერთგვარი, სითამამე ეწვიათ. ისე გაირბინა, თითქმის, ორმა თვემ, რომ დრო ვერ ვიგრძენით. მალე პრეტესტიც ელოდებათ და ცოტას ნერვიულობენ. მე ეს ნერვიულობა მომწონს - ესე იგი, პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლებას,  რაც სიამოვნებას მგვრის.

უკვე ცხრა საათია. ლექციაც დამთავრდა. ალეკოც მოდის და სახლში მივდივართ. საღამოს ჩვეულებრივ  რიტმს ვუბრუნდები. ხვალ უკვე ლექსოც ჩამოდის და თავისებურ სითბოს შემოიტანს. ხვალ მანჩოც სხვანაირი იქნება. ეს ის დროა, როცა ყველა იცვლება სახლში, ყველა სხვადასხვანაირად, სასიამოვნოდ ვფორიაქობთ. დედუც კი ყოველ პარასკევს მირეკავს და მეკითხება, „დღეს ხომ ლექსო ჩამოდის?“

6 ნოემბერი, პარასკევი 

დილის 7 საათი და... ყველაფერი ჩვეული რიტმით...

უნიში  მივედი. ახალი ტრენინგები დავგეგმეთ, დეკემბერის დასაწყისში გვინდა ჩავატაროთ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება. ახალი იდეებიც გაჩნდა - ახალი სემესტრიდან ტურიზმის ფაკულტეტეს ახალი საგანი დავუმატეთ: ღვინის კულტურა და ისტორია. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო არჩევით საგნად, ღვინოთმცოდნეობა დავამატეთ. ვფიქრობ, სტუდენტებს მოეწონებათ, ცოტას კიდევ წინ წავიწევთ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მეტს მივაღწევთ. თან ვნერვიულობ, უცებ ბევრის შეცვლა ხომ არ მოვინდომე-მეთქი. არადა, ასეთი დუნე რეჟიმი ამ სფეროში ძალიან მაბრაზებს. 

ხანდახან ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრს არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს, იყო ღვინის და ვაზის სამშობლო, არადა პრეტენზია და მოთხოვნა სხვების მიმართ ბევრი გვაქვს. მაგრამ ჩვენ, ჩვენ რას ვაკეთებთ ამისთვის? ფაქტობრივად, არაფერს. ყველა თავისთვის ფუსფუსებს, იმის მაგივრად რომ ყველა ერთად დავდგეთ და ერთად ვაკეთოთ საქმე. ამ ფიქრებში სომხეთიდან ზარი... ნუნე მირეკავს - არენის ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი და ახალ გეგმებზე მესაუბრება. გამახსენდა მათი ღვინის ბარები, მათი ღვინის სერვისი, კონკურსი და ფესტივალი,  და... გული დამწყდა... ასე ერთმანეთის გატანა, საქმისადმი ასეთი  ერთგულება... ნეტა, ამის ნახევარს ჩვენ ვაკეთებდეთ. ჩვენ ერთმანეთს, თითქოს, ვჭამთ. თითქოს, ერთად ვართ და ამ დროს, ოღონდ საშუალება მიეცი და... 

ქართული ღვინის დღის გარშემო ქილიკი ბევრისგან მოვისმინე. რა ერქვა 4 ოქტომბერს? ეს იყო „ქართული ღვინის დღე“ თუ „ქართული ღვინის საათები“? ვეღარ გავიგე. ან ჩვენს ე.წ. ღვინის ბარებში სერვისს სერვისი ჰქვია? აღარაფერს ვამბობ, რომ ღვინის ტურიზმიც არ გვაქვს დალაგებული, ან გვაქვს კი? არც ღვინის გიდი გვყავს ბევრი... ვისაც უნდა - ექსპერტია, ვისაც უნდა - სომელიე და ა.შ. 

ზარი ტელეფონზე. ამ ფიქრებიდან, რეალობას ვუბრუნდები... 

ჩემს სკოლას სთხოვეს, მათი პარტნიორი გამხდარიყო. გამეცინა. ჯერ ხომ პატარები ვართ და უკევე... ალბათ კარგის ნიშანია... პარალელურად ქეთოს ჩემი სკოლის პროგრამას ვუმზადებ კრებულისთვის „მეღვინეობის პროფესიული უნარები საქართველოში“, რომელიც GIZ-ის მხარდაჭერით გამოიცემა. ქეთოს ბრალია, ამ დღიურებსაც რომ ვწერ, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ამ რეჟიმში... ძალიან თბილად შემოვიდა ჩემთან. ალბათ მაინც, ზაზას ღვინის ბრალია. ჯერ ხომ ღვინო ვიცოდი მათი : )

დრო უცბად გავიდა და სახლში წავედი... დერეფანში უნის კანცლერი შემხვდა, თბილი და საინტერესო ადამიანია. ცოტა გავისაუბრეთ, თუმცა ოფიციალური შეხვედრის დანიშნვაც არ დაგვვიწყებია. მართლაც, ბევრი საქმე გვაქვს წინ.

სახლში ლექსოც დამხვდა, ძალიან მომნატრებია.  ცოტა გაბრაზებულია, ლექციების წაკითხვა დაავალეს ეთა-ში. მეცინება და თან მსიამოვნებს. ეს ხომ მისი წარმატებების კიდევ ერთი ეტაპია.

მიყვარს როცა ყველანი ერთად ვართ. სხვანაირი სითბოთი ივსება სახლი. სახლში ჟურნალი დამახვედრეს „და ქალი“. ჩემზეა სტატია, თუ ინტერვიუ. რაღაც სხვა სტილში წერია, თუმცა საინტერესოდ. იქაც ისევ ღვინის განათლების და ღვინის ტურიზმის პრობლემებზე ვსაუბრობ. მგონის საინტერესო გამოვიდა, არ ვიცი. ძნელია, ილაპარაკო, როცა რამე შენ გეხება. 

ალე ბაბალეს ამბავს მიყვება. ბაღში წყალი მიუწოდებიათ, ჯერ ჭიქა დაატრიალა, მერე დასუნა და დალიაო, მასწავლებელი ეკითხება რას აკეთებო და დედიკოს სამსახურიაო, ასე უპასუხა. გემრიელად გამეცინა, და მთელი გულით ჩავკოცნე. ღამის რეჟიმი და ჩვეულებრივი რიტმი. მე ისევ ნოუთბუქთან და ისევ საქმე... მანჩო ჩხუბობს, გვიანობამდე ზიხარ, ასე არ შეიძლებაო. მომწონს და თან არ იცის, რომ მომწონს... სულ ვამბობ, მე უკვე ორი დედა მყავს - დედუ და მანჩო. ორივე ამაყობს ჩემით, ორივე ნერვიულობს, ორივეს უხარია, ორივე ჩემი ცხოვრების ნაწილია და ხანდახან ასე მგონია, ვეღარც კი მიყოფენ. არც მიკვირს, დედუსთან 18 წელი ვიცხოვრე, მანჩოსთან - 21, ამით კი ყველაფერია ნათქვამია...

7 ნოემბერი, შაბათი 

როგორ მიყვარს შაბათი. ოღონდ მაშინ, როცა სახლში ვარ და მთელ დღეს ოჯახთან ვატარებ. ალბათ, ვერ გადმოვცემ, რა ბედნიერებაა შაბათის დილის აურზაური. დილით მანჩო ეკლესიაში წავიდა. მე, თეო და ბარბარეც მალე მივედით ეკლესიაში. ბარბარე უზომოდ კმაყოფილია. ლუკა მასწავლებელთან წავიდა, ლექსო - ჩემი დედუს სანახავად, ალე - ისევ სამსახურში...

ეკლესიიდან სახლში რომ დავბრუნდით, ისევ ზარი და ისევ საქმე. ისევ ნოუთბუქი და ისევ მანჩოს დარიგება. თითქოს, არაფერი იცვლება და როგორ მინდა, რომ დიდხანს არაფერი შეიცვალოს, ძალიან დიდხანს.

დედუ მირეკავს და ძალიან ბედნიერია, უზომოდ ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ლექსო ნახა, ახლა ლუკა ენატრება, მერე ბარბარე და ასე უსასრულოდ. შაბათი, თუნდაც, იმიტომ მიყვარს, რომ ყველასთვის მინდა მოვიცალო, ყველასთვის მინდა ვიყო, მაგრამ დრო ისე გარბის, ბევრს ვერაფერს ვასწრებ...

უკვე გვიანია. მე, ალე, ლუკა და ლექსო ვართ ოთახში. დანარჩენებს ყველას სძინავთ. მე დღიურებს ვწერ და თან მათ ვაკვირდები. მიყვარს, როცა მათ ვუყურებ, როცა მათი ხმა მესმის. როცა მათი ცხოვრებით ვცხოვრობ, როცა მათ ვუსმენ, უბრალოდ ვუსმენ. ამ დროს ალეს ხმა მესმის:
„ვინ არ ყოფილა კანცლერის მოადგილე?“

მე არ ვიმჩნევ. 

მერე ისევ: „ვის არ სცოდნია ღვინო?“ 
ისევ არ ვიმჩნევ და ბოლოს: 

„ვის  არ უწერია დღიურები? გვითხარი რამე“ 

თან იცინის. მერე ლექსოც აჰყვა. ლექსოს ლუკა და ისევ სიცილი და ჟრიამული. სულ დაგვავიწყდა, რომ სხვებს უკვე სძინავთ. სახლში ვერავინ ეგუება ჩემს სიჩუმეს, ან  როგორც ისინი ეძახიან - „საეჭვო დუმილს“. სახლში ყველა  შევაჩვიეთ ჩვენს ასეთ ხმაურს.

ხვალ უკვე კვირაა და კიდევ ერთი, მთელი დღე - ყველანი ერთად!

8 ნოემბერი, კვირა 

დილას ბარბარეს ხმა გვაღვიძებს: „დედა, მიყვარხარ! შენთან მინდა!“ 

მანჩო ეკლესიაში წასულა. სახლში სიჩუმეა. ოთახში ჯერ ლექსო შემოდის, მერე ლუკა, მერე ისევ ყველა ვხმაურობთ. კვირას მართლა იტალიურ სახლს ვემსგავსებით - ხმაური, სასიამოვნო აურზაური... ვცდილობ, ცოტათი დიასახლისიც ვიყო. ერთი სიტყვით, ყველაფერს მინდა მოვედო, მაგრამ დრო სწრაფად გადის. თან სამსახურის საქმეებიც თავს მახსენებს. ილიაუნიში შუალედურის ტესტები მაქვს დასაწერი, ხვალ სტუდენტებისთვის ცოტა მძიმე დღეა. არავის უყვარს შუალედურების წერა, არც მე მიყვარდა : )

დღე მაინც კსუ-ს საქმეებს დავუთმე, მეილები, გეგმები... ახალ სამსახურს ყოველთვის აქვს ერთი ყველაზე დადებითი მხარე - აუცილებლად იძენ ახალ მეგობრებს, საიდანაც ერთი ყოველთვის ყველაზე ახლოსაა. ასეთი ნონა მყავს, ყველაფერში მეხმარება. დღესაც მას ვესაუბრე სამსახურზე. საღამოს ბაბალე Wendy’s-ში წავიყვანეთ, დილას გვითხრა, მე გოგოს ფულების ხეფასი მაქვს და ციხვიში უნდა წავიდეთო. „გოგოს ფულები“ - ეს ვენდის მონეტებია. ლექსო და ლუკა თავ-თავიანთი ცხოვრებით არიან დაკავებულები. ლექსო მონატრებული მეგობრებით, ლუკა - დილიდან კინგსის კონკურსით, მერე სკოლის გაკვეთილებით და მეგობრებით. 

რაღაც, სხვანაირად მალე დაღამდა, კვირას ყოველთვის მალე ღამდება, ალბათ იმიტომ რომ კვირაა. მე კიდევ, არ მეყო არც ეს კვირადღე. დედუს დავურეკე. ძალიან მომნატრებია. უზომოდ მომინდა მასთან. ისევ მამშვიდებს: „კარგი, დედა, დალაგდება ყველაფერი და მერე მოხვალ.“ არა, კვირას ვეღარ დავუცდი, მანამდე ვნახავ - ეს უკვე ვიცი!

ხვალ უკვე ორშაბათია და ისევ ჩვეული რიტმით დაიწყება დილა. დილას 6 საათზე, ლექსოს გორში გავაცილებ და უნის დაუბრუნდება. ახალი კვირა კი ახალ სურპრიზებს მიმზადებს ალბათ. : )

© ქეთი ჯურხაძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ღვინის დღიურები. ზურა მირზიკაშვილი. სოციალური საწარმო „თემის“ მმართველი ჯგუფის წევრი

$
0
0

„ფხიზლად დააკვირდი შენს აზრებს; ისინი სიტყვებად გარდაიქმნებიან.

ფხიზლად დააკვირდი შენს სიტყვებს; ისინი მოქმედებებად გარდაიქმნებიან.

ფხიზლად დააკვირდი შენს მოქმედებებს; ისინი ჩვევებად გარდაიქმნებიან.

ფხიზლად დააკვირდი შენს ჩვევებს; ისინი შენს ხასიათად გარდაიქმნებიან.

ფხიზლად დააკვირდი შენს ხასიათს; ის შენს ბედისწერად მოგევლინება.”

ლაო-ძუ, 500 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე

ორშაბათი, 9 ნოემბერი

ამ კვირაშითემში მთავარ საზრუნავი საზაფხულო რესტორნის გახსნაა. რესტორანს პირობითად ვეძახით, რადგან ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, ზუსტად რა დავარქვათ. ეს უფრო მეტად სივრცეა, რომელიც აერთიანებს ქვევრების მარანს, ღვინის სადეგუსტაციო სივრცეს, მსუბუქ სარესტორნო მომსახურებას (ლანჩებს), პატარა მაღაზიასა და სხვადასხვა ტურისტულ აქტივობებს (თათარაობა, ხინკლის და სხვა ტრადიციული კერძების მასტერკლასი, რთველი, ა.შ.), ასევე - ოცამდე ველოსიპედი, რომელიც ახლახან შევიძინეთ და საველოსიპედო გზებიც მოვნიშნეთ გრემის მიმდებარე სოფლებში. სტუმრების უმეტესობა უკვე დაპატიჟებულია, ქეთო ნინიძეს ვურეკავ და ვეპატიჟები გახსნაზე, 10 წუთში უკან ზარს მიბრუნებს და მეუბნება, რომ  ჩამოვა თემში მხოლოდ ერთი „პირობით“ - თუ მე ამ კვირაში დღიურებს დავუწერ და გავუგზავნი. 

თემის ველოსადგომი მარნის წინ

მაშ ასე: დილა ჩვეულებრივ იწყება, სუსხიანად. წყალს ვდგამ ასადუღებლად. კომპიუტერს ვრთავ. ყავა. ელ-ფოსტა. ცივა. თბილად ვიცვამ და გავდივარ. უკვე თემელების და ამქრის ბიჭების ხმები ისმის. იღვიძებს თემი. დღე დატვირთულია, ბევრი გვაქვს მოსასწრები. ჰო, მართლა, ცოტა თემზეც უნდა მოგიყვეთ, წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რაზე ვწერ:

„თემი“ ჯგუფი 1989 წელს დაარსდა და 1990 წელს, როცა საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა და არამომგებიანი ორგანიზაციების არსებობა დაუშვა, „წითელი დირექტორების“ შემოწირულობით (დიდი მადლობა მათ ამისთვის დღესაც), გერმანელი ექიმის, ფონ შტაინის სახლი მისი მემკვიდრეებისგან შეისყიდა. სახლი - ყვარლისგან და თელავისგან თანაბრად დაშორებულ, სოფ. გრემში. 

ამ მამულში, 1991 წელს, გაზაფხულზე, თემის პირველი მაცხოვრებელი გაჩნდა. პიროვნებამ, რომელმაც თემი დააფუძნა, რამდენიმე თვით მარტომ იცხოვრა აქ, რათა სახლი საცხოვრებლად, თუნდაც, ოდნავ, ვარგისი გაეხადა (რადგან კომუნისტებმა, რაღა თქმა უნდა, სახლი პატრონებს წაართვეს და საავადმყოფო მოაწყეს; უფანჯრო, უსახურავო, უკარო სახლი, სავსე დამპალი ფიცრებით, გადასაყრელი ლინოლეუმით და სხვა სიბინძურით).

თემის ასწლოვანი სახლი

იმავე წლის შემოდგომაზე თემს შეემატნენ ბავშვები თბილისის ე.წ. შესაძლებლობაშუზღუდულ  ადამიანთათვის განკუთვნილი „სპეცინტერნატიდან“ და სხვა სამეურვეოები.

თემში 100-მდე „მოქალაქეა“. ხანდახან „ვბევრდებით“, როცა ფული გვყოფნის. ყვლაზე მრავალრიცხოვანი რაც ვყოფილვართ, დაახლოებით, 140 მაცხოვრებლი ვიყავით. ამონარიდი ჩვენი წესდებიდან -- თემის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი:

„საცხოვრებელი, სარეაბილიტაციო, დასასვენებელი, ეკოლოგიური პირობების კომპლექსური გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა სამეურვეოთა შემდეგი ჯგუფევისთვის: ობლები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, ფიზიკურად და გონებრივად შესაძლებლობა შეზღუდულნი, ღარიბნი, უსახლკარონი, იზოლირებულნი და მარტოხელები, გარიყულნი, მარტოხელა დედები, დევნილები, ლტოლვილები, უმუშევრები, ადამიანის უფლებების განხორციელების საშუალებას მოკლებული ახალგაზრდები და ბავშვები, მოხუცებულნი და სხვანი... მიზნებში მოიაზრება სოციალურად დაუცველ პირთა და მოსახლეობის ადამიანურ უფლებათა განხორციელების ხელშეწყობა და დაცვა; საოციალურად დაუცველთა მეურვეობის ფორმების განვითარება. 

ბავშვები საზაფხულო რესტორანის გახსნაზე

აქედან გამომდინარე, თემში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. რომლებიც ერთმანეთისთვის საზოგადოებას წარმოადგენენ და ადამიანები, რომელთაც, სავარაუდოდ, ბევრად მეტი ფინანსური რესურსი ექნებოდათ, მხოლოდ პირადი წარმატება რომ ჰქონოდათ მიზნად. ასევე, მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, ძირითადად, გერმანელები, შვეიცარიელები, ბრიტანელები.

თემის გერმანელი მოხალისეები - იოჰანესი, ჰეიზელი, კატრინი, ელი, ტობიასი, ული

რუსული შემოჭრის დროს, 2008 წელს, 30 დასავლელ მოხალისემდე გვყავდა. ზოგი 1 თვით დარჩენას გეგმავდა, ზოგი - 1 წლით და მათი უმეტესობის ევაკუაცია მოგვიხდა (რადგან არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები) და ძლივს ვითანხმებდით ამაზე. ბოლოს წასვლაზე ფრანგები „დათანხმდნენ“. 

სამწუხაროდ, ქართველი მოხალისეები არ გვყავს, რატომღაც, სამოხალისეოდ გერმანიას ან ამერიკას არჩევენ ხოლმე. 

ესეც “დღე პირველი”.
 
სამშაბათი, 10 ნოემბერი 

მარანთან სამუშაოები ჩვეული ტემპით, აქტიურად მიდის. 

თემის მარანი

წესით, გახსნამდე ყველაფერს ვრჩებით. სამზარეულოში მზარეულები ბჭობენ, თუ რა დროს ჩაატარონ ყოველწლიური ფეხბურთის ჩემპიონატი: „ბებრები“ VS „ახალგაზრდები“. 

ფეხბურთი თემის მზარეულების ორგანიზებით. ბებრები VS ახალგაზრდები

მახო (თემის ამქრის ხელმძღვანელი) დადის და ბუზღუნებს, რომ ამ თვეში ერთი ხარისხიანი ონკანი ვერ იყიდა... 

დღეს ღვინის ჩამოსხმა გვაქვს. „ჰიპი“ (გერმანული ბავშვის ორგანული საკვების მწარმოებელი კომპანია) ყიდულობს ჩვენს ღვინოს. ღვინო სასაჩუქრედ უნდათ თანამშროლებისთვის და განსხვავებული ეტიკეტი შეგვიკვეთეს (თავიანთი დიზაინით). ეტიკეტები დღეს უნდა დაიბეჭდოს და ჩამოვიდეს, რის მერეც ღვინოს ჩამოვასხამთ. ვინაიდან ღვინის ჩამოსასხმელი ხაზი არ გვაქვს,  „შატო გრემში“, მეგობარ მეღვინესთან, ზურა ახალმოსულიშვილთან ვასხამთ, რომელიც, ასევე, ჩვენი კონსულტანტია და მოხალისედ გვეხმარება. 

ჩამოსხმის ინსპექტირებაზე „კავკასსერტიდან“ინპექტორი მოვიდა. ქარხნის თანამშრომლებიც უკვე აქ არიან. ზურა (ჩემი თამანშრომელი, არა-ახალმოსულიშვილი) მთელი დღე ტელეფონზე კიდია, რათა სტამბამ დაბეჭვდა არ დააგვიანოს და ჩამოსხმა არ გადაგვედოს. მთელი დღის ლოდინის შემდეგ, 4-5 საათისთვის ვარკვევთ, რომ, სამწუხაროდ, დღეს ეტიკეტი არ იქნება და ხვალ 11 საათამდე უნდა ველოდოთ. ამ დაპირების მიმართაც საკმაოდ სკეპტიკური განწყობა მრჩება. გამოცდილი ქართველი ვარ.

ჩამოსხმა გადაიდო. 

ხშირად ვფიქრობ, ფილმი „ცისფერი მთები“ ყველაზე მეტად შეესაბამება ქართულ რეალობას. ზურასთან ლაპარაკის შემდეგ გადავწყვიტეთ: ხვალ სტამბაში წავალ; თან რამდენიმე სხვა საქმესაც მოვითავებ, ეტიკეტებს ავიღებ და 11 საათისთვის უკან, კახეთში გამოვბრუნდები. იქნებ, ხვალ მაინც მოესწროს ჩამოსხმა.

ადვილი წარმოსადგენია, რომ ადამიანები, ვისი მოტივაციაც იყო სოციალურად დაუცველთათვის ოჯახურ გარემოში ცხოვრების, სწავლის, განვითარების, შრომის პირობების შექმნა, უფრო მონდომებულნი იქნებოდნენ, ორგანული / ბიო მეურნეობა ეწარმოებინათ, ვიდრე ქიმიით მოწამლული -- და სხვისი მომწამვლელი; ხოლო საკუთარი მეურნეობა თემს აუცილელად სჭირდებოდა, თვითგადარჩენისთვისაც და მიზნების განსახორციელებლადაც. ამიტომ დღესდღობით თემის საკუთრებაშია 23 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; გვაქვს თანამედროვე დასავლური სტანდარტების ავეჯის სახელოსნო და „ჩვეულებრივი“, „საბჭოთა“, ძნელად რომ გამოიყენებ, ისეთი „ბლოკის ცეხი“ და ქვის სახერხი „ცეხი“; რაღა თქმა უნდა, სულ მუდამ და საკუთარი ხელით ვაშენებთ, ვაკეთებთ „სვარკას“, გვაქვს წყლის და კანალიზაციის მექანიკური, ქიმიური, ბიოლოგიური წმენდის სესტემები... მართალია, ძალიან მაღლფარდოვნად ჟღერს, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ასეთი სისტემის საკუთარ საწარმოებში დაყენება სხვა მცირე და საშუალო ბიზნესებსაც გამოადგებათ.

ჩვენი ღვინის გარანტირებული ხარისხის მისაღწევად (და, რა თქმა უნდა, სანიტარულ-ჰიგიენური აუცილებლობებიდან გამომდინარე), თემისთვის აუცილებელი იყო სასმელი წყლის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. აღმოვაჩინეთ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ლაბორატორიების უმეტესობაში, კოლიფორმის ბაქტერიაზე წყალი არ მოწმდება; რომ წინაღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადების საკითხი დამდგარიყო. კომუნისტებმა ქმედითი გამოსავალი იპოვეს: წყალი სასმელად „ვარგისია“ -- თუ კოლიფრომის ტესტს არ ჩაუტარებ. სირთულის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი გამოსავალი თანამედროვე სტანდარტების ულტრაიისფერი ფილტრების გამოყენებაა; ღირებულება, დაახლოებით, $1000-$200-მდეა, სიმძლავრისა და სხვა შესაძლებლობების შესაბამისად.  

ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 

დილის 7 საათი. კვლავ სუსხიანი განთიადი. მანქანის ძრავის გასახურებლად ცხვირის სრუტუნით გამოვდივარ - გავცივდი. ზურა უკვე გამქრალია. თემში მომავალი მზარეულები მხვდებიან და მიბოდიშებენ, რომ ასე ადრე საგზლად გასატანებელი არაფერი აქვთ. 

11 საათისთვის თბილისში ჩემი საქმეები მოთავებული მაქვს. სტამბა ისევ აგვიანებს ბეჭვდას, კიდევ რაღაც საქმეები გამოვიჩინე და 2 საათისთვის სტამბაში დავბრუნდი. ვასო („ჰიპი-საქართველო”-ს ხელმძღვანელი) უკვე იქაა დილიდან. მაინცდამაინც, ოპტიმისტურად არ გამოიყურება. საათში ერთხელ ვკითხულობთ, თუ რა ეტაპზეა ეტიკეტების ბეჭვდა. ყოველ ჯერზე გვამშვიდებენ, „არ ვინერვიულოთ“ და რომ 1 საათში („მაქსიმუმ“) ყველაფერი გამზადდება. 

სტამბა მდებარეობს ძველი, მიტოვებული ქარხნების ტერიტორიაზე, მეოთხე ან მეხუთე სართულზე (ზუსტად არ ვიცი - ფანჯრები არ აქვს და კარგად ვერ იგებ, სად ხარ), უზარმაზარ შენობაში. მგონი, მხოლოდ ეს ერთი სტამბაა და ამასაც 1 სართული უკავია, სადღაც შუაში. თანამშრომლები: 1 დირექტორი, 1 დიზაინერ-მდივან-მენეჯერ-მომბოდიშებელი (რომელიც ძირითადად ადგილზეა და გიბოდიშებს დაგვიანებისთვს), 1 მბეჭდავი (რომელიც, როგორც მოგიანებით გაირკვევა, დირექტორის ძმაა) და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც საიდანღაც შემოდის (მიტოვებული ქარხნის სავარაუდოდ მე-5-ე სართულზე!), ჩაის/ყავას სვამს მდუმარედ და გადის.  ასე, თამაშ-თამაშში, მოვიდა საღამოს 7 საათი და გამოგვიცხადეს, რომ საბეჭდი მანქანა გაფუჭდა და „ცოტა ლოდინი“ მოგვიწევს. ვასოს და მე სახეზე მსუბუქმა ღიმილმა გადაგვიარა და, თხა-თხაზე ნაკლებიო, ჩვენც ყავის დასალევად წავედით. რომ დავბრუნდით, მანქანა გაკეთებული იყო. ახლა მბეჭდავს ვერ პოულობდნენ. დირექტორის დატუქსვის შემდეგ, მბეჭდავი მოვიდა და დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას შეუდგა. ვასო მბეჭდავს ეუბნება, ეს ის ფერი არ არის, რაც ჩვენ გვინდოდაო. მბეჭდავმაც იმედიანად - ნუ გეშინია, ძმაო, რომ გაშრება, ყველაფერი თავსი ადგილზე იქნება, პრობლემა არ არისო...

ვასო და მე საბეჭდ მანქანას ვეღარ ვშორდებით, მბეჭდავს ვეხმარებით, გვინდა რომ ყველაფერი მალე მორჩეს. ღამის 12 საათისთვის ვასოს გერმანიიდან დირექტორი სწერს, აინტერესებს რა ხდება. ამ დროს ვასო საბეჭდ მანქანასთან დგას, ერთი ხელით თავს ზემოთ ეტიკეტების რულონს ასწორებს რათა მანქანამ არ ჩაიხვიოს და მეორეთი წერილს ხსნის. სახეზე ღიმილმა გადაუარა, გამომხედა. 

მეკითხება: 

„ეხლა თუ მივწერ, რასაც ვაკეთებთ, როგორ ფიქრობ დაიჯერებს?” 

აი ისიც, საბეჭდი მანქანა

დილის 3 საათი ხდება ბეჭდვას რომ ვრჩებით. უკვე კარგა გაციებული და დაიმედებული, რომ დღეს მაინც ჩამოვასხამთ ღვინოს, გომბორის თოვლიანი გზას ვადგები გრემისკენ. დილის 5 საათისთვის მოვდივარ თემში და, ცხელ-ცხელი ჩაის შემდეგ მკვდარივით მეძინება.

ხუთშაბათი, 12 ნოემბერი  

დილის 9 საათზე ზურას ზარმა გამაღვიძა. ტელეფონში ხმა ამბობდა: პოლონელელი პარტნიორები არიან ჩამოსულები და სასტუმროდან უნდა წამოვიყვანო. „ამას მაღვიძარა ჰქვია, რა“ - ვბურდღუნებ ჩემთვის, საჩქაროდ ვიცვამ და აი, უკვე თელავისკენ მივდივარ. 

ახლა ჩემი გადარჩენა მხოლოდ იმაშია, რომ სტუმრებმა წუხელ გვიან დაიძინეს და, იმედია, დღეს ადრე ვერ ადგნენ; იმის მოყოლას ხომ არ დავუწყებ, როგორ ვითვისებდი მბეჭდავის ხელობას მთელი ღამის მანძილზე.  სასტუმროში მივდივარ. სტუმრები ჯერ კიდევ საუზმობენ და მეც ამაყად ვაბიჯებ ჰოლში. დაგვიანებას გადავრჩი.  ცოტა ხანში ზურა ისევ მირეკავს და მეუბნება: ჰო, სხვათა შორის, დამკვეთმა ეტიკეტი დაიწუნა ამბობს, ეს ის ფერი არ არის, რაც მე გამოვგზავნეო. და საიდანღაც მბეჭდავის ომახიანი ხმა მტკივნეულად ჩამესმა „ნუ გეშინია, ძმაო, რომ გაშრება, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება, პრობლემა არ არის...“

რას ვიზამთ, ეტიკეტი ხელახლა დასაბეჭდია.

გეგმები ოდნავ იცვლება. გადავწყვიტეთ, სტუმრები ჯერ პატარა ტურზე წავიყვანოთ მშობლიურ კახეთში, მერე - თემში, გახსნის სამზადისის სანახავად... ვოიტეკი (პოლონელი პარტნიორი ორგანიზაციიდან, ხშირად არის საქართველოში და ბევრს მოგზაურობს მსოფლიოშიც) ნაჩქარევად მიხაზავს რუკას ადგილებით, რომლებიც მეც კი არ ვიცი, სტუმრებს „მატანს“, თვითონ კი სასტუმროში რჩება სამუშაოდ. დანარჩენები პირველად არიან საქართველოში და ვსაუბრობთ, თითქმის, ყველაფერზე: ისტორია, ტურიზმი, პოლიტიკა, რუსეთი, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა; და ღვინო, რა თქმა უნდა!

ხშირად გვეკითხებიან, რა განსხვავებაა ორგანულსა და ნატურალურს შორის. განსხვავება ასეთია: თუ მწარმოებელი აცხადებს, რომ ქიმიას არ ხმარობს -- ნატურალურია; თუ მწარმოებლის ამ განცხადებას ადასტურებს დამოუკიდებელი სერტიფიკატორი (ჩვენს შემთხვევაში ეს „კავკასსერტია“, რომლის სერტიფიკატს აღიარებს ევროკავშირი) -- ორგანულია. ღვინის მწარმოებლებისგან გამიგონია, რომ სერტიფიკატი მხოლოდ ღვინის ორგანულობას ადასტურებს და არა ყურძნის; ეს არასწორია - და შეუძლებელიც იქნებოდა ქიმიურად დამუშავებული ყურძნის ღვინო ორგანული ყოფილიყო.

თემის სოფლის მეურნეობა მთლიანად (და არამხოლოდ, ღვინო) ორგანული / ბიოა: იაპონიის საელჩოს გრანტით შეძენილი; ტრაქტორი-უნივერსალი, 95 ც.ძ.-იანი „New Holland“ აქსესუარებით მუშაობს თემის ვენახებში, ბაღ-ბოსტნებში, სათბურისთვის; ამავე გრანტით აგებული 700 მ2 სათბური, სადაც მოდის სალათა, ტრადიციული მწვანილი, კიტრი, პამიდორი... მერწმუნეთ, ჩვენს პამიდორს ზამთარშიც სურნელი აქვს და არა მუყაოს გემო : ) სახაბაზო შეშაზე, სადაც შესაძლებლობაშეზღუდული ადამიანები მუშაობენ - ცომის მოზელვაზე, მცხობელებად, დამხმარეებად - ჩვენს მზარეულთან, თამუნასთან ერთად; ავეჯის საამქრო, რომელსაც მეორედ სასოფლო-სამეურნეო ნაწილში ვახსენებ, რადგან პრემიუმ-ხარისხის ღვინის ბოთლებისთვის ხის ყუთებს გვიმზადებს.

პარასკევი, 13 ნოემბერი

„დღე მეხუთე“ - მეღვინეობა, რომელსაც დაარსებიდანვე ვეწეოდით. კომერციული მეღვინეობა დავიწყეთ 2005 წელს ორგანული ვენახის ჩაყრის შემდეგ, ნაკვეთზე, რომელიც წლების განმავლობაში „ისვენებდა“ და, ამდენად, ქიმია არ გაჰკარებოდა. 6.7 ჰა, მხოლოდ რქაწითელი და საფერავი და, შესატყვისად, სამი სახის ღვინო: „რქაწითელი“, „საფერავი“ და „ქინძმარაული“ - მეღვინეებმა უწყით, რომ ორგანული წესით, მაცივრის და ფილტრაციის გარეშე“, ქინძმარაულის დაყენება-შენარჩუნება, თითქმის, შეუძლებელია.

ჩვენს ვენახში

უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი ნაწარმის ხარისხის გაზვიადებული შეფასების საფრთხეს ავცდენოდით. ამიტომ, მოთმინებით ველოდით, როდის დაემთხვეოდა ჩვენი მოლოდინები საექსპერტო შეფასებებს. დღესდღეობით წარმატებული გაყიდვები გვაქვს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში - მაგ., ნორვეგიაში $ 62 ღირს და ბესტსელერია ქართულ ღვინოებს შორის; 2013 წელს ჩვენმა ღვინომ ვერცხლის მედალი აიღო „ვაინექსპო-ჯორჯიაზე“, 2014-სა და 2015-ში - ოქრო.

იაპონურმა ჟურნალმა „Wine What?!” (ოქტომბერი, 2014) თემის ღვინოები ასე შეაფასა: „თემის ღვინო ყველაზე ლამაზი გემოსია ყველა ღვინოში, რომელსაც შევხვედრივართ. ჩემდა სამარცხვინოდ, ამ ღვინის მწარმოებელთა თვალწინ ვიტირე… თემის ვენახი სახელგანთქმულ Grand Cru-ში, ქინძმარაულის ზონაშია განლაგებული... თქმა აღარ უნდა, როგორია ქინძმარაულის Grand Cru-ში, ორგანულ მეურნეობაში… წარმოებული ღვინო”.  
ცხადია, ღვინის ხარისხიანობას ვერ მივაღწევდით მეგობარი მეღვინეების დახმარების გარეშე. ზურა ახალმოსულიშვილი, გოგო დაქიშვილი, ვანო შიუკაშვილი, ქეთი ალადაშვილი... ადამიანები, რომლებიც უანგაროდ გვეხმარებიან ღვინის დაყენებაში.

ვანო და ზურა თემში, სამუშაო პროცესში

დღეს ვანოს ვურეკავ, ვრწმუნდები, რომ ხვალ გახსნაზე იქნება. მინდა, ხვალ სტუმრებთან ღვინის წარდგენა გააკეთოს. საჯაროდ სიტყვით გამოსვლაზე არ გიჟდება. ხათრს ვერ მიტეხავს და დაღრეჯილი სახით მთანხმდება. თან „მაშნატაჟებს“: ვიცი, „დედაკაცი“ ამერიკაში გყავს გაგზავნილი და თავისუფლად ხარ ახლა; რაღაცას ვწერ, დახმარება მჭირდება და სანამ ჩამოვა, უნდა დამეხმარო, მერე, შეიძლება, აღარ გამოგიშვასო : ) ვანო ღვინის ენთუზიასტია (არა, პროფესიონალი მეღვინეცაა საკუთესო, დასავლური განათლებით) და, გარდა იმისა, რომ „კორპორაცია ქინძმარაულის“ მთავარი მეღვინეა, აქტიურად, უსასყიდლოდ, ეხმარება ბევრ საოჯახო ღვინის მწარმოებელს ღვინსი ხარისხის გაუმჯობესებაში.

რაზედაც ძალიან გული გვწყდება - რა თქმა უნდა, ქვევრის მეღვინეობაც ვერ ასცდება სხვა ბიზნესების არასასიამოვნო ხერხების გამოყენებას. მაგრამ, რამდენიმე წლის დაკვირვების მერე, დარწმუნებული ვართ, რომ კონკურენცია ზედმეტად დაუნდობელია ამ ბიზნესში და ეს ზედმეტად მკაცრი კონკურენცია ყველა მონაწილეს აზარალებს, იმათაც კი, რომლებიც ამჟამად მიიჩნევენ, რომ კონკურენტების მარგინალიზება მათთვის სარფიანია. ქვევრის ღვინის მწარმოებლები არც ისე ბევრნი ვართ (იმედია, ჯერჯერობით) და ერთმანეთისთვის ხელშეწყობა ბევრად მეტ სარგებელს მოგვიტანს ვიდრე - ერთმანეთისთვის სახელის გატეხვის მცდელობა. იმედია, ჩვენს პოზიციას უფრო და უფრო მეტი მწარმოებელი გაიზიარებს ახლო მომავალში.

საღამოს ვმღერით. თემში სიმღერა ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილია . ყოველ საღამოს, ვისაც სურვილი გვაქვს, ვიკრიბებით და ვმღერით, 6 „ცხელი“ თვისა („ამერიკული“, ანუ ამერიკის მთავრობის ფულით აშენებული, სახლის პანდუსზე), 6 „ცივი“ თვის (იმავე სახლის მეორე სართულზე) მანძილზე... ჰოლში. ჩემდა გასაკვირად, თემის, თითქმის, ყველა უცხოელი მოხალისე ქართულად ჯერ სიმღერას იწყებს და მერე - ლაპარაკს. სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. სიმღერას ახლა ვიწყებ, ამღერებამდე ალბათ კიდე ბევრი მიკლია...

კარგად მახსოვს, 5 წლის წინ პირველად თემში მოსულს, რა დამემართა, როცა პირველსავე საღამოს სიმღერას მოვუსმინე. მაშინ გადავწყვიტე, რომ, ადრე თუ გვიან, მეც მათთან ერთად ვიმღერებდი. აქ სიმღერას რაიმე განსაკუთრებული წესები არ აქვს, არც განსაკუთრებული ნიჭი გჭირდება. მღერის ყველა, მღერიან ისე,როგორც შეუძლიათ, არც არავის ეჯიბრებიან, არც რაიმე ღონისძიებისთვის ემზადებიან. ნამღერი ჩემთვის განსაკუთრებით ლამაზი, მშვიდი და მისტიური გამოდის. აქ ჩემზე გამოცდილი „მომღერლები“ მეუბნებიან, მხოლოდ ვცადო სიმღერის დროს სხვას ხელი არ შევუშალო, მეც ვიღიღინო და ნელა-ნელა ყველაფერი გამოვა.

საღამოს სიმღერები თემში

ხვალ გახსნა გვაქვს. ცოტა ვნერვიულობ - რამდენი ადამიანი მოვა, როგორი ამინდი იქნება, ყველაფერი თუ თავის დროზე გაკეთდება, პარტნიორებს/დონორებს თუ მოეწონებათ?! მე როგორ ვიქნები, ხმა მექნება თუ არა?! ამ ფიქრებში გართულს მეძინება და...

შაბათი, 14 ნოემბერი 

... და უკვე შემდეგი დღე - თემის „რესტორნის“ გახსნა. უკანასკნელი წლებია, ბევრი შევმატეთ თემის მარანს. ვისი ფული აღარ დაგვეხმარა ამაში!: “IWAG”-ის (ქალბატონების ორგანიზაციაა, დიპკორპუსის წევრები, საერთაშორისო დონორი-ორგანიზაციების ტოპ-მენეჯმენტი და/ან მათი მეუღლეები, ქართველი წარჩინებული ქალბატონები); დიდი შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბარნსის სახელობის ყოველწლიური ღონისძიება „Burns Suppper“; ოქსფორდისა და ჰარვარდის სტუდენტების, კანადელი, შვეიცარიელი და პოლონელი მეგობრების და სხვა. ამჟამად 50 ტონამდე ღვინოს იტევს, თითოეული ქვევრის ტევადობა 500-3000 ლიტრამდეა. ბოლოსდაბოლოს, მივაღწიეთ იმას, რომ ღვინის საზაფხულო რესტორანი-ტერასა დავასრულეთ და დღეს გახსნა გვაქვს.

საზაფხულო რესტორანი

დეგუსტაცია რესტორნის გახსნაზე

სტუმრები მოდიან. მე - გაციებული. ხმა, თითქმის, აღარ მაქვს. გერმანელი მოხალისეები მთელი დღეა, ჩემი ხმის გამო დამცინიან. მომქანცველი სამუშაო კვირის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, კარგი გასართობი იპოვეს. მართლა ბევრი კი იმუშავეს, როგორც ყოველთვის. სავალდებულო სამუშაო საათების და სამუშაო გრაფიკის გარეშე, მზად არიან ნებისმიერ დროს ნებისმიერი საქმის შესასრულებლად. თუ ჩემნაირი გასართობიც იპოვეს, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს : ) პირს რომ ვაღებ, ხმებს ვუშვებ! - ბავშვებს ეშინიათ და გარბიან. სტუმრებთან ლაპარაკს, ვცდილობ, თავი ავარიდო (ვის ეხალისება, ხროტინა, ცხვირაწითლებულ, თვალებამღვრეულ, ერთმანეთისთვის შეუსაბამო, რამდენიმე ფენა თბილ ტანსაცმელში გახვეულ, თავზე ქუდჩამოფხატულ წოწოლასთან ლაპარაკი). არ გამომდის და რაც შემიძლია, ვქაქანებ, მოხალისეებისა და თემის სხვა მოქალაქეების გართობის საგანი ვხდები, რაღაც გონებამახვილური საფრთხობელასმაგვარი. 

სამუშაო პროცესში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად

თითქოს, სტუმრები კარგ დროს ატარებენ. ზოგი ჩურჩხელას ავლებს, ზოგი ხინკალს ახვევს, ზოგიც ღვინოს სინჯავს (ვანომ დაკისრებულ მოვალეობას სრულყოფილად გაართვა თავი).

და აი, პირველი ველოსიპედებიც „გაქირავდა“! დღის მეორე ნახევარში პოლონეთის საელჩოს თანამშრომლები მთხოვენ, ერთ-ერთ საველოსიპედო გზის ინსპექტირებაზე წავიყვანო და სიამოვნებით მიმყავს. შთაბეჭდილებებით დატვირთულნი ვბრუნდებით. არქიტექტორი ცოლ-ქმარი შემოდგომისთვის ცნობილი პოლონელი მხატვრის ჩამოყვანის გეგმას გვითანხმებენ, თემის წყალსაწნევის ფერდობზე ინსტალაციის მოსაწყობად; თბილისელი მეგობრები და მხარდამჭერები გვახარებენ, რომ სასიკვდილოდ გადადებული ნიკუშა ნატროშვილი გადარჩა და ამერიკაში „ბოლო“, „პატარა“ ოპერაციაღა დარჩა გასაკეთებელი. და, რა ვიცი, კიდევ, რა გასახარი ამბები მოდის გახსნაზე ჩამოსული მეგობრებისგან. დღემ კარგად ჩაიარა. მგონი, უკმაყოფილო არავინ წასულა.

და თემის მუშათა კლასი მოხალისეებთან ერთად ვახშამს ვიწყებთ. ერთმანეთს შეხედულებებს ვუზიარებთ. ეს ოხერი, არაფერმა მიშველა, მაინც დაცინვის მთავარ სამიზნედ ვრჩები. მოიცათ, გახდებით თქვენც ავად...

კვირა, 15 ნოემბერი 

„დღე მეშვიდე“ – „დასვენება“. 

პოლონელი პარტნიორები ისევ თემში არიან. დავასრულეთ რა პროექტი, უკვე სამომავლო გეგმებს განვიხილავთ. პირადად მე, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ბოლო 2 წლის განმალობაში ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ. ცოტა ხანში მათაც ვაცილებთ - იმ პირობით, რომ მომავალ ზაფხულს ოჯახებით დასასვენებლად გვესტუმრებიან.

რაც შეეხება, დასვენებას, ამას, ჯობს, ფოტოებით გამოვხატავ - რათა ვცადო, წარმოგადგენინოთ, როგორია დასვენების დღე თემში… და, შეიძლება, ისიც რომ წარმოგადგენინოთ, რატომ ავირჩიე თემში ცხოვრება და რატომ დავანებე თავი რესტორან-სასტუმროების მენეჯერობას... 

თუმცა ამას ჩემზე კარგად ჩემი მეუღლე იტყოდა, რომელიც გავიცანი, თითქმის, 6 წლის წინ, როცა თემში მოხალისეობდა, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი, შემდეგ კიდევ ერთი წელი მოგვიწია თემიდან ლონდონში სასწავლებლად გადასახლება, სადაც ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრატურა დაამთავრა და ახლა, როცა იძულებული იყო, თემისთვის თავი დაენებებინა და 2 კვირით ამერიკაში წასულიყო (რადგან ამერიკელია და გადაუდებელი საქმე ჰქონდა), ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება თემში. დიდი ხანი აღარ დარჩა, მალე ბრუნდება... დღიურის ფორმა გამოვიყენე და პირადულიც გავაპარე, იმედია მაპატიებთ : )

© ზურა მირზიკაშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

P.S. ქეთო ნინიძე, მე ჩემი პირობა შევასრულე, ახლა ჯერი შენზეა : )

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

საქველმოქმედო კავშირ თემის facebook გვერდი იხილეთ აქ.

ღვინის დღიურები. ზაზა გაგუა. გეოგრაფი, ნატურალური ღვინის მწარმოებელი სამეგრელოდან

$
0
0

ორშაბათი, 16 ნოემბერი

წვიმიანი დილა თენდება. ლოგინიდან გამოძვრომა მეზარება. დედამ ადგომა დამასწრო, როგორც ყოველთვის და ბუხარიც დანთებული დამხვდა. 

ჩვენს სახლს მარტვილში წელს 80 წელი შეუსრულდა. ჩემი დიდი ბაბუის, პართენ გაგუას აშენებულია 1935 წელს. მაღალ ფეხებზე შემდგარი ტრადიციული მეგრული ოდაა, რომელსაც ყველა ოთახში ბუხარი აქვს. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ამ ოდას არამხოლოდ ზაფულობით ვეწვიოთ, არამედ სიცოცხლე, ყოველდღიურობა დავუბრუნოთ. 

თვენახევარია, საცხოვრებლად აქეთ გადმოვედი, რადგან სამსახურმა ასე მოითხოვა. წლის ბოლოს ჩემი ოჯახიც ჩემთან აპირებს გადმოსვლას და ყველანი ერთად ვიქნებით. ძველი სახლი, შედარებით, კეთილმოწყობას საჭიროებს, ბავშვებისთვის რომ იცხოვრებოდეს. გვინდა, რომ ძველებური იერსახე არ დავუკარგოთ და პირობებიც მისაღები იყოს. თუმცა ეს უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

მამაჩემი მშენებლობაზე მეხმარება და ყოველდღიურად იმაზე ვკამათობთ, რომ ამ სახლს „დავეხსნა“ და ახალი ავაშენო. ჩემზე ზრუნავს, უნდა, რომ ფინანსებს გავუფრთხილდე, თუმცა, მიუხედავად ამისა, რთული შესამჩნევი არაა, როგორ აბედნიერებს ეს ამბავი. ყველაზე მეტად მაინც ის ახარებს, რომ ჩემი მეუღლე გვერდში მიდგას და თბილისელი, თბილისში დაბადებული, გაზრდილი გოგო საცხოვრებლად მომყვება მისთვის თითქმის, უცხო გარემოში. 

ჩვენი ოდა მარტვილში

სასწრაფოდ მოვწესრიგდი (შეძლებისდაგვარად), ჩემს თანამშრომელს, ცაცა ჟორდანიას გავუარე, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობს და ორივენი ერთად გორდში გავემართეთ. აქ ჩემი ახალი სამსახურია - სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია, რომელიც ჩემი სახლიდან 25 კმ. დაშორებით მდებარეობს.

გადავკვეთეთ მდ. ცხენისწყალი და ავუყევით სერპანტინს, რომელიც კოლხეთის დაბლობიდან ასხის ფერდობზე შეფენილ სოფ. გორდში ადის. გორდი ისტორიული სამეგრელოა, რომელიც 30-იან წლებში ხონის მუნიციპალიტეტს მიაკუთვნეს. რაც დაცული ტერიტორიების ახალი ადმინისტრაცია შეიქმნა, ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსში განიხილება. მარტვილის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი, ბატონი ალბერტ ხუნწელია ამას წინათ სიამაყით მეუბნებოდა, გორდი ისტორიულ ფესვებს უბრუნდებაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტვილი-ხონის პაექრობაში მარტვილი 1:0 დაწინაურდა. : ))

გუშინ ღvino underground-ში ემილის და ჯერემის გასაცილებლად ჩვენი მეგობარი ნატურალისტი მეღვინეებისა და ღვინის მოყვარულების დიდი ოჯახი შეიკრიბა. გული დამწყდა, რომ თბილისში ჩასვლა ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ, ქეთო (ჩემი მეუღლე) და მაშო (1.9 წლის ქალიშვილი) მივიდნენ და ჩემი გულთბილი მოკითხვაც გადასცეს. 

ჯერემი და ემილი 1-2 კვირის წინ იყვნენ ჩვენი სტუმრები. რთველის გადაღება უნდოდათ, მაგრამ ყურძენი ჯერ კონდიციაში არ იყო შესული. ვენახი მოვინახულეთ, ვისაუბრეთ ჩვენს დამოკიდებულებებზე, ნატურალურ ღვინოზე, ჩემი და მეგობრების გამოცდილებაზე. ვაჩვენეთ ოკაცეს კანიონი და მარტვილის უნიკალური მუზეუმი. გვიმასპინძლა მუზეუმის დირექტორმა, გია ელიავამ, რომელიც, ასევე, თავის დროზე, წამოვიდა თბილისიდან მარტვილში და ბაბუის წამოწყებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააგრძელა. გია ის ადამიანია, ვინც მარტვილში ძალიან უყვართ და ჩვენთვისაც, თავისი ცხოვრების წესით, გამოცდილებით, დიდი მაგალითია. 

ჯერემი ქუინი, ემილი რეილსბეკი, ნიკა ფარცვანია, გია ელიავა, მე

მე და ჩემმა მეგობრებმა მეღვინეობაში ჩვენი შესაძლებლობები პირველად 2012 წელს მოვსინჯეთ. მაშინ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტს ვასრულებდით - „საქართველოს ღვინის გზა“. ამ პროექტში გავიცანი მალხაზ ხარბედია. ადამიანი, რომლის დახმარებითაც ჩემი ხედვებიც და ცხოვრების წესიც 180 °-ით შემოტრიალდა. ასე მოვხვდი ღვინის სამყაროში. 

ჩემი პირველი ოჯალეში 2012 წლის მოსავლისა იყო. ყურძენს დღემდე ვყიდულობთ, იმიტომ, რომ ჯერ ახალგაზრდა ვენახი გვაქვს. მომავალი წლიდან პირველ მოსავალს ველოდებით. თავიდან მე და მახომ (გაბუნიამ) დავიწყეთ. შემოგვიერთდნენ გრიგოლი, დათო, გიგა - ჩემი მეგობრები. ვერაფერს მოვახერხებდით, რომ არა ჩემი ახლო ნათესავები სოფ. თარგამეულში (თამაკონი), მამა-შვილი - ბესო და ნიკა ფარცვანიები. 

ბრენდს Vino M’ARTville დავარქვით. სახელწოდება ქეთომ მოიფიქრა. აქ იყო ღვინოც, ხელოვნებაც (ART), ქალაქიც (ville) და მარტვილიც (Martville). ნატურალური ღვინის ქმნა ხომ ხელოვნებაა, ბუნებასთან ხელით შეხების ხელოვნება. ეს დავინახე რამაზ ნიკოლაძესთან ურთიერთობაში, რომელიც მე და ბევრ დამწყებ მეღვინეს უანგაროდ გვეხმარებოდა და დღემდე თავისი კვალიფიციური და სანდრო რჩევებით ჩვენ გვერდითაა. ბევრი ნატურალისტი მეღვინეს წარმატება რამაზის, ჯონის და „ანდერგრაუნდელი ლომების“ დამსახურებაა.

დღის მეორე ნახევარში თამაკონში მივდივარ. ცუდ ამბავზე...

სამშაბათი, 17 ნოემბერი

დილაა. ცუდი განწყობით მეღვიძება. გუშინ ჩემი ნათესავების, ახალგაზრდა ბიჭების, ორმოცზე ვიყავით. თორნიკე და ბექა ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ - ზრდილობიანი, მშრომელი, კეთილი ბიჭები. დაღუპვამდე სამი დღით ადრე ცოლიკოურის რთველში და ღვინის დაწურვაში მეხმარებოდნენ. ბიჭები ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა და ჩვენმა რთველმაც ამ ამბის გამო უღიმღამოდ ჩაიარა. 

ორმოცზე დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვნახე. ბავშვობაში, როცა სოფლად დიდი ხნით ჩამოვდიოდი ზაფხულობით, ყველას კარგად ვიცნობდი. ყველას უკვირს ჩემი სოფლად გადმოსახლების ამბავი. მილოცავენ „თანამდებობას“, მაგრამ უკვირთ. 

მე და ქეთოს სოფლად ცხოვრება დიდი ხანია, გვინდოდა. მაგრამ ეს იმდენად თამამი ნაბიჯი იქნებოდა, ბევრი ვერ გაგვიგებდა. ჩვენი არჩევანის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა, თუნდაც, შვილების წინაშე, შედარებით შეამსუბუქა ჩემმა სამსახურეობრივმა დაწინაურებამ. ბევრისთვის ახლა უფრო გასაგები გახდა ჩვენი გადაწყვეტილება. 

ღვინოსთან შეხება ბავშვობიდან მქონდა. ჩემი ბაბუა, ჟორა ნაროუშვილი აგრონომი იყო და ვაზის ნერგების საუკეთესო მყნობელი. ბაბუას ვენახში ბავშვობიდან ვეხმარებოდი. ვეხმარებოდი მიწის გუთნით მოხნვაში, ხარებთან ერთად. ალაგ-ალაგ ღვინოსაც კი მასმევდა. პატარა ჭიქაში წყალში გაზავებულ ღვინოს ჩამომისხამდა და სადილზე სამ-სამ ჭიქას შევსვამდით ხოლმე. 

16 წლამდე, სანამ ბაბუა იყო, წელიწადში 3 თვეს თარგამეულში ვატარებდი. მე და ის ბევრ რამეს ერთად ვაკეთებდით. ვაზის მოვლის გარდა, ხშირად მთაში მივყვებოდი თხის მოსარეკად. ჩემი პირველი ღვინო (ოჯალეში), რომელიც მარტომ დავწურე, ბაბუას გარდაცვალების წელს დავაყენე. დამენანა გაზაფხულზე მისი მოვლილი ვენახის მიტოვება და მთელ ზაფხულს ვუვლიდი, სპილენძის ძველი, ძალიან მძიმე აპარატით ზურგზე მოკიდებული დავდიოდი რიგებში. ფეხზე ძლივს ვიდექი და სიმწრის ცრემლები მცვიოდა, მაგრამ ბედნიერი ვიყავი. ნოემბერში ღვინო დავაყენე და ეს ღვინო ჩემს დაბადებისდღეზე კლასელებს გავასინჯე. მეამაყებოდა ჩემი ნახელავი მათაც რომ მოეწონათ. 

შუა დღეზე ქეთომ დამირეკა. facebook-ში შეიხედე, ოლიკომ დაგხატა და სურათში მოგნიშნეო. ვნახე ნახატი. მწვანე ფლომასტერით ვყავდი დახატული მრგვალი სახით და ადვილად ამოსაცნობი გაბურძგლული წვერებით. სურათში ვიღიმი. გამეხარდა, რომ მისი გადასახედიდან ბრაზიანი მამა არ ვარ. ამასთანავე, საშინელი მონატრების გრძნობა დამეუფლა. ჩემი გოგოები თვენახევრის მანძილზე მხოლოდ ორჯერ მყავდა ნანახი და ისიც, მოუცლელობის გამო ბოლომდე ვერ დავუთმე დრო. ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება რემონტი, რომ ყველანი ერთად ვიყოთ. 

ოლიკოს თვალით დანახული ზაზა

მირეკავს დათო სოფ. ბეთლემიდან. მისი ორგანულად მოვლილი ოჯალეშის სტაბილური კლიენტი ვარ და ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვენახია იმათგან, საიდანაც ყოველწლიურად ყურძენს ვყიდულობ. დათომ ყურძენს ფასი დააკლო, 7-ის ნაცვლად 5 ლარამდე ჩამოვიდა და მეუბნება, რომ 0.5 ტ. ყურძენი აქვს. დასანანია, რომ ვერ ვყიდულობ. წელს მეგრული ოჯალეში ცოტა დავწურე. მაღალ ფასს ვერ შევწვდით. ჭურჭელიც აღარ გვეყო. დათოს ყურძენი არ უნდა გაცდეს. არ უნდა მოხვდეს იმ ხელში, რომელიც, როგორც მახო ხარბედია ამბობს, კარგი ყურძნისგან ცუდ ღვინოს დააყენებს. 

ვურეკავ ქეთოს, რომელიც მომავალი წლისთვის გეგმავს მეღვინეობის დაწყებას. ვიცი, რომ მცირე დანაზოგი აქვს და ვთავაზობ, დათოს ყურძენი ცუდ ხელში მოხვედრისგან იხსნას. აღმოჩნდა, რომ დანაზოგი მხოლოდ უჟანგავი ავზის შესაძენად გვეყოფა და ყურძნის თანხას ვამატებთ თანხას ვადიანი ანაბრიდან (თანხა მარტვილის ახალი სახლის მშენებლობის დასაწყებად გვქონდა გადადებული).  

გადავწყვიტეთ, რომ ქეთოს და ჩვენი ღვინოები ერთმანეთის მიმართ კონკურენციაში რომ არ შევიდეს, ქეთო ოჯალეშის როზეს დააყენებს. 

ოთხშაბათი, 18 ნოემბერი

შუა დღეს სახლში შემოვირბინე. ჩემმა მეგობარმა, ბაჩანამ მომწერა, რომ ჩემი ლეკვი სტადიონზე დაუნახავთ. ლეკვი სამი თვისაა, ირალნდიური სეტერი, რომელიც წინა კვირას მოვიყვანე სახლში და ეზოში თავისუფლად განავარდების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაიკარგა. სასწრაფოდ გავიქეცი მანქანით სტადიონისკენ. შუა გზაში რომ ვიყავი, დავინახე, მორბოდა. გავაჩერე და ნახევარ საათს დავდევდი, ვცდილობდი, დამეჭირა. 

ბოლოს მე ვძლიე. ჩავისვი მანქანაში და შინ მოვიყვანე. სამი დღის უჭმელი იყო, ფერდებზე ნეკნები ეთვლებოდა. დედაჩემს და მამაჩემს მივაბარე  და კვების გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიყვანეთ. 

დადგა სახელის დარქმევის ჟამი. ამ პროცესში ყველანი ვიყავით ჩართულნი, ჩვენი ოჯახის გარდა, facebook-მეგობრები, რომლებიც ქეთოს სტატუსზე გვთავაზობდნენ მდედრი ძაღლის სახელის ათასგვარ ვარიანტებს. ქეთომ მომწერა, დიდ შარში გაეხვიე, ჩემი და ორი ქალიშვილის გარდა, ძაღლიც მდედრი გამოდგა და უთუოდ რომელიმე ფემინისტის სახელით უნდა მოვნათლოთო. გადაწყდა მერი უოლსტოუნკრაფტის სახელი - „მერიკო“ - სახალისო იდეა იყო, ბავშვებსაც მოეწონათ. 

მირეკავს გაგა - გოჭკადილის კანიონის მშენებლობის ზედამხედველი. გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. გაგა ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეები მოვიდნენ და კონფლიქტური სიტუაცია იქმნება. კარგა ხანია, ვცდილობთ, ადამიანებს, რომლებიც ნავების გაქირავებით ირჩენენ თავს, ავუხსნათ, რომ ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობით და ტურიზმის კულტურულ ჩარჩოებზე მორგებით ისინი კი არ დაზარალდებიან, არამედ მათი შემოსავალი წლიდან წლამდე გაიზრდება და ამის მაგალითი, თუნდაც ოკაცეს კანიონი და სოფ. გორდია.

სამეგრელოსა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მშენებლობა გოჭკადილის კანიონთან

წლინახევრის წინ მიწის 1 კვ.მ ნაკვეთი აქ 1 ლარიც კი არ ღირდა, დღეს კი 15 $-ს აჭარბებს. ერთი წლის განმავლობაში უკვე სამი საოჯახო სასტუმრო და რამდენიმე კვების ობიექტი ამოქმედდა. 35 ადამიანი მაღალი გამავლობის მანქანით ტურისტებს ემსახურება. მომავალი წლისთვის სამამდე ახალი სასტუმრო იხსნება და სოფელში, რომელიც ნახევრად დაცარიელებული იყო, ოცამდე ოჯახი უკან დაბრუნდა. ამ ყველაფერს დაბნეულ მენავეებს კიდევ ერთხელ ვუხსნი, თუმცა მათიც მესმის, გარკვეულწილად, ხვალინდელი დღისა და შემოსავლის წყაროს დაკარგვის ეშინიათ. საბოლოოდ ვთანხმდებით და იმ იმედით ვშორდებით, რომ მშენებლობა მალე დამთავრდება და ორივე მხარე მოგებული იქნება - სახელმწიფოც და ადგილობრივებიც. 

კარგი ვენახების ცუდ ღვინოებად ქცევის თემას მინდა დავუბრუნდე. ამ პრობლემამ არაერთი ჩვენი მეგობარი დააბრკოლა, ვისაც სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა კონკრეტულ მევენახეებთან. ჩემს შემთხვევაში, მთელი წლის მანძილზე ვენახების აქტიური ზედამხედველობის შემდეგ, რათა არაფერი ზედმეტი გამოეყენებინათ ვენახში, გამოჩნდნენ დროებითი მოთამაშეები, ვინც მევენახეებს დიდი საცდური შესთავაზა - მაღალი ფასი (ყოველწლიურად ახალ-ახალი ასეთი ბიზნესმენები ჩნდებიან).

თუკი კახეთში ფასები თავის დროზე არაადეკვატურად გაზარდა პოლიტიკურმა თამაშებმა, გურია-სამეგრელოში იშვიათ ჯიშებზე ფასები ასეთმა შემთხვევითმა ბიზნესებმა ხელოვნურად ასწია. მათ, როგორც წესი, ნაკლებად იციან ღვინისა და მეღვინეობის შესახებ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხშირად ეს ადამიანები ყიდულობენ არაკონდიციურ ყურძენს, ღვინოს ამზადებენ გაურკვეველი მეთოდით. მათი არცთუ ხარისხიანი ღვინით რენტაბელური ბიზნესის გამართვა არარეალურია. ამიტომ ვამბობ, რომ მათი გამოჩენა ფრაგმენტულია და ფუჭ იმედებს უსახავს მევენახეებს. როგორც ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად სახელებს ყიდულობენ - „ოჯალეში“, „ჩხავერი“, ვიდრე - მოსავლებს. დასანანია. პირველ რიგში დასანანია ის, რომ მოსავლები ფუჭდება. ცოდნასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესს, თუნდაც, კონკურენციას გვიწევდეს, მაინც მივესალმები.

ზოგადად, ყველა მწარმოებელი, ვინც მეღვინეობას გრძელვადიან ჭრილში ხედავს, ორიენტირებულია საკუთარი ვენახებიდან მიღებულ მოსავლებზე. ჩვენც ასე ვართ და ვცდილობთ ახალი ვენახების გაშენებას.

ხუთშაბათი, 19 ნოემბერი

დილით, ჩვეულებრივ, გორდისკენ მივემართებით. 

გზაში ყოველთვის რადიო თავისუფლებას ვუსმენ. ეს რადიო მთელი გზის მანძილზე კარგად იჭერს. დილის გადაცემები ნასტასია არაბულს მიჰყავს. შემდეგ ნიკო ნერგაძის საავტორო გადაცემა იწყება, რომელიც ერთი კვირაა, ირაკლი ჩარკვიანს ეძღვნება - ჩემს საყვარელ მომღერალს. დღეს მისი დაბადების დღეა. 

ნიკო ნერგაძე მისი ყველა ალბომიდან კიდევ ერთხელ გვასმენინებს საუკეთესო სიმღერებს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა აღმოსავლურ მოტივებზე შექმნილი „ნაიარევს“. ამ ხუთშაბათ დილით ამ სიმღერას ყველა იმ ადამიანს მივუძღვნიდი, ვინც უდანაშაულოდ ემსხვერპლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტერაქტს. ეს იქნება საფრანგეთი, ნიგერია, ლიბანი და სხვ. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებმაც წიგნიერი რელიგია დაკარგეს, რადგან ღრმად მწამს, რომ ბოროტებას ისლამი კი არა, ბოროტებას გაუნათლებლობა ბადებს. 

საღამოს ღვინის ბარ g.Vino-დან დამირეკეს. g.Vino ნატურალური ღვინის ძალიან კარგი ბარია თბილსიში, ერეკლეს ქუჩაზე. აქ ახალი, საინტერესო პროექტი წამოიწყეს - შეხვედრები მეღვინეებთან, სადაც საკუთარ ღვინოებს თავად მისი შემქმნელები წარადგენენ. ჩვენი ღვინოები, ამ ბარში, თითქმის, დაარსების დღიდან იყიდება. შემიპირეს, რომ დეკემბრის ერთ საღამოს თბილისში ჩამოვალ და ერთ-ერთი ასეთი წარდგენა ჩემი ღვინისაც უნდა იყოს. თარიღის განსაზღვრა წინასწარ მიჭირს, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე. 

საღამოს ჩემს მეგობრებს, თამუნას და მანუჩარს დაბადების დღეს ვულოცავ და მეგობრების და თბილისის ნოსტალგია მიჩნდება. 

ფოტო: g.Vino

პარასკევი, 20 ნოემბერი

დილით სამსახურში ავედი. თანამშრომლებთან თათბირივით გვქონდა. მცირე გუნდი ვართ, მაგრამ საუკეთესოები არიან. ძალიან კმაყოფილი ვარ მათი გვერდში დგომით, დავგეგმეთ ოკაცეს კანიონის მომავალი სამი დღე, რადგან ვიზიტორთა ყველაზე დიდი ნაკადები შაბათ-კვირას გვყავს. თან კარგ ამინდებს ველით. 

შემოდგომის ფოთოლცვენის პერიოდში ზაფხულში ტურისტების მიერ დატოვებული „საჩუქრები“ მრავლად გამოჩნდა - ბუჩქებში შეჩურთული ათასგვარი საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები (უფრო მეტად აღარ დავაკონკრეტებ). ორ ჯგუფად გავიყავით და დავიწყეთ სხვადასხვა ტერიტორიების დასუფთავება. ჩვენი რეინჯერი, გიზო, რომელსაც ბუჩქებში თითოეული შეძრომისას ამ მახის დამგები ადამიანების მოხსენიება უწევდა, ამბობდა, რომ ნაგავს, ძირითადად, ქართველი ტურისტები ყრიან, უცხოელები, სიგარეტის ნამწვსაც კი ურნაში ათავსებენ. მომავალი წლიდან ჯარიმების გამკაცრებას ვაპირებთ და შევეცდებით პრობლემა ამ საშუალებით მაინც გადავჭრათ. კანონმდებლობის გამკაცრების გარდა, ცხადია, გარემოსდაცვით განათლებასაც გავაძლიერებთ. 

დღის ბოლოს ორი უზარმაზარი საბარგულიანი მანქანა (pick-up) ნაგავი გამოვიტანეთ კანიონიდან. ეს იმ პირობებში, როდესაც მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურად ასუფთავებდნენ ტერიტორიას. 

დღეს საღამოს ტურიზმის დაჯილდოება ეწყობა, სადაც ჩვენს არასამთავრობოს - „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“ ჩვენი მეგობარი და ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ოქრომელიძე წარადგენს. სამეგრელოში წამოსვლამდე ამ ორგანიზაციის საქმიანობში აქტიურად ვიყავი ჩართული. ახლა შორიდან ვადევნებ თვალს. facebok-ში ილოს ფოტოები ვნახე, სმოკინგით და „ბაბოჩკით“, რამაც ძალიან გამახალისა. წარმოვიდგინე, რა მსხვერპლის გაღება მოუხდა დრესკოდზე მორგებისას.

ტურიზმის კონკურსში ჩვენი ორგანიზაცია თავდაპირველად ეკოტურიზმის მიმართულებით წარადგინეს. შემდეგ ეს ნომინაცია გაუქმნდა და სხვაგან აღმოვჩნდით, სადაც, მოსალოდნელიც იყო, რომ ვერ გავიმარჯვებდით. იმედია, მომავალი წლიდან მაინც აღდგება ნომინაცია ეკოტურიზმში არა ნომინალურად, არამედ - რეალურად; წარმოდგენილი იქნება ამ პროფილის ბევრი ორგანიზაცია და ქვეყნისთვის ეკოტურიზმი პრიორიტეტი გახდება.

გაეროს ერთ-ერთი ანგარიშით, ეკოტურიზმის განვითარება სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ჩემი აზრით, საქართველოში  ღვინის ტურიზმი ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულება შეიძლება გახდეს. ამისი დიდი რესურსიც და წარმატებული მაგალითებიც მრავლად გვაქვს. თუნდაც, მარტო ქართლში იაგო ბიტარიშვილისა და კახეთში - ჯონ ვურდემანის მაგალითები რად ღირს?!

შაბათი, 21 ნოემბერი

დილით, ჩვეულებრივ, გორდში ავედით. დღეს ლაშა (დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე) ჩამოდის. გუშინ დამირეკა, რომ ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების ჯგუფი ჩამოჰყავს. გორდის დადიანების ისტორიული ბაღის, სასახლის ნაშთებისა და სხვადასხვა ობიექტების ჩვენებას გეგმავს. დადიანების სასახლე დღესდღეობით სავალალო მდგომარეობაშია. ხეების ნაწილი გამხმარია. სასახლე, თითქმის, დანგრეულია, მაგრამ წარსული სიდიადე შემორჩენილი აქვს და თუ ინვესტორი დროულად გამოჩნდება, მისი შენარჩუნება რეალურია.

სასახლის და ბაღის რეაბილიტაციის შემთხვევაში, შესაძლოა, აქ სწორი კონცეფციის შემუშავება, მაღალი კლასის სასტუმროს აშენება და აქაურობის ენოტურიზმის კერად ქცევაც. 

ჩემი აზრით, სოფ. გორდში მაღალმჟავიანი თეთრი, ცოცხალი ღვინოების საწარმოებლად დიდი პოტენცია არსებობს. ამის წინაპირობას კირქვიანი ნიადაგი და ფერდობების ექსპოზიცია იძლევა.

გორდის დათვალიერების შემდეგ სტუმრებს ოკაცეს კანიონი ვაჩვენეთ და გოჭკადილისკენ გავეშურეთ. ორივე ადგილმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სამომავლო გეგმებიც მოვხაზეთ. 

ლაშასთან ერთად მშენებლობის დეტალები გავიარე. ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით მიდის, როგორც გათვალისწინებული გვქონდა. ჩემი მარტვილში „გადაბარგება“ ლაშას ინიციატივა იყო. რომ არა მისი მხარდაჭერა სიტყვითაც და საქმითაც, დიდი ალბათობით, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ყოველ დილა-საღამოს სატელეფონო ზარს ველი, დარეკვას ვერასდროს ვასწრებ. ყოველთვის აქტიურადაა ჩართული და თვალს ადევნებს პროცესს. სამეგრელოს დაცული ტერიტორიები სულ ახალშექმნილია და ჩვენ მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს დასახული. 

კვირა, 22 ნოემბერი

დღეს ქეთო ჩამოვიდა. თითქმის, ერთი თვეა, ერთმანეთი არ გვენახა. იმდენად მოუცლელები ვართ, ის თბილისში და მე - მარტვილში, ზოგჯერ ტელეფონზე საუბარსა და დღის „ანგარიშების“ ჩაბარებასაც კი ვერ ვასწრებთ. 

შუა დღეზე მარტვილის ცენტრში დავხვდი და მცირედი წახემსების შემდეგ სოფლის გზას გავუდექით. ჩვენი ნათესავები - დათო, ავთო და ბესო ფარცვანია მოსახმარებლად გამოგვყვნენ. 

ზოგადად, თამაკონი, თარგამეული, სალხინო, ბეთლემი და მიმდებარე სოფლები, სადაც ჩვენ ყურძენს ვყიდულობთ ხოლმე ერთი და იმავე მევენახეებისგან (ვინც ორგანული მეთოდებით უვლის ვაზს), ოჯალეშის საუკეთესო მიკროზონებადაა აღიარებული. განსაკუთრებულ თვისებებს ამ ადგილებში მოწეულ მოსავლებს ანიჭებს მდინარე ტეხური, სამეგრელოს სამხრეთის კირქვული ზოლის მდიდარი ნიადაგი და ხეობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული კლიმატური თავისებურებები. ბეთლემში (როგორი ტოპონიმებია?! - ბეთლემი, მარტვილი, სენაკი...) მოსავალი, თითქმის, აღებული დაგვახვედრეს. ყურძნის შაქრიანობა გავზომეთ და საშუალო 24 %-ს შეადგენდა. ბოლოს ვენახს ჩვენც „შევესიეთ“ და ერთიანად გავკრიფეთ. ერთი სული მაქვს, საკუთარ ვენახში როდის მივიღებთ პირველ მოსავალს. 

ვენახების პატრონის, დათოს დედა, ძალიან საყვარელი მოხუცი ბებია, ქეთოს აქებს, მეღვინეობის წარმოწყება რომ გადაწყვიტა. მეც ვფიქრობ, კარგი ღვინო დადგება. ნაცადი გვაქვს, შარშან საცდელად 22 ბოთლი დავაყენეთ (როგორც ემილი რეილსბეკი ამბობს, 22-ვე მან და ჯერემიმ დალიეს : ). ნახევრად მშრალი გამოვიდა. მოწონება დაიმსახურა. როგორც ამბობენ, „ქალური“ ღვინოა. ქეთოს ეს სტერეოტიპი  - „ქალური ღვინო“ - აღიზიანებს. საერთოდ, ღვინოების ასე გამიჯნვას „ქალურად“ და „მამაკაცურად“ მეც არ მივესალმები. არც ის მზღუდავს ჩემს საქმიანობაში, რომ ჩემმა ცოლმა ღვინის დაყენება დაიწყო. პირიქით, ახლა  უფრო ახლო ვართ ერთმანეთთან, ეს ის საქმეა, სადაც ჩვენი ინტერესები და ღირებულებები კიდევ ერთხელ იკვეთება. 

ყურძენი ავწონეთ. დათოს (მევენახე) მოსავალი ნახევარ ტონამდე ვერ ავიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, დანარჩენი ყურძენი თამაკონში, მეორე საუკეთესო ვენახში შეგვეძინა იმ შემთხვევაში, თუკი კოტეც 5 ლარად მოგვყიდიდა კილოს. კოტე ნადარაიამ არ გაგვაწბილა და სულ 500 კგ. გამოგვივიდა. ჩვენმა მეზობელმა ყურძნის წნეხი გვათხოვა. კლერტსაცლელი ისედაც გვქონდა. 

მზე როგორც კი ჩავიდა, წამსვე აცივდა. თითქოს, დღისით ასეთი სიცხე არ ყოფილიყოს. ასე იცის ტეხურმა. გვიანობამდე ვწურავდით, მოგვეყინა ცხვირ-პირი, ხელები. ქეთოს ვეხვეწებოდით, შესულიყო სახლში, დაესვენა. მაგრამ არ ეტყობოდა, ასე ადვილად დანებებოდა გარემოებებს. ))) ბოლომდე იმუშავა. მისი მესმის, უნდა, რომ არამხოლოდ სახელი იყოს მისი, არამედ - ხელობაც.  

ქეთო საწნეხში ყრის ყურძენს

გვიან ღამით, ყინვაში, ნიკას (ნიკა ფარცვანიას) მარანში მუშაობას ვასრულებთ. ჯერჯერობით, ჩვენი საკუთარი მარანი არ გვაქვს და ნიკამ და ბესომ შეგვიკედლეს. ამ მარანშია ნიკას წლევანდელი მეგრული და ორბელური ოჯალეში, Vino M’ARTville-ის ოჯალეში და ცოლიკოური, ასევე, ორბელის ოჯალეში (დუღილის პროცესშია), რომელიც წელს პირველად დავაყენეთ მეგრული და ლეჩხუმური „ოჯალეშის“ შედარების მიზნით, აქვეა ორბელური „ოჯალეშის“ როზე. ქეთოს ოჯალეში როზე ჩვენი ცოლიკოურის გვერდით გავამწესეთ.

ოჯალეში. როზე 2015

მახო ხუმრობს - „ცოლიკოური-ქმარიკოული“, როცა სოციალურ ქსელში ფოტოებს ნახულობს. ამათი საქმეც ასეა, აქაც გვერდიგვერდ. მოკლედ, კმაყოფილნი იმით, რომ მარანი გენდერულად დაბალანსდა, სახლში ვბრუნდებით. 

ხვალ გიორგობაა. უქმე. მხოლოდ ჩემი სამსახური არ ისვენებს. 

© ზაზა გაგუა, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

რაც არ გკლავს - გაძლიერებს

$
0
0

ანა ცხოვრებოვა
 
სანამ დიდი და მრავალშესასვლელიანი შენობის შესაბამის კარს მივაგნებდი, ალბათ ყველა კარში შევედი და ბოლოს, როგორც იქნა, სადეგუსტაციო დარბაზს მივაღწიე. ამასობაში დამაგვიანდა. პირველი შემთხვევაა, როცა ჩემივე ინტერვიუზე ჩემ გარდა ყველა ადგილზეა და მხოლოდ მე მელოდებიან. სადეგუსტაციო დარბაზში ღვინის კასრების სასიამოვნო სუნი ტრიალებს, მარნისათვის დამახასიათებელი სიგრილეა და კედელზე მიდგმულ თაროზე ღვინოების ფართო ასორტიმენტია გამოფენილი. ჩემი რესპონდენტები, ძმები გაგა და ზურა მარგველაშვილები, „თბილღვინოს"პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, გარეგნულად საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც შემდეგ გაირკვა - ხასიათითაც. ვუბოდიშებ დაგვიანების გამო და მზადყოფნას გამოვთქვამ ინტერვიუს დასაწყებად, თუმცა ამასობაში ზურა მარგველაშვილი დარბაზიდან გამავალი ერთ-ერთი კარის უკან უჩინარდება და ერთი ბოთლი „წინანდლით"ხელში ბრუნდება. „რა თქმა უნდა, ამის გარეშე აბა, როგორ", - გავიფიქრე ჩემთვის, სანამ დიდი ოვალური მაგიდის ცენტრში ვიკავებდი ადგილს. ღვინო დასხმულია, რესპონდენტები ინტერვიუსთვის მზად არიან, შეგვიძლია დავიწყოთ. „პირველი შემთხვევაა, როდესაც ინტერვიუზე ვარ, ვასრულებ პროფესიულ მოვალეობას და თან ალკოჰოლურ სასმელს ვსვამ", - გავიფიქრე. არადა, გარედან შემოყოლილი ქალაქის ხვატის შემდეგ მარნის სიგრილე და შეცივებული „წინანდლის"არომატული ყლუპი ინტერვიუსთვის არაჩვეულებრივი აპერიტივი აღმოჩნდა.
 
„თბილღვინოს"მენეჯმენტამდე
 
1998 წელს, როდესაც გაგა მარგველაშვილი კვიპროსიდან დაბრუნდა, სადაც მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით მიიღო განათლება, მუშაობა მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ პროექტში დაიწყო. პროექტის მიზანი პოსტსაბჭოთა წარმოების მხარდაჭერა იყო, რაც საწარმოებისათვის კონსულტაციების გაწევაში გამოიხატებოდა, რათა მართული ეკონომიკის პრინციპებიდან ნაკლებმტკივნეულად გადასულიყვნენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. ამ პერიოდისათვის საქართველოში უკვე დაბრუნებულია ზურა მარგველაშვილიც, რომელმაც მეღვინეობის განხრით აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, Wente Vineyards-ში, კალიფორნიის ერთ-ერთ მოწინავე ღვინის საწარმოში გაიარა პრაქტიკა და საქართველოში დაბრუნებულმა თავისი პროფესიული საქმიანობის „თბილღვინოში"გაგრძელება გადაწყვიტა.
„ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვიზრდებოდით და დღესასწაულები ყოველთვის ღვინის თანხლებით აღინიშნებოდა, თუმცა ჩვენს ოჯახში პირველი ზურა იყო, ვინც ღვინის წარმოებით პროფესიულად დაინტერესდა", - ამბობს გაგა მარგველაშვილი.
„ამას გარკვეული მიზეზი ჰქონდა, ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი, მამას მეგობარი ნოდარ ღვთისიაშვილი, მეღვინე იყო, მამა კი - მშენებელი და მეც მინდოდა მშენებელი გავმხდარიყავი, მაგრამ მან მითხრა, რამე სხვა პროფესია აირჩიეო და გადავწყვიტე, რომ მამას მეგობრის პროფესიას გავყოლოდი", - განმარტავს ზურა მარგველაშვილი.
სწორედ ზურას ინიციატივით, 1998 წელს, ძმებმა გადაწყვიტეს საკუთარი ცოდნა და ძალები გაეერთიანებინათ, რომ „თბილღვინო"მსოფლიო ბანკის პროექტში ჩაბმულიყო. გაგა და ზურა იხსენებენ, რომ იმ დროისათვის უკვე დაწყებული იყო სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების პრივატიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ აუქციონზე „თბილღვინოს"აქციების ნაწილიც გამოიტანა.
„ჩვენმა ოჯახმა აუქციონზე აქციების დაახლოებით ათი პროცენტი შეიძინა და ჩვენ კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერები გავხდით, რადგან აქციები 300 ადამიანზე იყო გადანაწილებული. 1995 წელია და მე, როგორც მსხვილი აქციონერი, მაგრამ ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანი, მოვედი კომპანიაში. ეს ის დროა, როდესაც მეღვინეობა ჯერ კიდევ ორად იყოფა: პირველად მეღვინეობად - სადაც ხდებოდა ყურძნის მიღება და გადამუშავება და მეორად მეღვინეობად (რომელსაც „თბილღვინო"მაშინ განეკუთვნებოდა) - სადაც მიღებული ღვინომასალისგან ღვინის ჩამოსხმა ხდებოდა. რესტრუქტურიზაცია რომ დაიწყო, მსოფლიო ბანკის პროექტში ჩართულმა უცხოელმა კონსულტანტებმა გვირჩიეს, რომ თუ გვინდოდა წარმატებისთვის მიგვეღწია, ვენახების გაშენება თუ არა, ყურძნის შეძენა მაინც უნდა დაგვეწყო. ჩვენთვის ეს იოლი მოსასმენი იყო, რადგან არ გვქონდა ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ ეს ქარხანა მხოლოდ ღვინოს ასხამს და ყურძენს არ ყიდულობს, მაგრამ ამაზე საუბარი რომ დავიწყეთ, კომპანიის შიგნით გვითხრეს, რომ ეს არის სიგიჟე და ეს არასოდეს გაუკეთებიათ", - იხსენებს ზურა მარგველაშვილი.
„მსოფლიო ბანკის"პროექტის ექსპერტების რჩევით პირველი, რაც მარგველაშვილებმა გააკეთეს, იყო ის, რომ ყურძნის ხარისხის კონტროლი დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ „თბილღვინოს"არსებობის ისტორია 1962 წლიდან იწყებს ათვლას, საწარმომ რთველში პირველად მონაწილეობა 1999 წელს მიიღო. ზურა მარგველაშვილი ამბობს, რომ ყურძენს სინჯავდნენ მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, პირველ რიგში ვენახშივე რწმუნდებოდნენ, რომ ყურძენი საღია, მერე გამყიდველს ფასზე უთანხმდებოდნენ,ხოლო თუ ფასი ორივე მხარეს აწყობდა, შემდეგ უკვე იწყებდნენ შაქრიანობის დადგენას და მევენახეს ეუბნებოდნენ, რომ თუკი ასეთ ყურძენს მოიტანდა, შეთანხმებულ ფასს მიიღებდა.
„საწყის ეტაპზე ბევრს მოჰქონდა ნაწილი კარგი, ნაწილი ცუდი და ჩვენ უარს ვეუბნებოდით, გარკვეულწილად იმითაც გამოვირჩეოდით, რომ ურჩები ვიყავით და ცუდი ხარისხის ყურძენს არ ვყიდულობდით. რა თქმა უნდა, ეს ცოდნა და გამოცდილებაც პირველსავე წელს არ მოსულა. ამას გარდა, მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვჭირდებოდა გარკვეული ცვლილებები კომპანიის შიგნით, გვჭირდებოდა ხალხი, რომლებსაც ექნებოდათ არა მხოლოდ კარგი განათლება და გამოცდილება, არამედ იქნებოდნენ მოწესრიგებულები, სწორი ღირებულებების მქონე", - დასძენს ზურა.
ცვლილებები მენეჯმენტში და კადრების გადახალისება, ასევე მტკივნეულად წარიმართა. გარკვეული დრო დასჭირდა გაბნეული აქციების კონსოლიდირებასაც. ცხადია, „თბილღვინოს"რესტრუქტურიზაციის პროცესში აუცილებელი იყო მიდგომების შეცვლა ღვინის წარმოების თვალსაზრისითაც. ძმებისათვის მთავარი ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში ხარისხიანი ღვინის წარმოება გახლდათ, რაც შეუძლებელი იქნებოდა ხარისხიანი ყურძნისა და ვინიფიკაციის ყველა ეტაპზე ხარისხის მაღალტექნოლოგიური მართვის გარშე.
„ჩვენი პროდუქციის გასაღების ბაზარი, როდესაც კომპანიის ნაწილი გავხდით, სამწუხაროდ, ნულის ტოლი იყო. ჩვენი პირველი ბაზარი, საიდანაც დავიწყეთ, იყო საქართველო, რადგან მიგვაჩნდა, რომ თუ აქ არ ვიქნებოდით აღიარებული, სხვა ბაზარზე წარმატების მიღწევა ძნელი იქნებოდა. ამიტომ, ეს ამოცანაც დავისახეთ და პრინციპში რეალიზაციის პირველი ნაბიჯები საქართველოდან დავიწყეთ. 2000 წლის ზაფხულში გამოვუშვით პირველი ასორტიმენტი: ახალი ღვინო ახალი ბოთლით, ახალი ეტიკეტით, ახალი სულისკვეთებით და 2001 წლის დასაწყისიდან დაიწყო პირველი ექსპორტი. პირველი საექსპორტო ბაზარი იყო ლატვია. თუმცა პირველივე წელს რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარიც ავითვისეთ, მათ შორის - რუსეთისაც. დღეს ექსპორტს უკვე 30 ქვეყანაში ვახორციელებთ", - ამბობს ზურა მარგველაშვილი.
გაგა, რომელიც იშვიათად ერთვება საუბარში, რადგან ზურა უფრო ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა, ამჯერად ჩაერთო. მისი კომენტარები, ჩვეულებრივ, უფრო საქმიანი, საგნობრივია.
„შარშან ჩვენ მიერ იქნა რეალიზებული 3 მილიონ 100 ათას ბოთლამდე. მთლიანად ექსპორტირებული იყო დაახლოებით 23 მილიონი ბოთლი საქართველოდან, ჩვენმა წილმა ამ ექსპორტში დაახლოებით 13 პროცენტი შეადგინა და ეს არის ყველაზე დიდი წილი, ანუ ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ვართ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 2009 წლიდან დაწყებული. წელს ჩვენი გეგმაა, ექსპორტი დაახლოებით 3 მილიონ 800 ბოთლამდე გავზარდოთ და იმედია, ლიდერის პოზიციას ისევ შევინარჩუნებთ", - ამბობს გაგა მარგველაშვილი.
 
„ღვინოს უნდა გრძნობდე"... კაბინეტშიც
 
ღვინო და მისი წარმოება, მით უმეტეს ისეთი დიდი ღვინის ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დაკავშირებულია რაღაც ამაღლებულ შეგრძნებასთან, აი იმასთან, ღვინოს რომ უნდა გრძნობდე... საინტერესოა, რამდენად განიცდიან ასეთ გრძნობას ძმები, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორივე მენეჯერია და ორივე დატვირთული გრაფიკით მუშაობს.
გაგა ამბობს, რომ გონებით შექმნილ ღვინის ბიზნესს შესაძლოა ჰქონდეს ეკონომიკური ეფექტი, მაგრამ თუ ამ გონებრიობას გულიდან მომავალი დამოკიდებულება თან არ ახლავს, მომხმარებელი მწარმოებლის განწყობას ასე თუ ისე მაინც იგრძნობს.
ვინტერესდები, რა ადგილს იკავებს ღვინო ძმების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„სადილზე ღვინის დალევა მაინც არ გამოდის, რადგან თავად სადილი იშვიათად მაქვს, - სიცილით მპასუხობს ზურა . - ყოველდღე ნამდვილად არ ვსვამთ, რადგან საკმაოდ დატვირთულები ვართ. ორ თვეში ერთხელ გვაქვს საწარმოო დეგუსტაცია, სადაც მეღვინეებთან ერთად ვახდენთ ხუთი-ექვსი სახეობის დეგუსტაციას. სამსახურში მხოლოდ ამ შემთხვევაში მიწევს სასმელთან შეხება, ან როდესაც სტუმრები გვყავს - პარტნიორები ან პოტენციური პარტნიორები".
„ზოგადად, ღვინით თრობა არც ისე გონივრული რამ არის, სიამოვნების მიღება უფრო გონივრულია", - დასძენს გაგა.
კითხვაზე, რომელი ღვინის დაგემოვნება ჯობს „სიამოვნების მისაღებად", ძმებს კონკრეტული სახეობის გამოყოფა უჭირთ. 
„აი, მაგალითად, სამი წლის წინ დავიწყეთ ქვევრის ღვინის წარმოება ტრადიციული კახური მეთოდით, ანუ თუკი რაღაც პერიოდის წინ ძირითადად ვსვამდი და სხვებსაც ვთავაზობდი „წინანდალს", რადგან ქართველი ადამიანი უფრო მეტად მაინც თეთრ ღვინოს მოიხმარს, ბოლო დროს სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც ქვევრის ღვინის აქტიურად შეთავაზება დავიწყე. ასევე, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ „საფერავი როზეს"წარმოება, რომელიც ძირითადად ასორტიმენტის გასამრავალფეროვნებლად გავაკეთეთ. ამას იმიტომ ვყვები, რომ ჩემთვის ერთი და ორი ღვინო არ არის, ყველა ღვინო მიყვარს, მაგრამ უფრო ხშირად ვსვამ თეთრ მშრალ ღვინოს და ამ ბოლო დროს, ზაფხულის პერიოდში, „საფერავ როზესაც", - განმარტავს ზურა მარგველაშვილი.
გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ქართველებმა ყველაზე კარგად იციან ღვინის დაყენება და ცოტა თუ ვინმე შეედრებათ, მარგველაშვილები ფიქრობენ, რომ, ცხადია, საქართველო ღვინის წარმოების უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა, თუმცა არის მთელი რიგი საკითხისა, რომლებიც დასავლეთისგანაც უნდა ვისწავლოთ.
„მოდი, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს საუკეთესო კლიმატი და გეოგრაფიული მოცემულობები ღვინის საწარმოებლად და გვაქვს საუკეთესო ყურძნის ჯიშები, რაც დიდი უპირატესობაა. ანუ, პოტენციალი რომ შევქმნათ, ამისთვის კარგი ღვინოც გვაქვს და ღვინის წარმოების 8000-წლიანი უწყვეტი ჯაჭვიც, ეს ენერგია არსად არ იკარგება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ვაწარმოოთ მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის ღვინოები, თუმცა ბევრი რამ გვაქვს სასწავლი დასავლური ღვინის კულტურისაგან. ჯერ ერთი, რაც უნდა კარგ ღვინოს აწარმოებდე, ღვინის სტილს გკარნახობს ღვინის მოყვარული, რომელთა უმრავლესობა საქართველოს გარეთ ცხოვრობს. რა დახელოვნებით არგებენ დასავლეთში ღვინის მეწარმეები თავიანთი ღვინის სტილს მომხმარებელთა გემოვნებას, აი ეს გვაქვს სასწავლი", - ამბობს გაგა მარგველაშვილი.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა შეცვალა დასავლელი მომხმარებლის გემოვნებამ მათს ღვინოებში, ძმები მარგველაშვილები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესაბამისად „თბილღვინოს"ღვინოები უფრო ახალგაზრდა, ხალისიანი, მაქსიმალურად ხილის ტონებით დატვირთული გახდა.
„ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ მომხმარებელს რაც შეიძლება ახალგაზრდა მოსავლის თეთრი ღვინოები შევთავაზოთ, განვავითაროთ მასში ხილის ტონები, დაბოლოება, რასაც პატივს სცემენ, გემოს ხანგრძლივობა. თანამედროვე მომხმარებელი საზღვარგარეთ არჩევნით საკმაოდ განებივრებულია. დღეს, როდესაც მომხმარებელს ღვინის დაგემოვნება უნდა, მისთვის არ არის საკმარისი, რომ შენ ხარ ძირძველი ღვინის წარმოების ქვეყანა, არც ის არის საკმარისი, რომ უნიკალური ჯიშები გაქვს. როდესაც საცობს ამოაძრობ, ჭიქაში ღვინოს დაუსხამ და ის აღიქვამს იმ სურნელს, არომატებსა და გემოს, რომელიც არც ერთ სხვა ჯიშს, არც ერთ სხვა ქვეყანაში არა აქვს, მერე ხდები შენ მისთვის სუპერსაინტერესო, გინდ ღვინის ექსპერტი იყოს და გინდ ჩვეულებრივი მომხმარებელი. ადრე, როდესაც ხარისხიანი ღვინოს არ აწარმოებდნენ,ეს მხოლოდ ისტორია იყო. დღეს ეს ისტორია არის ცოცხალი. მაგალითად, ადრე რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, რუსეთის ბაზარი არ გექნება და მაინც სამჯერ მეტ ღვინოს გაყიდიო, არ დავიჯერებდი", - ამბობს ზურა მარგველაშვილი.
 
რუსული ემბარგო, როგორც მაპროვოცირებელი ფაქტორი
 
მარგველაშვილები იხსენებენ, რომ მათი ღვინო რუსეთის ემბარგომდეც მაღალი ხარისხის იყო, თუმცა ემბარგო კომპანიისათვის მაპროვოცირებელი, დამაჩქარებელი ფაქტორი აღმოჩნდა, უფრო მეტი ფულადი და ადამიანისეული რესურსი, მეტი ენერგია დაეხარჯათ განვითარებისათვის.
„მოდი, ასე ვთქვათ, 2001 წლიდან ხარისხის გაუმჯობესების მზარდი დინამიკა ისედაც შეინიშნებოდა. რუსეთის ბაზრის დროს იყვნენ მაღალხარისხიანი და არც ისე მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლები. რუსეთის ბაზარი რომ დაიხურა, ეს არც ისე მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლები გაქრნენ და დარჩნენ „მაღალხარისხიანები", რომლებმაც განაგრძეს. რუსეთის ბაზარი რომ ღია დარჩენილიყო, არა მგონია, ჩვენი ხარისხი იმაზე დაბალი ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის. რუსეთის ბაზრის დახურვამ ჩვენი კრიზისის მენეჯმენტის უნარები უფრო გააძლიერა, რადგან ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა, ჩვენ დავკარგეთ რეალიზაციის დაახლოებით 50 პროცენტი ერთ დღეში, გვქონდა წამოკიდებული ზურგზე ვალდებულებები ბანკების, მომწოდებლების წინაშე და ზუსტად ამ კრიზისმა მოგვცა შესაძლებლობა, დაგვენახა ჩვენ გარშემო ის ოქრო, ვერცხლი და მარგალიტები, რომლებსაც მანამდე ქვად აღვიქვამდით", - განმარტავს გაგა მარგველაშვილი.
სწორედ ასეთ განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის დამსახურებით, 2008 წლის ბოლოს „თბილღვინომ"შეძლო იმავე მაჩვენებლებს დაჰბრუნებოდა, რომელებიც 2005 წელს ჰქონდა, ხოლო გასულ წელს კომპანიამ 2,5-ჯერ მეტი ღვინო გაყიდა რუსეთის ბაზრის გარეშე, ვიდრე თავის დროზე რუსეთის ბაზრის არსებობისას ყიდდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „თბილღვინოს"საექსპორტო ბაზრებს შორის სიდიდით ყაზახეთი ლიდერობს.
 
რთველი და სახელმწიფო პოლიტიკა
 
ძმები მარგველაშვილები ამბობენ, რომ არ მოსწონდათ ის მიდგომები, რაც ბოლო წლების მანძილზე სახელმწიფოს ჰქონდა და ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას, შესაძლოა საჯაროდ არა, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებთან აჟღერებდნენ საკუთარ არგუმენტაციას, თუ რატომ იყო არასწორი არსებული მიდგომა.
„ხელისუფლების მიდგომა ხშირად აისახებოდა იმაში, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანიები იხდიდნენ არაადეკვატურ ფასს, არა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრნობით. იყო ერთგვარი შეზღუდვა, სახელმწიფო იძლეოდა მკაცრ რეკომენდაციას, რომ მევენახისაგან, ვინც 10 ჰექტარზე მეტს ფლობდა, არ გვეყიდა ყურძენი. ამის მიზეზი იყო ის, რომ მეტ მცირე მიწის მფლობელ გლეხს ჩაებარებინა ყურძენი. სახელმწიფო რატომ ზრუნავს გლეხზე? იმიტომ რომ ელექტორატის დიდი ნაწილი წვრილ ფერმერებზე მოდის", - ამბობს გაგა მარგველაშვილი.
ზურა ძმის საუბარში ერთვება და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს რთველი მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო.
„პრაქტიკულად ვიხდიდით ხარკს, თუმცა ჩვენ ამ ვალდებულების თავიდან აცილებას იმის დამსახურებით ვახერხებდით, რომ ვართ კომპანია, რომლის პროდუქციის 90 პროცენტზე მეტი მიდის ექსპორტზე და არ არის მთლიანად ქართულ ბაზარზე დამოკიდებული, ანუ..." - ზურას საუბარში გაგა ერთვება: „შეიძლება ვუპასუხო?" - „რატომ, ცუდად ვპასუხობ?" - უკვირს ზურას და აგრძელებს: „გვეუბნებოდნენ, თქვენ არავინ გეკითხებათ, როდის დაიწყებთ ყურძნის მოკრეფასო და იწყებოდა რთველი მკვახე ყურნის მოკრეფით, რათა გლეხი კმაყოფილი ყოფილიყო სახელმწიფო ასევე აწესებდა ფასებს, გლეხს ეუბნებოდა, ამაზე ნაკლებად არ ჩააბარო, თუ შენ არ გადაგიხდიან, მოიტან ამა და ამ ქარხანაში და ჩვენ ვიყიდითო. ამ შემსყიდველს, ზოგადად, ერქვა ‘გრუზვინპრომი'" - განმარტავს ზურა მარგველაშვილი.
გაგას მიეცა საშუალება თქვას ის, რისი თქმაც უნდოდა. იგი განაგრძობს: „ჩვენ გვესმოდა, რომ სახელმწიფოს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, გლეხს ყურძენი გაუყიდველი არ დარჩეს, მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, მომეცი საშუალება ვიყიდო, რაც მჭირდება, ვისგანაც მინდა და რაც დარჩება ჭარბი, მერე აითვისე, ამას არავინ ანგარიშს არ უწევდა. თვითონ ეს ‘გრუზვინპრომი'ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაიქცა კონკურენტად, რომელიც არა მარტო შეისყიდდა ყურძენს, არამედ ღვინის ჩამოსხმაც დაიწყო. მისი მეშვეობით მონაწილეობდა სახელმწიფო რთველში".
გაგას და ზურას ერთმანეთის გარდა სხვა დედმამიშვილი არ ჰყავთ. „გაგა ეძებს, მაგრამ ვერ იპოვა", - ხუმრობს ზურა. კითხვაზე, ის ფაქტი, რომ არიან ძმები და ამავდროულად პროფესიონალები სხვადასხვა სფეროში, განაპირობებს თუ არა მათი კომპანიის წარმატებას, ამბობენ, რომ შედეგით თუ ვიმსჯელებთ - კი, თუმცა ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თუმცა ორივე ძმა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჰყავთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც მართავენ კომპანიას.
დღეისათვის კომპანიაში სულ 100 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, „თბილღვინო"ყურძენს ყოველწლიურად დაახლოებით 500 ოჯახისაგან ყიდულობს კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.
 
მილიონი თვითმიზანი არ არის
 
მოულოდნელ კითხვაზე: „მილიონერები ხართ?", გაგა გაკვირვებული კითხვითვე პასუხობს: „რას გულისხმობთ?"და თავადვე აგრძელებს: „კომპანია კი, ჩვენ - არა, და არც გვაქვს ეგ მიზანი". ფიქრობს, რომ 20 წლის შემდეგ ალბათ უფრო გააზრებული ყოფა ექნება და უფრო მეტად იქნება ორიენტირებული იმ ღირებულ ჭეშმარიტებებზე, რომლებთან მიმართებითაც მის ყურადღებას დღეს ყოველდღიურობა ადუნებს.
„მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელობით. დღევანდელობა არის დაფუძნებული იმ წვალებაზე, ნგრევებზე, რაც მოცემულ მომენტში შესაძლოა შეცდომად აღიქმებოდეს, მაგრამ სინამდვილეში არ არის შეცდომა, აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ დღევანდელობა დადგეს. თუკი დღევანდელობით კმაყოფილი ხარ, ე.ი. არაფერს არ შეცვლიდი. 20 წლის შემდეგ მე ვხედავ ჩემს თავს პიროვნულად უფრო მაღალი განვითარების საფეხურზე. რაც შეეხება შემოსავლის წყაროს, ის იქნება, ამას არც ვანიჭებ დიდი მნიშვნელობას", - დასძენს გაგა.
ძმები დაოჯახებულები არიან, ზურა მარგველაშვილს ჰყავს მეუღლე და შვილები, გაგას - შვილები.
გაგა უფრო სიტყვაძუნწი და თავშეკავებული მოსაუბრეა, ზურა უფრო გახსნილი და ენაწყლიანი. იმდენად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკონ საკუთარ თავზე, რომ უკვე ისეთ კითხვებს ვუსვამ, როგორიცაა: „თქვენი საყვარელი წიგნი?", „საყვარელი ფილმი რომელია?"და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ზურა ბოლო დროს მხოლოდ მეღვინეობასთან დაკავშირებული ლიტერატურის კითხვისათვის იცლის, გაგამ კი ბოლოს „თამაში ჭვავის ყანაში"გადაიკითხა და სულ სხვანაირად აღიქვა. გაგა კინემატოგრაფით ძალიან გატაცებულია, ზურას უდროობის გამო ბოლო ხანს თავიდან ბოლომდე ფილმი არც კი უნახავს... ამასობაში, ფოტოგრაფი ვეღარ ითმენს, უკვე რამდენიმე საათია ჩვენს საუბარს უსმენს, „წინანდლის"ბოთლიც ბოლომდე გამოვცალეთ. ასპარეზს ვთმობ და შორიახლოდან ვაკვირდები ფოტოების გადაღების პროცესს - გაგა და ზურა მარგველაშვილები წითელი ღვინით შევსებული ბოკალებით ხელში მარანში კასრებს შორის, ღვინის ცისტერნებთან, ღვინის ასორტიმენტის სადემონსტრაციო თაროსთან... საბოლოოდ ვასკვნი, რომ „თბილღვინოს"პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს და ალბათ სწორედ ამ განსხვავებულობის დამსახურებაა, რომ ძმები კომპანიას ასე წარმატებულად მართავენ.
 
© forbesgeorgia.ge
 
ნატურალური ღვინოების დეგუსტაცია სიღნაღში

$
0
0

მალხაზ ხარბედია

გასულ კვირას, სიღნაღში, “ხოხბის ცრემლების” ღვინის სალონში, ძალიან საინტერესო დეგუსტაცია გაიმართა. საქმე ისაა, რომ საქართველოში სტუმრად იყო სახელოვანი ფრანგი მეღვინის, მარსელ ლაპიერის ქალიშვილი, კამილ ლაპიერი და გლეხურად რომ ვთქვათ, ბლომად საინტერესო ღვინო ჩამოიტანა. კამილს ჯონი ვურდემანი მასპინძლობდა და სწორედ მან მოაწყო ეს დეგუსტაცია.

სანამ უშუალოდ ღვინოების დახასიათებაზე გადავიდოდე, ძალიან მოკლედ გეტყვით მარსელ ლაპიერისა და დეგუსტაციის სხვა გმირების, ძმების, ტიერი პუზელას და ჟან მარი პუზელას შესახებ. საქმე ის გახლავთ, რომ სამივე ეს ადამიანი მსოფლიო ნატურალური მეღვინეობის ნამდვილი ვარსკვლავები არიან. მარსელ ლაპიერი, სამწუხაროდ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა 2010 წელს და იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბოჟოლეში სრულიად განსხვავებული ღვინის დაყენება დაიწყო და სახელი სწორედ ნატურალური მეღვინეობით დაითქვა. სხვათა შორის, ძალიან ბევრს ამ მიმდინარეობისა და მისი უმთავრესი წარმოამდგენლების შესახებ ელის ფეირინგის შესანიშნავ წიგნში შეიტყობთ, “შიშველი ღვინო”, რომელიც გასულ წელს ქართულადაც ითარგმნა (თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნათია მენაბდემ) და რომელსაც თბილისის წიგნის მაღაზიებშიც შეხვდებით (ყოველ შემთხვევაში, ნატურალური ღვინის ბარ “ღვინო ანდეგრაუნდში”, ტაბიძის 15-ში, ნამდვილად აქვთ ეს წიგნი). სწორედ ამ წიგნიდან მინდა მოვიყვანო რამდენიმე ციტატა, რომელიც მარსელ ლაპიერს ეხება:   

“1978 წელს ახალგაზრდა მორგონელი მეღვინე, მარსელ ლაპიერიმივიდა დასკვნამდე, რომ საკუთარი ღვინის დალევა არ შეეძლო. ეს უკვე ის დრო იყო, როცა ორგანული მიწათმოქმედება და საკვები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, გაბატონებული ტენდენციის ადგილს იმკვიდრებდა. ლაპიერმა ამ წელს ჩაატარა ექსპერიმენტი და დააყენა ღვინო გოგირდის გარეშე. მას გაგონილი ჰქონდა, რომ მეცნიერი და მეღვინე, შოვე(საუბარია ჟიულ შოვეზე, ნატურალური მეღვინეობის ერთ-ერთ პიონერზე – რედ.), მუშაობის დროს ქიმიურ ნივთიერებებს არ იყენებდა და გადაწყვიტა მისი მოძებნა. შოვე და ჟაკ ნეოპორი (მისი ასისტენტი და მოწაფე) ლაპიერს დაეხმარნენ, შეეცვალა თავისი მიდგომა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართ. პატარა მორგონი ბოჟოლეს რეგიონის სოფლური ტიპის ქალაქი იყო და ხმაც სწრაფად გავრცელდა. ლაპიერმა შემოიკრიბა თანამოაზრე მეგობრები: მაქს ბრეტონი (პატარა მაქსი), ჟან ფოიარი და ჟან ტევენე. მათ „ოთხთა კავშირი"შექმნეს. მათთან ერთად იყო კიდევ ერთი vigneron, ყველასათვის საყვარელი მოხუცი კაცი, ჟოზეფ შამონარი, რომელიც ყოველთვის ისე მუშაობდა, როგორც მისი წინაპრები, სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი არასოდეს იყენებდა ქიმიკატებს ვენახში და არ მიმართავდა ენოლოგიურ მაქინაციებს ღვინის დაყენების დროს. შამონარი ამ ოთხეულის მეხუთე საპატიო წევრად მიიღეს. ჩემი აზრით, ამ ოთხეულისთვის ის სიმბოლო იყო”.

შედარებით გვიან ჩაერთო ამ მოძრაობაში ტიერი პუზელა, თუმცა დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი vigneron-ია (ეს ცნება ერთმანეთში იტევს მევენახესაც და მეღვინესაც), კარგად იცნობს ქართულ ნატურალურ მეღვინეობასაც, ჩვენთანაცაა ნამყოფი და ქართველებისთვისაც არაერთხელ უმასპინძლია საფრანგეთში.

ნატურალური ღვინის ავტორებს ყოველთვის დიდი პრობლემები აქვთ ხოლმე კანონთან, სწორედ ამიტომაცაა, რომ მათი ღვინოების უმრავლესობა ან სუფრის ღვინის კატეგორიაში გადის ხოლმე, ანდა მხარის ღვინისაში. კიდევ ერთი ციტატა ელის ფეირინგის წიგნიდან:  

,,ხშირ შემთხვევაში საუკეთესო ნიადაგისა და მიკროკლიმატის მქონე ადგილებს აპელასიონის სტატუსს არ ანიჭებენ, რადგანაც აქ მოყვანილ ყურძენს ,,სწორი"გემო არა აქვს. მაგალითად, ტიერი პუზელამ, შესანიშნავმა მეღვინემ ლუარიდან, მითხრა (იგი უკვე შეურიგდა ამ ფაქტს), რომ რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან დამზადებული მისი ღვინოები, - Pineau d’Aunis, Menu Pineau და Chenin, რომლებმაც მას სახელი გაუთქვეს, 2016 წლისთვის გაიყიდება, როგორც მხოლოდ Vin de Table.

 ,,2016 წლის შემდეგ ჩემი თეთრი ღვინოებიდან ნებადართული იქნება  Sauvignon, ხოლო წითელი ღვინოებიდან - Gamay, Cabernet, Franc და Cot. ჩვენი განსაკუთრებული ღვინოების წარმოება, რომლებმაც ჩვენი რეგიონის უნიკალურობა განაპირობა, აკრძალული იქნება. ფაქტობრივად, ტურენის სახელისუფლო ორგანოებს სურთ, ყველანაირი Sauvignon Blanc რაღაც Sancerre-ს მსგავს ღვინოდ გადააქციონ, რომელიც მომხმარებელს მოსწონს, რადგან მისი აღქმა უფრო ადვილია. მათ ახალზელანდიელი ენოლოგი, სემ ჰაროპი დაიქირავეს, რომ მეღვინეებს აუხსნას, რა უნდა აწარმოონ საერთაშორისო ბაზრისთვის - მხოლოდ არომატული Sauvignon."

 პუზელას Sauvignon-ს არაფერი აქვს საერთო ახალზელანდიური Sancerre-ის ხურტკმელის არომატთან, ან იმასთან, რაც ,,ბალახოვანის"ან ,,კატის შარდის"სახელითაა ცნობილი. პუზელას ეს ღვინო თავისთავად უნიკალურია, მწვანე სინედლისკენ და ნესვის არომატისკენ იხრება. <...> კანონის თანახმად, მას არ შეუძლია, ეტიკეტზე მიუთითოს ტურენის Appellation d’origine controlee (AOC), თუ მისი თეთრი ღვინო Sauvignon არაა. მას მხოლოდ შეუძლია, ეტიკეტზე მიუთითოს Vin de Table (VdT), რაც ასევე გულისხმობს, რომ მეღვინეს უფლება არა აქვს, ეტიკეტზე დამზადების წელი აღნიშნოს.

 ამის გამო ხშირად ნახავთ, რომ ბოთლზე აღნიშნული არის VdT (სუფრის ღვინო). იმ ხალხში, რომელიც ნატურალურ ღვინოს აყენებს, ეს ვაჟკაცობის, სიმამაცის გამოვლინებად ითვლება. ესეც ერთგვარი პროტესტია. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაბამდე გზა ჰქონია სახელისუფლო ორგანოს, რომელიც ბაზარს აკონტროლებს - ჩვენ ავთენტურობა გვინდა!"

ძმები პუზელების აქ დახასიათებული ღვინოებს, სხვათა შორის, ერთი სახელი აერთიანებს, Clos du Tue-Boeuf, რაც ნიშნავს “მოკალი ხარი” და ჟღერადობით ამ Tue-Boeuf  ირონიულად გადავყავართ მსოფლიო მეღვინეობის ერთ-ერთი მაგნატის, ბოჟოლელი ჟორჟ დუბეფის გვართან.

Vin Blanc, Vin de Table Français

ძმების,ტიერი პუზელას და ჟან მარი პუზელას მიერ დაყენებულ ამ სუფრის ღვინოს ეტიკეტზე ვინტაჟიც არა აქვს მითითებული. ეს ლუარას ღვინო სავარაუდოდ სოვინიონ ბლანიდან, შენენ ბლანიდან ან შარდონედან უნდა იყოს დაყენებული. მოოქროსფერო ჩალისფერი ღვინოა, სურნელი შედარებით ჩაკეტილი აქვს, თუმცა დაგემოვნებისას გამოჩნდა ლექზე დავარგების კვალიც – ლიმნის ვაფლი, ბისკვიტი და ა.შ., მოტკბო გემოები – დაშაქრული თხილი და ნიგოზი,

Le Brin de Chevre, Vin de Table Français

ეს ღვინოც ძმების დაყენებულია, რაც ეტიკეტზეClos du Tue-Boeuf-ითაააღნიშნული, ისევე როგორც წინა ღვინოზე. წელი არც ამ სუფრის ღვინოზეა მითითებული, მოოქროსფერო-ჩალისფერი, სხეულიანი ღვინოა, დაშაქრული თხილისა და ვაშლის ჩირის ტონებით.

Chardonnay,Clos du Tue-Boeuf, 1996   

ე.წ. მხარის ღვინოა, რაზეც წარწერაც მეტყველებს ეტიკეტზე - Vin de Pays du Loir et Cher. ძალიან ეკზოტიკური შარდონეა. ასეთი აქამდე არაფერი დამილევია, მითუმეტეს, უცნაური იყო, როდესაც 17 წლის ღვინოში, საიდანაც პირველ რიგში დაჟანგვის და სიძველის ტონებს მოველოდი, მწიფე მსხლის სურნელები ამოვიცანი და ვარდის მურაბისა და სხვა ხალისიანი სურნელები ამოვარდა ჭიქიდან. ძალიან ხანგრძლივი დაბოლოების მქონე სავსე, სხეულიანი ღვინოა. სიმაგრე 15%.

Clos du Tue-Boeuf, Cheverny, 2010

ისევ ლუარის მხარის ღვინოებში ვტრიალებთ, თუმცა ეს უკვე აპელასიონური, ანუ ადგილწარმოშობის ღვინოა (Cheverny), რომელიც პინო ნუარიდან და გამედანაა დაყენებული. შედარებით მკრთალი ალუბლისფერი ღვინოა ნაზი ტანინებითა და მცირედი დაფნის და მწიფე წითელი ტყემლის ტონებით. თხელი, სასიამოვნო წითელი ღვინოა.

La Guerrerie, Touraine, 2005

ესეც ადგილწარმოშობის ღვინოა, სახელოვანი ტურენიდან. დაყენებული კოს (Côtასე უწოდებენ საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში მალბეკს) და გამეს ჯიშებიდან. დაძველება უკვე კარგად ეტყობა ამ ღვინოს, წინა პლანზე ტყლაპის, ჩირების და ლორის ტონები გამოვიდა. ასაკის მიუხედავად ძალიან ხალისიანი ღვინოა, სასიამოვნო მჟავიანობით. მოგვიანებით ღვინოში მცენარეული ნოტები გამოჩნდა, ასევე ტკბილი სუნელები (მაგ. ჯანჯაფილი) და შინდის მურაბა.

Morgon, Marcel Lapierre, 2012

გადავედით ბოჟოლეში. ეს ღვინო ლეგენდარული მარსელ ლაპიერის მემკვიდრეების დაყენებულია. დაყენებულია ბოჟოლეს ტრადიციული, კარბონული მაცერაციის წესით, გამეს ჯიშის ყურძნიდან. შემდეგ გარკვეული დრო გაატარა ბურგუნდიული მუხის კასრებში. ძალიან რბილი ღვინოა, ღოღნაშოსა და მწიფე წითელი ტყემლის ტონებით. ხასიათდება სასიამოვნო ტანინებით. ღვინოს საერთოდ არა აქვს დამატებული გოგირდი.

Marcel Lapierre Morgon Cuvée MMXI

ეს ღვინოც მარსელ ლაპიერის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წელსაა დაყენებული. აქაც კარბონული მაცერაციაა გამოყენებული და იგივე ტრადიციული ჯიში, გამე. ასეთი სპეციალური კიუვე მხოლოდ 1999, 2001, 2003 და 2011 წლებში ჩამოასხეს. ღვინო ბიოდინამიკურ ვენახში დაკრეფილი ყურძნიდანაა დაყენებული. სურნელში იგრძნობა მწიფე ხილი, წითელი ქლიავი, და მცირედი მუხის კვალი. აქ გასინჯულ ღვინოებს შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დაბოლოება ჰქონდა, ასევე რბილი ტანინები და სასიამოვნო, ცოცხალი მჟავიანობა. არაა მარტივი ღვინო, ელეგანტური და ხასიათიანია. ვისურვებდი დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, რაჭა) და ქართლშიც დააყენონ მსგავსი სტილის ღვინოები ძელშავიდან და თავკვერიდან.  

© ღვინის კლუბი/Weekend

ამაოების ბაზარი: მალხაზ ხარბედია / ქართული ღვინის კულტურა

სოლომონ თეთრაშვილის ბაღნარი

$
0
0

ალეკო ცქიტიშვილი

სოლომონ თეთრაშვილის ასწლოვანი ვენახი დიღომში თბილისური მევენახეობის დიდების ნაშთია. 3000 კვ.მ-ზე გაშენებული რქაწითელის ვენახი დიღმის გზატკეცილის პირას, რესტორან „ბაღნარის“ მომიჯნავედ მდებარეობს. იგი გაშენებულია გასული საუკუნის 20-იან წლებში, როცა აქ დიღმელებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჰქონდათ. ეს ვენახი და ხეხილიანი ეზო იშვიათი მწვანე კუნძულია თბილისის ამ ნაწილში, სადაც ურბანიზაცია სწრაფად მიმდინარეობს და მსგავსი ოაზისების შენარჩუნება საზოგადოების დიდ ძალისხმევას,მესაკუთრის მხრიდან კი ნაკვეთის სარფიანად გაყიდვის ცდუნების დაძლევას მოითხოვს.

დიღომი ისტორიულად ცნობილი იყო ბაღ-ვენახებით, საიდანაც თბილისი ახალი ხილით მარაგდებოდა. ეს ფუნქცია დიღომს, გარკვეულწილად, დღესაც შემორჩა, მაგრამ უფრო მეტად - სათბურების ხარჯზე, სადაც კიტრი, პომიდორი და მწვანილი მოჰყავთ. ბაღ-ვენახების ფართობები კი შემცირებულია, ერთი მხრივ, მჭიდრო განაშენიანების, მეორე მხრივ კი - მებაღეობისა და მევენახეობის დაკნინების გამო.

აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი თავის ნაშრომში „კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში“ თბილისის მიდამოებს - გლდანს, ავჭალასა და დიღომს სასუფრე მევენახეობის მიკრორაიონად განიხილავს და წერს, რომ ამ ტერიტორიებზე, ძირითადად, სასუფრე ვაზის ჯიშები იყო გაშენებული. ცნობილია, რომ ისტორიულად გლდანში გავრცელებული ვაზის ჯიში გლდანურა იგივე გორულაა - ქართლის რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ვაზის ჯიში. სოფელ დიღომში ძველთაგანვე გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში - დიღმურა, რომელიც ახლა გადაშენების პირას არის, ჯერ კიდევ საჭიროებს შესწავლას. დიღმურასგან, სავარაუდოდ, ორდინალური ღვინო დგებოდა და მასაც უფრო საჭმელად იყენებდნენ. თუმცა, საბოლოო დასკვნებისთვის, წერილობით წყაროებზე უფრო სანდო იქნება დიღმურასგან დაყენებული ღვინის გასინჯვა, რითაც მოგვეცემა საშუალება, შევაფასოთ ვაზის ამ ჯიშის პოტენციალი მეღვინეობაში.

პირობითად თბილისის მევენახეობის მიკრორაიონში დაყენებული ღვინოები დღესდღეობით ბაზარზე არ არსებობს. ამდენად, ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით, როგორი იყო 100-200 წლის წინანდელი ღვინოები, რომლებიც ორთაჭალაში, ვერაზე, ვაზისუბანში, ავჭალასა თუ დიღომში გაშენებული ვენახებიდან იწურებოდა.

ვახუშტი ბატონიშვილი თბილისის გარემოს აღწერს, როგორც წალკოტიანს - „გარემო ქალაქისა წალკოტნი მრავალნი, ყოვლის ხილითა და ყვავილითა სავსე“, „ვერე წყნეთამდე წალკოტითა შემკული“.

90 წლის წინ, როცა სოლომონ თეთრაშვილის წინაპრებმა ვენახის გაშენება გადაწყვიტეს, არჩევანი კახეთის ვაზის ჯიშზე, რქაწითელზე შეაჩერეს. რქაწითელის დაბლარი რიგების გვერდით მომცრო ტალავერზე გორულას (იგივე - გლდანურას) ოთხი ძირია აშვებული. აქედან ერთი ძირი რქაწითელის ვენახის ხნისაა, სამი კი შედარებით ახალი. მართალია, გორულა სუფრის ყურძნად ითვლება, მაგრამ მას კუპაჟში საღვინე ჯიშებთან ერთად ყოველთვის ხმარობდნენ და ზოგჯერ მისგან ღვინოს ცალკეც აყენებდნენ. სოლომონ თეთრაშვილიც აგრძელებს ტრადიციას და გორულას რქაწითელთან ერთად წურავს. 10%-ის შემადგენლობით გორულა რქაწითელის ღვინოს უფრო ნაზს და არომატულს ხდის. ეს ღვინო, სახელწოდებით  - „სოლომონი“ ფართო საზოგადოებამ პირველად 2014 წლის „ახალი ღვინის ფესტივალზე“ გასინჯა.

3000 კვ.მ-ის ფართობზე რქაწითელის ვენახი ოთხ ცალკეულ ნაკვეთად არის გაშენებული. ნაკვეთებს შორის სხვადასხვაგვარი ხეხილია. რამდენიმე ხე ვენახშიც არის დარგული. ვაზის ძირებს შორის დაშორება 70-80 სმ-ია, რიგებს შორის კი დაახლოებით 1,20 სმ. ვენახი ხელის ტრაქტორით იხვნება. ვაზი ჯერჯერობით სისტემური პრეპარატებით იწამლება. თუმცა, 2015 წლიდან მევენახე გეგმავს, წამლობისთვის კონტაქტური ბორდოს ხსნარი გამოიყენოს, რადგან ოჯახური მარნების ღვინოებს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, თუკი ბუნებრივი ნატურალური ღვინის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

სოლომონ თეთრაშვილის ვენახის მთავარი ღირსება მისი ასაკია, რომლის ისტორიას მევენახე სიამაყით გვიყვება: „1922 წელს ბებიაჩემი დიღომში სოფელ ძალისიდან გამოთხოვდა. როგორც მისგან გადმოცემით ვიცი, იმ დროს ამ ტერიტორიაზე მინდორი იყო, რომელზეც დიღმელები ხორბალს თესავდნენ. ბებიაჩემის მამას, თედო პაპას გაზაფხულობით ძალისიდან ურმით რქაწითელის ნერგები ჩამოჰქონდა და სამ-ოთხ წელიწადში ასე გააშენეს აქ ვენახი, რომელმაც დღემდე მოაღწია. რესტორან „ბაღნარის“ ტერიტორია და მიმდებარე ნაკვეთები 1 ჰექტრამდე ასი წლის წინ პაპაჩემის და მისი სამი ძმის საკუთრება იყო. ახლა ეს ნაკვეთები მათ შთამომავლებს გვაქვს დანაწილებული. „ბაღნარიც“, თავისი დიდი ეზოთი, ჩემი ნათესავების საკუთრებაა. მათ შორის ჩემი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილიცაა. პაპაჩემი დიღომში ცხოვრობდა და სოფელში ახლაც გვაქვს მამა-პაპისეული სახლი, პატარა (300 კვ.მ.) ეზოთი. დიღმის ზემო მხარეს ცალკე კიდევ გვაქვს ერთი ნაკვეთი, სადაც სამომავლოდ ბაღ-ვენახის გაშენებას ვგეგმავთ“.

სოლომონ თეთრაშვილს მიწასთან, ბუნებასთან, ხეხილთან და ვაზთან ურთიერთობა უყვარს. ხეხილს თვითონ ამყნობს და ამრავლებს. სამომავლოდ სურს, ვენახის ნაპირას მცირე მარანი ისეთნაირად მოაწყოს, როგორც სამცხე-ჯავახეთში, საფარის მონასტრის ტერიტორიაზე ნახა. ეს იქნება ნახევრად მიწური შენობა, რომლის ზემოთა ნაწილი მიწის ბორცვით დაიფარება ისე, რომ გარედან მხოლოდ მარნის კარი იქნება თვალხილული. ხელოვნური ბორცვი, რომლის ქვემოთაც მარანი იქნება, დამატებით ბალახით, ყვავილებითა და ბუჩქებით დაიფარება. მარანში ქვევრები და ტრადიციული ქართული საღვინე ინვენტარი იქნება.

გასულ წელს სოლომონ თეთრაშვილმა თავისი ვენახი ცნობილ ამპელოგრაფს, აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილს აჩვენა. მას ვენახში არსებული რამდენიმე ძირი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის იდენტიფიკაცია სურდა. ეს ვაზი ჰიბრიდი აღმოჩნდა, სავარაუდოდ - ქართლში გავრცელებული ე.წ. დირბულა. სამომავლოდ მევენახეს რომელიმე პერსპექტიული წითელყურძნიანი ჯიშის გაშენებაც უნდა, რისგანაც მაღალხარისხიან წითელ ღვინოს დააყენებს.

აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი დიღმელ მევენახეს ურჩევს, მცირე ფართობი მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენოს და ჰიბრიდული წითელყურძნიანი ვაზის ძირები ეტაპობრივად კულტურული ვაზით ჩაანაცვლოს. ჩანაცვლებისას კი ისეთი ჯიშები შეარჩიოს, რომლებიც ქართლის მევენახეობისთვის არის დამახასიათებელი. პირველ რიგში რეკომენდებულია - თავკვერი, რომელიც ცალსქესიანია და საჭიროა, სხვა ჯიშთან ერთად დაირგოს. კიდევ ერთ ყველაზე გამოცდილ წითელყურძნიან ჯიშად ქართლში შავკაპიტოა მიჩნეული და თავკვერთან ერთად მისი გაშენებაც შეიძლება. ასევე კარგი იქნება ბოლო ათწლეულებში უსამართლოდ მივიწყებული წითელი ბუდეშურის გაშენება, რომელიც მართალია, სასუფრე ჯიშია, მაგრამ მცირე შემადგენლობით ღვინოში ისევე შეიძლება გამოყენება, როგორც გორულას იყენებენ.  კიდევ უფრო იშვიათი ჯიშებიდან კარგი იქნება დანახარულის გამრავლება, რომელიც ასევე უსამართლოდ მივიწყებულ ჯიშთა ნუსხაშია. რაც შეეხება დიღმურას, დიღმელი მევენახეების ვალია ამ ჯიშს უპატრონონ და თავიანთ ვენახში მცირე რაოდენობით მაინც დაუთმონ ადგილი, რადგან ეს არის ვაზი, რომელიც სოფელ დიღომში წარმოიშვა და საუკუნეების განმავლობაში გამოიცადა.

ნოდარ ჩხარტიშვილის თქმით, თბილისში ვენახის შენარჩუნება პატრიოტული საქმეა და კარგი იქნება, თუკი ასეთი მევენახეები წახალისებული იქნებიან მთავრობისაგან. მით უფრო, როცა ვენახი დიღომში მდებარეობს, სადაც ისტორიულად ბაგრატიონების ბაღ-ვენახები იყო გაშენებული და ერთ-ერთ საუკეთესო სავენახე ტერიტორიად ითვლება.

„მიწებს უნდა გავუფრთხილდეთ. სამეურნეო მიწების გარკვეული რაოდენობა ხელუხლებელი უნდა დავტოვოთ. კანონით უნდა აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწების სამოსახლოდ ათვისება, მით უფრო - ამ მიწებზე მრავალსართულიანი კორპუსების აშენება. წლების წინ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. დიღომსა და ვაშლიჯვარში ბაღ-ვენახები ყვაოდა. ეს ვენახები ბოლო წლებში ჩვენს თვალწინ განადგურდა, მიწები კი გაიყიდა და ახლა ამ ტერიტორიებზე სახლები შენდება. საჩვენებელი ვენახები უშუალოდ ქალაქშიც უნდა გავაშენოთ, სხვადასხვა ფორმით - ხეივანზე, ხეებზე, სახლების კედლებზე, აივნებზე და ტრადიციულად - რიგებშიც, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. ამ გზით არა მარტო გავალამაზებთ ჩვენს ქალაქს, არამედ სტუმრებსაც ვაჩვენებთ, რომ საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა. გასული საუკუნის 60-იან წლებში სახელმწიფო პროგრამა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც ქალაქში ვაზის ნერგებს ვრგავდით. ამ პროგრამის მიხედვით, არც ერთი სკოლისა და საბავშვო ბაღის ეზო არ უნდა ყოფილიყო ვაზის გარეშე. ამ ტრადიციის აღორძინება სავსებით შესაძლებელია და აუცილებელიცაა“, - ამბობს ნოდარ ჩხარტიშვილი.

სამწუხაროდ, თბილისის ქაოსური ურბანიზაცია, გარეუბნებსა და ახლად შემოერთებულ სოფლებში ჯერ კიდევ შემორჩენილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სწრაფი განაშენიანება, ძნელად გვიტოვებს იმედს, რომ საქართველოს დედაქალაქში ბაღ-ვენახები კიდევ აღორძინდება. 2007 წლის შემდეგ, როცა სოფელი დიღომი თბილისის ერთ-ერთ უბნად იქცა, სოფელშიც და მის მომიჯნავე დიდ დოღომში გამალებული მშენებლობები მიმდინარეობს. სოფელი თვალსა და ხელს შუა კარგავს სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და საძოვრებს. თუმცა, მდგრადი განვითარების გზით, ჯერ კიდევ შესაძლებელია არსებული სავარგულებისა და ბაღების შენარჩუნება, თუკი ქალაქგეგმარებისას გათვალისწინებული იქნება როგორც გარეუბნების მოსაზღვრედ შემორჩენილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადარჩენა, ისე უკვე თითქმის ქალაქის მარწუხებში მოქცეული მწვანე კუნძულების დაცვა.

© ღვინისკლუბი/Weekend

ღვინის პორტრეტები. ვანო შიუკაშვილი

$
0
0

ქეთო ნინიძე

"საქართველოს ღვინის კლუბი" მკითხველს ახალ ციკლს სთავაზობს – "ღვინის პორტრეტები", სადაც  კვირაში ერთხელ გაგაცნობთ საინტერესო ადამიანებს, მათ, ვინც თანამედროვე ქართული ღვინის სახეს და სტილს ქმნიან. აქ შეხვდებით დიდი კომპანიების, მცირე თუ საოჯახო მარნების მევენახე–მეღვინეებს, სხვადასხვა თაობის პროფესიონალებს, რომელთა საქმიანობაც მაგალითი შეიძლება გახდეს ამ სფეროში საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ვანო შიუკაშვილი პირველი მეღვინეა, რომელსაც ამ რუბრიკით გაეცნობით.

ვანო შიუკაშვილი წარმოშობით კახელია, სოფელ წინანდლიდან. ის 1990 წელს დაიბადა, ესე იგი, 24 წლისაა და, თუ არ ვცდები, ყველაზე ახალგაზრდა მეღვინეა მათ შორის, ვინც დღესდღეობით ღვინის დიდ კომპანიებში წამყვან პოზიციას იკავებს. დღეს ის წარმოადგენს კორპორაცია ქინძმარაულს, რომლის მთავარი მეღვინეა, უკვე ორი წელია.

კახეთში, განსაკუთრებით კი - წინანდალში დაბადებული და აღზრდილი ადამიანისთვის ღვინო, გარკვეულწილად, იკვეთება ოჯახურ ტრადიციებთან. გარდა ამისა, ვანოს ოჯახის წევრები ღვინის სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდნენ და მისთვის ბავშვობიდან ბუნებრივი იყო გარემო, სადაც ღვინოსა და მეღვინეობაზე საუბრობენ. პირველი ანაზღაურებული შრომაც ღვინოს უკავშირდება - პატარაობაში, ზაფხულის არდადეგებზე, ხანდახან დედამისის სამსახურში მუშებს ეხმარებოდა და მცირე გასამრჯელოსაც იღებდა ხოლმე.  მაგრამ ვანოს მეღვინე არავინ ჰყოლია. ამ სფეროში მან დამოუკიდებლად გაიკვალა გზა.

როგორც ყველა წარმატებულ ამბავში, ვანოს ცხოვრებაშიც, ჩნდება დადებითი გმირი, სწორედ იმ დროს, როცა მას პროფესიის არჩევის საპასუხისმგებლო მომენტი დაუდგა. ეს გმირია გეორგ ბინდერი - გერმანიის ქალაქ ნოიშტადტის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევისა და საკონსულტაციო ცენტრის მეღვინეობის განყოფილების უფროსი, რომელიც იმხანად საქართველოს სტუმრობდა. მეღვინეობით დაინტერესებული ახალგაზრდა, მოტივირებული ბიჭის ცხოვრების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრაში გეორგ ბინდერმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ეს შემთხვევა იმ „შეხვედრათა“ რიცხვიდანაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას თავდაყირა (ან - პირიქით, ყველაფერს თავის ადგილზე) დააყენებს.  2007 წელს, მისი დახმარებით, ვანომ  ნოიშტადტის მებაღეობა-მევენახეობის ინსტისტუტში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ვანოს, რომელიც თავიდან გერმანულ ენას სათანადოდ კარგად არ ფლობდა და სწავლის პირველ პერიოდში ძალიან ბევრ სირთულესთან შებმა უწევდა, გეორგ ბინდერი ღირსეულ მეურვეობას უწევდა, ის არამხოლოდ აკადემიური წარმატების მიღწევაში, არამედ ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარებაშიც ეხმარებოდა. შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ ვანოს ჯგუფელებიც ძალიან უწყობდნენ ხელს. მათი უმეტესობა ადგილობრივ მეღვინეთა ოჯახებიდან იყვნენ და უშურველად უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. ამგვარ კონკურენტულ გარემოში ჩვენს გმირს არ გაუჭირდა წარმატების მიღწევა და სწავლის დასრულებამდე გამორჩეული იყო მაღალი აკადემიური მიღწევებით. 2010 წელს მან ინსტიტუტში სწავლა დაამთავრა მევენახე-მეღვინის კვალიფიკაციით.

გერმანიაში მან, გარდა თეორიული ცოდნისა, ღვინის სხვადასხვა საწარმოებსა და მეურნეობებში დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვა. სხვადასხვა დროს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკულ სწავლებებს გადიოდა და მუშაობდა გერმანიასა და ავსტრიაში, სახელმწიფო და კერძო საწარმოებსა და მეურნეობებში: ქალაქ ნოიშტადტის ღვინის სახელმწიფო საწარმოს მარანსა და სანერგე და საცდელ მეურნეობებში, ასევე, Schäfer-ის ღვინის ქარხანაში; ავსტრიის ქალაქ კრემსში, Aigner-ის ღვინის საწარმოში.  

2010 წელს ვანო საქართველოში დაბრუნდა და ერთდროულად შეუდგა  სწავლასა და მუშაობას. სწავლობდა საქართველოს აგრარულ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; გადიოდა პრაქტიკას კომპანია „Chateau Mukhran"-ში. დღეს კი თელავის უნივერსიტეტის მაგისტრანტია და გარდა იმისა, რომ „კორპორაცია ქინძმარაულის“ მთავარი მეღვინეა, არის გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიების წევრი.

გერმანიის მეღვინეობის ტრადიციებს, იქაური განათლების, კვლევის, წარმოებისა და კონსულტირების მაღალ სტანდარტებს ვანო შიუკაშვილი დიდ პატივს სცემს. განსაკუთრებით ის შთაგონებულია პფალცის  გამოცდილებით, რასაც უშუალოდ გაეცნო. სოფელ მუსბახს (mussbach), სადაც ის ცხოვრობდა, აღწერს, როგორც ღვინის მიკროსამყაროს, სადაც თითოეული ოჯახი ვენახითა და ღვინით ცოცხლობს, არამხოლოდ ღირებულებრივად, არამედ - პრაქტიკულადაც, შემოსავლიანობის თვალსაზრისით. იქაური გამოცდილების გათვალისწინებით, ვანო დაინტერესებულია ქართულ სოფლებში კოოპერატივების ჩამოყალიბებით, რისი განხორციელებაც, მისი აზრით, ჯერჯერობით, გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

„მეღვინეობა ცხოვრების სტილია. მხოლოდ შემდეგ არის პროფესია. აქ მთავარია  სიახლეების მუდმივი ძიება და  უშუალო მონაწილეობა ღვინის დამზადების პროცესში. შენი ხელით შექმნა კარგი ღვინო, რომელიც შენ თვითონ მოგწონს - ეს არის მეღვინის მთავარი მიზანი და ფილოსოფია“. - ამბობს ვანო შიუკაშვილი - ახალგაზრდა ქართველი მეღვინე, რომლის უახლოესი გეგმები გერმანიაში სწავლისთვის ფინანსური რესურსების მოძიებაა, ხოლო შორეული პერსპექტივები საქართველოში საკუთარი წარმოების დაწყებასთანაა დაკავშირებული. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის პორტრეტები. გოგა ხატიაშვილი

$
0
0

ქეთო ნინიძე

„ჩემი მიზანია, ქართული ღვინო შევიდეს მსოფლიოს სამეულში ფრანგული და იტალიური ღვინოების გვერდით , ამისათვის ჩვენ, ახალგაზრდა მეღვინეებს, გვაქვს საკმარისი დრო და სწორი მუშაობით რეალურად შესაძლებელია, რომ ეს ძალიან მალე მოხდეს.“ - ამბობს გოგა ხატიაშვილი. გოგა ქალაქ თელავში ცხოვრობს და ის კომპანია „შუმის“ მთავარი მეღვინეა.

იშვიათად, რომ მეღვინეებს საკუთარ საქმიანობაზე საუბარი უყვარდეთ. განსაკუთრებით - მეღვინეებს კახეთიდან. არც არის გასაკვირი, რადგან ღვინო მათთვის უკიდურესად პირადი სივრცეცაა და საკრალური თემაც, რიტუალიცა და ტაბუც.

მიუხედავად ამისა, გოგამ თავისი ბავშვობის შესახებ გვიამბო და ამ ამბის თქვენთვის გაზიარებისას თვალწინ მიდგას იტალიური ნეორეალიზმის ესთეტიკის კადრები და ყურში ჩამესმის გოგლა ლეონიძის სხეულიანი და მაღალტანინიანი ფრაზები საკუთარ ბავშვობაზე, ვენახის გემოზე და სხვა რამეებზე. ეს არის ყურძნის დაკრეფის, წვენის დაწურვისა და ღვინის დაყენების ამბავი, პატარა ვენახიდან და საოჯახო მარნიდან - ღვინის დიდ საწარმომდე; ბიჭობიდან - მოწიფულობამდე. და ამ სქემაში, რომელიც მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მეორდება, გოგა ჯერ ყმაწვილის როლშია, მერე - მამის ამპლუაში.

ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ის სულიერი მდგომარეობა, როდესაც იდეა, საქმე, ღირებულებები უპირატესია პირობით და ცვლად გარემოებებზე - სტატუსი, სოციალური და კულტურული კონტექსტი, ასაკი და მისთ. იმიტომ, რომ ასეთ დროს ადამიანი დინების პასიური თანამგზავრი კი არ არის, არამედ - თავად მდინარეა, რომელიც ახალი კალაპოტის გაყვანას ცდილობს. ასე მოხდა ამ შემთხვევაში, როცა 2003 წელს გოგა ხატიაშვილი „შუმის“ საწარმოს კარს მიადგა და დირექტორს, ბატონ ჯუმბერ ბატიაშვილს ქარხანაში მუშად მიღება სთხოვა, ცხადია, ანაზღაურების გარეშე. და სწორედ ამ პირდაპირი და გულწრფელი ნაბიჯით დაიწყო მისი მეღვინეობის ისტორია.

მალევე აიყვანეს ქარხანაში. 2003-04 წლებში ის ლაბორანტის პოზიციაზე ასრულებდა თავის მოვალეობას, 2005 წლიდან - მეღვინე-ტექნოლოგის, 2011-დან კი - მთავარი მეღვინე-ტექნოლოგის ფუნქციას. არ უნდა გამომრჩეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ 2007 წლიდან დღემდე გოგა ხატიაშვილი ღვინისა და ცქრიალა ღვინოების ოფიციალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი, ექსპერტ-დეგუსტატორია.

გოგა ხატიაშვილის, საბუნებისმეტყველო განათლების მქონე მეღვინესთვის, საქმიანობის მთავარი პრინციპია დროის სწორი მართვა, რაც, როგორც ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, მისი მასწავლებლისგან, კომპანია „შუმის“ მთავარი მეღვინის, გენადი (ბიჭიკო) ქუმსიაშვილისგან მიიღო. ეს ხერხი ეხმარება მას, მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგის მიღწევაში, განსაკუთრებით, რთველის პერიოდში.

გოგა ხატიაშვილი თვლის, რომ საქართველოს აქვს ყველა პირობა (კლიმატი, ნიადაგი, ვაზის უნიკალური ჯიშები) იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყოს ღვინის ხარისხითა და მრავალფეროვნებით. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ და აღვადგინოთ მივიწყებული აბორიგენული ჯიშები, მასობრივად გავაშენოთ ვენახები და ღვინის მრავალათასწლოვანი კულტურით სიამაყე ნამდვილი საქმეებით ჩავანაცვლოთ.

თითოეული მეღვინის, როგორც პროფესიონალის, ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მათ მასწავლებლებს, კონსულტანტებს, კოლეგებს, რომლებთან ურთიერთობაში ისინი იზრდებიან და თავიანთ პროფესიულ დამოკიდებულებებსა და მიდგომებს აყალიბებენ. ასეთები იყვნენ გოგას ცხოვრებაში კომპანია „შუმის“ მთავარი მეღვინე - გენადი ქუმსიაშვილი და ფრანგი მეღვინე - ჟან-მიშელ ფერნანდი, რომელთან საქმიანი ურთიერთობისას მეღვინეობის ევროპულ გამოცდილებას ეზიარა.

გამოცდილების უშურველად გაზიარება მისთვისაც მთავარ ღირებულებად რჩება. დღეს გოგა არაერთ დამწყებ კომპანიასა და მცირე მარანს უწევს უფასო კონსულტაციებს და, რაც ყველაზე მთავარია, აპირებს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გადასცეს თავის სამ ვაჟს, თუ, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ისინი მეღვინეობით დაინტერესდებიან.